გია ცეცაძე: რაც ჰოლანდიაში ვნახე, აქამდე არ ვიცოდი...

AutoSharing Option
მეორე წრისთვის გუნდების უმრავლესობა გაძლიერდა. ახლა ყველა ცდილობს, გარდამავალ ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდეს. იშვიათი გამონაკლისი იყო "სამტრედია", რომლის შემადგენლობაშიც სატრანსფერო "ფანჯრის" პერიოდში ცვლილება თითქმის არ მომხდარა. ამის მიუხედავად, გია ცეცაძის გაწვრთნილებმა მეორე წრეში გამართულ 4 ტურში მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ, დანარჩენები მოიგეს და სამეულში აღზევდნენ.

"სამტრედიას" თამაშიდან გამომდინარე, ეს ლოგიკური შედეგია. გია ცეცაძე საკუთარ პრინციპებს არ ღალტობს - გუნდი შეათამაშა და ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნიდნენ, მისი ხელმძღვანელობით საკმაოდ გამართულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ. ადრე თუ ცეცაძისგან
ეს უკვირდათ, ახლა ფაქტია, რომ ის საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია.

"ლელომ" მასთან საინტერესო თემებზე ილაპარაკა...

- მეორე წრის პირველი ტურის მატჩზე გუნდთან ერთად არ ბრძანდებოდით. როგორც შევიტყვეთ, არნემის "ვიტესში" სტაჟირებაზე ყოფილხართ...
- დიახ, ჰოლანდიაში ვიყავი, რადგან სტაჟირება უეფას პრო-ლიცენზიის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა. მანამდე, თეორიული გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მუშაობის გამო სტაჟირება ვერ მოვახერხე. სხვათა შორის, გაიოზ და ვაკო დარსაძეები დაინტერესებულები იყვნენ, რომ რომელიმე ევროპულ გრანდში წავსულიყავი.

იყო მოლაპარაკება მადრიდის "რეალთან", მაგრამ ყველაფერი კარლო ანჩელოტის წასვლამ ჩაშალა. ასევე არ გამოვიდა მივლინება მადრიდის "ატლეტიკოში"...

მაგრამ "ვიტესში" გატარებულ 9 დღეს მაინც სიამოვნებით ვიხსენებ, რადგან ორ თამაშს დავესწარი და მათი ანალიზი გავაკეთე, ვაკვირდებოდი გუნდის მზადებას, გავეცანი არნემელთა ასაკობრივ გუნდებში მუშაობას, ინფრასტრუქტურას, მენეჯმენტს... მოკლედ, ბევრი საინტერესო რამ ვნახე და გავიგე.

- ისეთი რამ თუ ნახეთ, რაც თქვენთვის სიახლე იყო?
- ასე ვერ ვიტყვი, რადგან დღეს განსაკუთრებული სამწვრთნელო სიახლით ვერავინ გაგაოცებს. თუმცა ერთი დეტალით გაკვირვებული ნამდვილად დავრჩი - ნახევარმცველებს მოთხილამურეების სათვალეებით ავარჯიშებდნენ.

როგორც ამიხსნეს, ეს სათვალეები საგანგებოდ ფეხბურთელებისთვის ყოფილა დამზადებული, თვალების ერთგვარი ტრენაჟორებია და მხედველობით რეაქციას აუმჯობესებს. ასეთი რამ პირველად ვნახე...

ჰოლანდიიდან კმაყოფილი იმიტომაც ჩამოვედი, რომ დავრწმუნდი - "ვიტესის" ქართველები უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ღირსეული დესპანები არიან. საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და თავად აღიქვათ, რამხელა სიყვარულით ექცევიან ქუჩაში ბიჭებს უბრალო ადამიანები და რა თბილად ელაპარაკებიან. კაშიაზე ხომ საერთოდ ჭკუას კარგავენ - გუნდის ლოკომოტივია, ნამდვილი ლიდერი...

- "სამტრედიაზე" ვილაპარაკოთ. შემადგენლობის მხრივ დიდად არ გაძლიერებულხართ, მაგრამ მეორე წრეში მხოლოდ ერთი ქულა დაკარგეთ და უკვე მე-3 ადგილზე დაწინაურდით. ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო...
- ნამდვილად კარგი სტარტი გვაქვს, რაც იმის შედეგია, რომ გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა და ბიჭები საქმეს პროფესიულად უდგებიან. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს და აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მთავარი ბრძოლები წინაა.

- "სამტრედიას" შემადგენლობას რომ გადავხედოთ, მოთამაშეთა უმრავლესობა ან დაწუნებული იყო ან ახალგაზრდული ასაკის გამო არ ენდობოდნენ. არადა, ეს ბიჭები დღეს "სამტრედიას" დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ და საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ...
- გეთანხმებით, ჩვენს ბევრ მოთამაშეს არ ენდობოდნენ. მაგრამ "სამტრედიაში" ისეთ დროს მივედი, როცა გუნდში ფეხბურთელი ლამის აღარ იყო დარჩენილი. მე კი ის ბიჭები მივიყვანე, რომელთაც სპორტული კუთხითაც ვენდობოდი და პიროვნულადაც. ამ ეტაპზე, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ, საქმისადმი მათი დამოკიდებულება მომწონს და ეს პროფესიონალიზმის მაგალითად სხვებსაც გამოადგებათ. ამ მხრივ, ჩემი გუნდი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. სხვათა შორის, ვამჩნევ, რომ შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციაც გაიზარდა და ეს თითოეულ ფეხბურთელზე დადებითად მოქმედებს.

- დიდი კონკურენციაა სამეულში მოსახვედრადაც. გუნდში ხედავთ ისეთ რესურსს, რომ "სიონის", "ცხინვალის", "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" კონკურენციას გაუძლოთ?
- დიახ, ნამდვილად ვხედავ და ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ახლა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებში ვართ. მაგრამ მეორე მხარეა - ამ დონით საპრიზო სამეულში რომ მოვხვდეთ და ევროპის ლიგაზე გავიდეთ, იქ სათამაშოდ მზად თუ ვართ და საშუალო ევროპული დონის გუნდთან ბრძოლას თუ შევძლებთ?

ჩემთვის მთავარი ესაა - ევროპაში რას ვიზამთ, მოვახერხებთ სამტრედიელი და, ზოგადად, ქართველი გულშემატკივრების გახარებას? თორემ საქართველოს ჩემპიონატში წარმატების მიღწევა საზომად არ გამოდგება. ამ კუთხით, ჯერ გუნდით უკმაყოფილო ვარ და მიმასჩნია, რომ სასურველ ფეხბურთს დღემდე ვერ ვთამაშობთ. სამუშაო ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს.

თუმცა ჩვენს ბიჭებში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, მათ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

- ასეთი გუნდის ჩამოსაყალიბებლად დიდი შრომა დაგჭირდებათ და, ზოგადად, ეროვნული ჩემპიონატის დონემაც ხელი უნდა შეგიწყოთ...
- გეთანხმებით. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ სეზონის დასაწყისში გუნდი რომ ჩავიბარეთ, სამეულში მოხვედრა ჩვენი გადაუდებელი ამოცანა არც ყოფილა. იყო ლაპარაკი, რომ ძლიერი გუნდის საფუძვლები ჩაგვეყარა და საწყის ეტაპზე ხუთეულში მოხვედრილიყავით. იმედია, ეს არ გაგვიჭირდება. ახლა საქმე კარგად წავიდა და სამეულში ვართ. და თუ ყველაფერი ისე აეწყო, რომ დაგეგმილზე მაღალ ადგილს დავიკავებთ, მთლად კარგი.

ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ, მე ყოველთვის მაქვს ამბიცია, რომ ჩემმა გუნდმა მოიგოს. თუმცა, ვიმეორებ - ჩვენ გვინდა, რომ ჯერ გუნდი ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს და ევროპელებთან თამაშებს მომზადებულები შევხვდეთ. სპონტანური არაფერი ვარგა, რადგან მერე გავდივართ ევროპაში და სირცხვილს ვჭამთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გია ცეცაძეს:
კარგია რომ წაიკითხე კომენტარები და მიძინებულებს დავალება მიეცი გაცოცხლდნენ,სასიხარულოა რომ სიხარულიძე და რაჟამაშვილი კარგად ათამაშდნენ მეორე ნახევარში და გამარჯვებაც წამოვიღეთ მარტვილიდან.
ახლა ჯიქიას მიხედე, ეგ ბავშვი გააცოცხლე და გაარკვიე სად არის მისი ადგილი, ძირითადში, შეცველებზე თუ დუბლებში. პოტენციალი უნდა ჰქონდეს, ეგაა რომ ხელის წაკვრა უნდა და შეფუცხუნება.
რაც შეეხება დაცვას, ის ისევ აქილევსის ქუსლია შენი მწვრთნელობის, არა ფეხბურთელებშია იმდენად საქმე,რამდენადაც შენ ვერ გამოგდის დაცვის ორგანიზება,მიაქციე ყურადღება თუ გინდა ვიცე ჩემპიონობა.
jango
17:11 13-03-2016
0
ხვალ მარტვილსჰი ზალიან დაცხება...მტელი ქალაქი მარტვილსჰი ვარტ...
alex alfaidze
19:35 12-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული