პრეზენტაცია: სახელმწიფომ ნაბიჯი გადმოდგა, ახლა ბიზნესის ჯერია...

AutoSharing Option
გუშინ, 18 თებერვალს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. რადგან ამ პროგრამის შესახებ ვრცლად უკვე დავწერეთ, დღეს მხოლოდ სხვა დეტალებს და კომენტარებს შევეხებით...

პრეზენტაციას სპორტული და საფეხბურთო საზოგადოების, ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელსაც ზაზა დოლიძე უხელმძღვანელებს, მუშაობას თებერვლის ბოლოდან შეუდგება.

"ფეხბურთის განვითარების პროგრამის ძირითად მიმართულებებზე მე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, გაპრეზიდენტების შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა არსებული მდგომარეობა დეტალურად
შეისწავლა და სწორი ანალიზი შეძლო, როგორც ფინანსური, ასევე - სიტუაციური. ამან საშუალება მოგვცა, პროგრამა სრულყოფილი გამხდარიყო და ყველა მიმართულებით კონკრეტული პროექტები შეგვემუშავებინა.

ეს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი იყო, მაგრამ ამ ლოდინად ნამდვილად ღირდა. მადლობა ჩვენს გუნდს ამ მუშაობისთვის! მხარდაჭერისთვის კი მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსი. განსაკუთრებული მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობა ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ რეფორმებში ძალიან მნიშვნელოვანია.

ამაყი ვარ ამ ცვლილებებით და გულშემატკივრების მხარდაჭერის დიდი იმედიც მაქვს", - თქვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

საინტერესო აქცენტი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, რომელმაც ფეხბურთის მასობრიობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

"სამივე ბუნდესლიგაში გერმანიაში რეგისტრირებული ფეხბურთელების საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,1 პროცენტი თამაშობს. 4,9 პროცენტია რეგიონული ლიგებისა და გოგონების გუნდებში, ხოლო 95 პროცენტი - მასობრივ ფეხბურთში.

არადა, სწორედ მასობრიობა განაპირობებს ფეხბურთის დონესა და ხარისხს. ამიტომაც მიგვაჩნია აუცილებლად, ეს სახეობა საქართველოში რაც შეიძლება მასობრივი გახდეს".

მან დარბაზში მყოფ ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა:

"პროგრამის მხარდაჭერით სახელმწიფომ ფეხბურთისადმი კეთილი ნება გამოხატა. ახლა ბიზნესის ნაბიჯის დროა და იმედია, გვერდში დაგვიდგებით. მჯერა, ასეც მოხდება და წინასწარ მადლობას მოგახსენებთ".

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი კლუბების წარმომადგენელთა საყურადღებოდ თქვა:

"შესაძლოა, პირველ ეტაპზე, ზოგიერთმა კლუბმა საბაზისოდ უფრო ნაკლები თანხა მიიღოს, ვიდრე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჰქონდათ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი უფრო მეტს მოიგებენ, რადგან სახელმწიფოსგან გარანტირებული აქვთ თანადგომა და სტაბილური დაფინანსება, წარმატებულები კი ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხებით შეივსებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მწვრთნელების ანაზღაურება შედეგის მიხედვით ქართული ფეხბურთის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა! წარმატებები!!!!
გუჯა კახაძე
11:07 19-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული