გია ჭიაბრიშვილი: ეს ამბავი შეკრების შემდეგ გადაწყდა...

AutoSharing Option
გია ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელად 2013 წლიდან მუშაობდა და წარმატებითაც. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული კლუბის პირველიდან უმაღლეს ლიგაში აღზევება. მაგრამ თებერვალში ჭიაბრიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თანაშემწედ მიიწვია და ცნობილი გახდა, რომ სამწვრთნელო კარიერას მხოლოდ ამ ფრონტზე გააგრძელებდა.

საბოლოოდ, ეს ამბავი 7 მარტის შემდეგ გადაწყდა, როცა ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურში "საბურთალომ" სარეკორდო ანგარიშით, 2:8 წააგო "სამტრედიასთან". თუმცა "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორის, კახა კაშიას თქმით, კლუბმა ახალი მწვრთნელის ძიება ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო:

"გია ჭიაბრიშვილი ჩვენთან მანამდე უნდა დარჩენილიყო, სანამ ახალ
მთავარ მწვრთნელთან, პაბლო მარტინისთან თანამშრომლობის დეტალებს შევათანხმებდით. უბრალოდ, მისი წასვლა ამ წარუმატებელ სერიას დაემთხვა, თორემ, უპირველესად, მას არ სურდა ორ ადგილზე მუშაობა, რადგან შეთავსების პირობებში სრულფასოვნად ვერც ნაკრებზე იქნებოდა კონცენტრირებული და ვერც - "საბურთალოზე".

მაგრამ რაც ამ კაცმა ჩვენს კლუბში იმუშავა და რა წარმატებებსაც მიაღწია, ამას ვერავინ დაუკარგავს. ამ ყველაფრისთვის მას მადლობას ვუხდით და ნაკრებშიც წარმატებებს ვუსურვებთ".

"ლელო" "საბურთალოს" აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს დაელაპარაკა:

- "საბურთალო" ახალგაზრდული გუნდია და ჩავარდნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ პირველ წრეში ნაჩვენები მშვენიერი ფეხბურთის შემდეგ, ბოლო სამ შეხვედრაში გაშვებული 17 გოლი მაინც წარმოუდგენელი ამბავია. რა სჭირდა გუნდს?
- წლეულს ჩვენი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და სულ ვამბობდი, რომ ახალგაზრდულ გუნდს უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებოდა. გამოუცდელობისა და მოთამაშეთა ასაკის გათვალისიწინებით, ეს ჩავარდნაც მოსალოდნელი იყო. არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო - "ცხინვალთან" მოსაგები მატჩი გვქონდა და მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ "ჩიხურასა" და "დინამოსთან" დიდი ანგარიშებით წაგებებმა მოთამაშეები დიდ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩააგდო.

"საბურთალოს" დიდი პოტენციალის მქონე გუნდი ჰყავს, მაგრამ ამ ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევა გვჭირდებოდა.

სამწუხაროდ, არ მოიძებნა ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ასეთი ანგარიშებით წაგებული მატჩების შემდეგ გუნდს აიყოლიებდა და მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანდა. მაგრამ მჯერა, მალე ასეც მოხდება - გუნდი ისევ ითამაშებს ლამაზ ფეხბურთს.

- ოფიციალური ვერსიით, კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვეთ...
- დიახ, ასეა. "საბურთალოს" თურქული შეკრების დროს გადაწყდა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტად გადავიდოდი. ორი პოსტის შეთავსება არც გამოდიოდა და არც შეიძლებოდა - კლუბსაც ასე სურდა და ფედერაციასაც, რომ ნაკრების მწვრთნელი კლუბში არ ყოფილიყო დასაქმებული.

"საბურთალოს" ხელმძღვანელობა დათანხმდა, რომ ნაკრებში გადავსულიყავი და წინასწარ ვიცოდი, რომ სხვა მწვრთნელი მოვიდოდა. მაგრამ ბოლო ოთხ ტურში გუნდს მაინც მე ვხელმძღვანელობდი, რადგან ეს დრო ახალი მთავარი მწვრთნელის შესარჩევად დასჭირდათ. ასე რომ, ესპანელი სპეციალისტის დანიშვნა "სამტრედიასთან" წაგების შემდეგ სასწრაფო რეჟიმში არ გადაწყვეტილა. სხვათა შორის, პაბლო მარტინი მანოლო იეროს სამტრედიაშიც ახლდა და გუნდს აკვირდებოდა.

- მაგრამ წაგებამ პროცესი დააჩქარა?
- არა, უბრალოდ, ყველაფერი ასე დაემთხვა. თავად ვარ ამ პროცესის მონაწილე და გეუბნებით, რა და როგორ მოხდა. პოსტზე რომ ვრჩებოდი, ეს კლუბის კეთილი ნება იყო.

დიდი იმედი მაქვს, რომ პაბლო მარტინის დანიშვნის შემდეგ გუნდი მდგომარეობას გამოასწორებს. ის მაღალი დონის პროფესიონალია, ბოლოს და ბოლოს, ესპანეთის ლა ლიგაში უმუშავია და მჯერა, თავის ცოდნასა და გამოცდილებას გუნდს მოახმარს. თავიდანვე მსურდა, რომ მარტინის "საბურთალო" ახლავე ჩაებარებინა, რადგან გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ვითარებაში გაერკვევა და დროულად განსაზღვრავს, გუნდს გაძლიერება რომელ პოზიციაზე სჭირდება.

- ანუ, "საბურთალო" გაძლიერებას ესპანელი ფეხბურთელებით აპირებს?
- მათ სამოქმედო გეგმას არ ვიცნობ. პირველ წრეში საკმაოდ ბევრი ქულა დავაგროვეთ და ფიქრებშიც ვერ დავუშვებ, რომ გუნდმა უმაღლესი ლიგა დატოვოს. მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ თამაშები რომ წააგეთ, გამოჩნდა, რომ გარდამავალ ჩემპიონატში ასეთი შემადგენლობით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდება.

ახალი რეალობა "საბურთალოსგან" გაძლიერებას მოითხოვს და ასეც იქნება. მე მსურს "საბურთალოს", მანოლო იეროსა და ახალ სამწვრთნელო შტაბს წარმატება ვუსურვო, რადგან ეს ჩემთვის რიგითი კლუბი არასოდეს იქნება და ყოველთვის მას ვუგულშემატკივრებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული