უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინათქმა: გადაფორმატება

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციამ მართლაც რომ რევოლუციური ცვლილებების თაობაზე გამოაცხადა, ფაქტია, თითოეული გუნდისთვის ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მართალია, ჩემპიონობის ბედი დიდწილად გადაწყვეტილია, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა იქნება ევროსაგზურებზე გამსვლელი და უმაღლეს ლიგაში დასარჩენი ადგილებისთვის...

19.02. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 14:00
საპოვნელა-დინამო (თბ)
პირველი წრე 0:4
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ქათამაძე (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
6: +1 =0 -5, 6:23
არბიტრი: ჯ. ხორავა

მართალია, საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი ახალი მწვრთნელითა
და ფეხბურთელებით წყვილის უდავო ფავორიტად ითვლება, მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით, რომ იურაი იარაბეკსა და მის გუნდს ზესტაფონში, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება ფეხბურთი, იოლი გასეირნება არ ელის.

"დინამომ" შეიმატა ალეკო ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ნიკა გელაშვილი და მიკელ ალვარო.

რაც შეეხება "საპოვნელას", ამ გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი მივიდა. მაგალითად, ყოფილი დინამოელები - დავით ოდიკაძე, ჯაბა დვალი, ალეკო კოშკაძე და სხვები.

მოკლედ, საინტერესო დაპირისპირების მოლოდინში ვართ.

19.02. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 14:00
სიონი-გურია
პირველი წრე 1:1
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე გოგობერიშვილი (სიონი) - დმიტრო ზოზულია, ირაკლი კვეკვესკირი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
21: +11 =7 -3, 33:17
არბიტრი: ბ. ნინუა

წესით, ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. "სიონი" შეკრებაზე თურქეთში იყო. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა სულ ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები დაიმატა. მათგან უნდა გამოვარჩიოთ ექსცხინვალელი აკაკი შულაია და მოლდოვური "საქსანის" ყოფილი ნახევარმცველი ირაკლი გოგინაშვილი.

რაც შეეხება ვიქტორ დემიდოვის გაწვრთნილ "გურიას", ამ გუნდის შემადგენლობაში არაერთი ლეგიონერია. რომელი ქვეყნის ფეხბურთელს აღარ შეხვდებით "გურიაში". ეგ არის, ახალ გუნდს შეთამაშებისთვის დრო დასჭირდება.

19.02 სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
კოლხეთი-დილა
პირველი წრე 0:2
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი, გაგა სამხარაძე, გივი ქარქუზაშვილი, ოთარ მარცვალაძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
45: +19 =6 -20, 54:48
არბიტრი: ზ. მენთეშაშვილი

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ყველანაირად შეეცდება, წარმატებით ითამაშოს ფოთში, რათა კიდევ უფრო არ გაეზარდოს ჩამორჩენა პირველობის ლიდერ თბილისის "დინამოსთან".

გორელებს ლამის ნახევარი გუნდი დააკლდებათ დისკვალიფიკაციის გამო. გარდა ამისა, "დილადან" წავიდნენ გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ილურიძე და გოგიტა გოგუა. უკრაინელ მეკარე ოლექსეი შევჩენკოს კი უზბეკი ალიშერ აჰმედოვი შეცვლის.

19.02.ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 14:00
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 0:5
დისკვალიფიკაცია: დიმიტრი თუთბერიძე, ლევან წურწუმია, გიორგი ბულია, ნიკა ლაშხია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
8: +4 =0 -4, 9:15
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

"ზუგდიდისთვის" ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. იური ბაკალოვის გუნდი გააფთრებით იბრძვის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

რაც შეეხება "ბათუმს", ამ გუნდის მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა.

ზუგდიდელები სეზონის განახლებისთვის კარგად მოემზადნენ. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი უკრაინულ ფეხბურთში ცნობილი კაცია და მას არაერთი სეზონი გაუტარებია ამ ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

რა თქმა უნდა, გაძლიერებულია ბათუმის "დინამოც". გუნდის რიგები შეავსეს ბალკანელმა ლეგიონერებმა - თავდამსხმელმა ნიკოლა კომაზეცმა და მცველმა მარკო მიხაილოვიჩმა. შოთა ჭეიშვილის გუნდს აღარც ის ტრავმები აწუხებს, რამაც სეზონის პირველ ნახევარში აჭარულ გუნდს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცა.

19.02. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა-სამტრედია
პირველი წრე 0:2
ურთიერთშეხვედრები
6: +1 =0 -5, 5:13
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

"შუქურას" შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ითამაშებს გუნდი ლიდერისა და ბომბარდირის, გიორგი ჩელებაძის გარეშე, რომელმაც გორის "დილაში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.

რაც შეეხება "სამტრედიას", გია ცეცაძემ მოახერხა შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. პლუს ამას, იმერლებმა ორი გამოცდილი ფეხბურთელიც დაიმატეს - მეკარე ომარ მიგინეიშვილი და შემტევი დავით ჩაგელიშვილი.

19.02. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
მერანი-ტორპედო
პირველი წრე 0:4
დისკვალიფიკაცია: ანრი ჭიჭინაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
14: +4 =2 -8, 13:27
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

თუ ამ ზამთარს რომელიმე გუნდი გაძლიერდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი მარტვილის "მერანია". აქ არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი მივიდა. მათ შორის, განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ თავდამსხმელები - ბესიკ ჩიმაკაძე და ნიკა საბანაძე.

"ტორპედოზე" კი ვიტყვით, რომ მეორე წრიდან ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ როინ კვასხვაძე, ვანო წილოსანი, ბექა ტუღუში და ვახტანგ კვარაცხელია.

ეჭვი არ არის, ალექსანდრ შტელინის გუნდი ყველანაირად ეცდება სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას.

19.02. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
საბურთალო-ცხინვალი
პირველი წრე 2:1
დისკვალიფიკაცია: ბიძინა მახარობლიძე, ლევან კაკუბავა (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
1: +1 =0 -1, 2:1
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

ძალიან დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ. კახა კაჭარავას "ცხინვალი" მესამე ადგილზეა, ხოლო რაც შეეხება კიდევ უფრო გაახალგაზრდავებულ "საბურთალოს", ამბიციების ნაკლებობას არც გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილები უჩივიან.

საინტერესოა, რომ "საბურთალომ" ახლახან გადაიბირა "ცხინვალიდან" ნიჭიერი შემტევი რატი ცაცკრიალაშვილი.

19.02. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-ჩიხურა
პირველი წრე 0:1
დისკვალიფიკაცია: გიორგი დიასამიძე, დემურ ჩიხლაძე (ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
4: +0 =2 -2, 1:3
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ჟერარდ სარაგოსა მულეტის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" ესპანეთში ნაყოფიერი შეკრება გაიარა. თბილისელებმა არაერთი კარგი ფეხბურთელით შეავსეს შემადგენლობა.

ამათგან უნდა გამოვარჩიოთ მშობლიურ გუნდში დაბრუნებულები - ნიკა ჭანტურია (თბილისის "დინამოდან") და ლუკა კიკაბიძე (ფრანგული "ბასტიადან"), ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე.

რაც შეეხება "ჩიხურას", სოსო ფრუიძის კრებულმა, ისევე, როგორც "სამტრედიამ", მოახერხა ბირთვის შენარჩუნება და თან უცხოური შეკრებაც გაიარა. ასე რომ, "ჩიხურა" ანგარიშგასაწევ და კარგად შეთამაშებულ გუნდად რჩება.

ბომბარდირები:
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"