"მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი გოლი უნდა გავიტანოთ!.."

AutoSharing Option
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა გაიმართა. მიუხედავად დევნილობისა, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე იმ რეგიონული ფედერაციების თავკაცები, რომლებიც საკუთარ რეგიონებსა და ქალაქებში საქმიანობენ. ყრილობაზე ისეთ თემებზე ილაპარაკეს, ვფიქრობ, ღირს მისი დეტალების გამხელა.

ყრილობაზე არც ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეუცვლიათ და არც სკანდალი მომხდარა, მაგრამ უამრავი ხალხი ესწრებოდა და აშკარა იყო, რომ ამ კუთხის შვილებს ფეხბურთი უზომოდ უყვართ და მის მომავალზე ფიქრობენ.

ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში ცვლილება შეიტანეს. "გაგრას" პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ კი აღმასკომის წევრობაზე უარი
თქვა, რადგან ის სფფ-ის აღმასკომში აირჩიეს, უკრაინაში საქმიანობს და ამდენს ერთად ვეღარ გავწვდებიო. მის ნაცვლად კი ადგილი "გაგრას" წარმომადგენელმა ალექსანდრე მეტრეველმა დაიკავა...

გვინდა სტადიონები და ბაზები!
"ბესიკ ჩიხრაძე კლუბს იმიტომ ინახავს, რომ ქართულ საქმეს აკეთებს. ახლა სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება და იმედია, დოტაციაზე მყოფ კლუბებთან ერთად, სტადიონებსა და ბაზებს კერძო კლუბებსაც აუშენებენ", - ამბობს ალექსანდრე მეტრეველი.

სოხუმის "ცხუმის" პრეზიდენტმა ალექსანდრე წულაიამ თავისი სატკივარი გაამხილა: "ქართული ფეხბურთისთვის 265 მილიონი ლარის დამტკიცების გადაწყვეტილება, ეს არის ისტორიული შანსი. პრობლემა კი მართლაც ბევრია.

მიუღებელია არა მხოლოდ მწვრთნელთა დაბალი კვალიფიკაცია, არამედ მენეჯმენტის დონეც. გარდა ამისა, არ გვყოფნის სტადიონები, ბაზები და ამიტომაცაა II ლიგაში საშინელი დონე და სამწუხაროდ, ეს ლიგა ვეღარც "ვარსკვლავების ფაბრიკად" იქცა. არადა, სწორედ ეს ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ პრობლემებს მოვაგვარებთ. ახლახან ამის იმედი გაგვიჩნდა. მერიაში სტადიონისა და ბაზისთვის მიწის გადმოცემას შეგვპირდნენ და მჯერა, ეს პროცესი მალე დასრულდება".

იდეა რეგიონული ფედერაციებისთვის
საინტერესო ინიციატივით გამოვიდა მწვრთნელთა განათლების კურსების (C ლიცენზია) ჯგუფის წევრი ავთანდილ შენგელია, რომელიც, ამავე დროს, საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოს" მწვრთნელიცაა.

მისი იდეა საჯარო სკოლების საფეხბურთო მეურნეობაში ჩართვასა და საფეხბურთო სკოლების მუშაობის გარდაქმნას ეხებოდა:

"დიდი ხანია, რაც საქართველოში "სახალისო ფეხბურთის" პროგრამა ხორციელდება. ჩემი იდეაა, რომ საჯარო სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლებმა გაიარონ სემინარები, მწვრთნელთა D ლიცენზია მიიღონ და სკოლებში ფეხბურთის გაკვეთილები ჩაატარონ. მერწმუნეთ, ასე ბევრ ტალანტს აღმოვაჩენთ.

სასურველი იქნება, რომ საფეხბურთო სკოლები კლუბებზე "მივაბათ" - ასე სკოლა უფრო მიზანმიმართულად იმუშავებს. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან მუშაობა ღირს".

შენგელიას მეორე მოსაზრება რეგიონულ ფედერაციებს ეხებოდა:

"ყველა ვთანხმდებით, რომ რეგიონული ფედერაციების მუშაობა გასაუმჯობესებელია. შეჯიბრებების ჩატარებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, საქმიანობის არეალი გავზარდოთ და ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ვიფიქროთ.

მაგალითად, შარშან ბავარიის ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო რეგიონული ფედერაციის პრიზი მიიღო. იკითხავთ, ალბათ, რა კრიტერიუმითო? ბოლო წლებში, გერმანიაში შობადობა შემცირდა და, შესაბამისად, ფეხბურთზე ბავშვების რაოდენობამაც იკლო. ბავარიელებს შრომა იმიტომ დაუფასეს, რომ ამის მიუხედავად, საფეხბურთო სკოლებში ბავშვების რაოდენობა შეინარჩუნეს.

კარგი იქნება, თუ ჩვენი ფეხბურთის ფედერაციაც რეგიონულ ორგანიზაციებს შორის კონკურენციას შექმნის - ვინც მეტი ბავშვის მიზიდვას მოახერხებს და ფეხბურთის მასობრიობას შეუწყობს ხელს, მეტადაც დააფინანსოს. ამით სხვებს უკეთესი მუშაობის სტიმული გაუჩნდებათ".

მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიაც დაეთანხმა:

"სიახლე აუცილებელია, რომ რეგიონული ფედერაციის მუშაობა გაუმჯობესდეს. იმიტომაც მომწონს სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობა, რომ მათ თანამედროვე მენეჯმენტის და სიახლეების დანერგვა სურთ. 21-ე საუკუნე ახალ მიდგომებს საჭიროებს".

პროგრამის დეტალები
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საინტერესო ამბავი გაამხილა:

"მე ვარ პასუხისმგებელი რეგიონებზე, ნაკრებებსა და სამედიცინო სფეროზე. შეიქმნა რეგიონებში ფეხბურთის განვითარების სამსახური, რომელსაც გოჩა თამაზაშვილი ხელმძღვანელობს. რამდენიმე დღეში ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია შედგება. მე მის რამდენიმე დეტალს გაგიმხელთ.

შეიქმნა ერთიანი ფონდი, რომლის მიზანია, რომ ნელ-ნელა კლუბები კერძო ინვესტორის ხელში გადავიდნენ. აქამდე ფეხბურთში სახელმწიფოს ფული სწორად არ იხარჯებოდა და ამით ფეხბურთი ზარალდებოდა. რეგიონებში ფეხბურთი გამგებლების ნებაზე იყო დამოკიდებული. კლუბები მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავდნენ და დოტაციის გარდა, ფაქტობრივად, შემოსავლის სხვა წყარო არც გააჩნდათ.

ახლა კი ისეთი სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ იქნება არა გამგებლების შეჯიბრება, არამედ - მენეჯერების. მთავარია, უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებს მინიმუმ 5 წლით ექნებათ გარანტირებული დაფინანსება, რაც მათი წინსვლის წინაპირობა გახდება.

ვინც დამატებით სახსრებს მიიზიდავს, ერთიანი ფონდიდან ერთი იმდენი კიდევ მიეცემა, კიდევ მეტი სპონსორის მოზიდვის სტიმული რომ მიეცეს. ფეხბურთს კი ის მენეჯერები შემორჩებიან, რომლებიც საქმეს უკეთ გააკეთებენ.

5 წლის შემდეგ კლუბები სახელმწიფოს კისერზე დღევანდელივით ჩამოკიდებულები აღარ უნდა იყვნენ".

მან ბავშვთა ფეხბურთისა და რეგიონული ფედერაციების დახმარებაზეც ილაპარაკა:

"საფეხბურთო სკოლები იქნებიან სუფსიდიებზე. ისინი იმის მიხედვით დაფინანსდებიან, რა კატეგორიაც მიენიჭებათ. ამით მეტი ბავშვი გაიზრდება და ნაბიჯ-ნაბიჯ მასობრიობის პრობლემაც მოიხსნება.

რაც შეეხება რეგიონებს: თანხას ვერ დავაკონკრეტებთ, მაგრამ ეს ორგანიზაციებიც დაფინანსდებიან".

ჭუმბურიძემ საქართველოს ჩემპიონატის რეფორმირების სურვილიც გაამხილა:

"არსებული ფორმატი ვერ ამართლებს. ხალხის სტადიონზე მოსაზიდად რეორგანიზაცია მართლაც იგეგმება. მჯერა, ქართული ფეხბურთის განვითარება შორეული პერსპექტივა არ არის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა მთავრობამ მაგარი პასი მოგვცა, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, გოლი გავიტანოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული