"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" თბილისური შეკრება "სამტრედიასთან" მატჩით დაასრულა - 1:1. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა "გურიის" ახალწვეულმა მეკარემ, 24 წლის ანდრეი პოლტავცევმა (სიმაღლე 191 სმ), რომელმაც რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი. "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გაოცებული იყო - ეს ბიჭი ნაღდი მეკარეა, ასეთს ქუჩაში ვერ ნახავთო...

წავიდნენ
თბილისური შეკრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გუნდში რამდენი უცხოელი დარჩა. მატჩამდე გადაწყდა, რომ "გურია" 24 წლის არტაკ ალექსანიანს ვერ დაიმატებდა. სომხეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველისთვის წლეულს ეს მესამე კლუბი იქნებოდა და საქართველოს დატოვება მოუხდა.

მის გზას გაუყვა სომხური "ულისესა" და არმავირის "ტორპედოს" ყოფილი ცენტრალური მცველი, 19 წლის ივან მამახანოვიც (მწვრთნელმა დაიწუნა).

იური დემიდოვმა არ დაიტოვა მოსკოვის "სპარტაკი 2"-ის ყოფილი თავდამსხმელი დამირ საძიკოვი, "ამკარისა" და "კუზბასის" ექსწევრი, 25 წლის რუსი ფორვარდი იგორ პადერინი და კოტდივუარელი ჟუნიორიც.

მოვიდნენ
ქართველებიდან ახალწვეული გიორგი ალავერდაშვილია, რომელიც პოლონური "ზავიშადან" წამოვიდა. შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, მის გვერდით გიორგი კახელიშვილიც ვიხილოთ.

"გურიაში" ითამაშებს 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი კვეკვესკირიც, რომელიც რუსეთში გაიზარდა, მაგრამ შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ის ბოლოს სომხურ "მიკაში" თამაშობდა.

ლეგიონერებიდან დაიტოვეს მეკარე პოლტავცევი, სიაში არიან კოსტა რიკის ახალგაზრდული ნაკრების წევრები, მცველები - ალვინ ბენეტი (21 წლის) და მაურისიო ნუნიესი (22 წლის).

ლანჩხუთში ითამაშებს კიევის "დინამოს" სკოლის აღზრდილი, 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი მოროზენკოც.

მწვრთნელის მოწონება დაიმსახურა 20 წლის ტაიმურაზ ტობოევმაც. ამ ოს ახალგაზრდას "რუბინსა" და "ალანიაში" უთამაშია.

"გურიაში" იქნებიან ბურკინაფასოელი პატერსონი და ავსტრალიაში დაბადებული სერბი ცენტრალური მცველი ალექსანდრ იოვანოვიჩი, რომელიც ბოლოს ჩინეთის "ტიანძინ ტედაში" გამოდიოდა.

...და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახეთ: "გურიაში" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის მონაწილე, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ შტანდერი ჩამოიყვანეს. ის ფლანგის თავდამსხმელია, იყო უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი.

19 წლის შტანდერმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა. ზაფხულში მან გუნდი ქართველ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად დატოვა და უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ კომსომოლსკის "გორნიაკ სპორტში" გადავიდა, თუმცა ნოემბერში ეს კლუბიც დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძველი დარჩა ჩადუნელი ნოზაძე იმელიშვილი კილაძე გელაშვილი ზოზულია
გიორგი
17:46 10-02-2016
0
ძველი ვინ დატოვეეს??? თუ წერთ თქვე დალოცვილებო, ბარემ იმათი ვინაობა და მონაცემებიც დაწერეთ!!! თუ აღარავინ დარჩა ძველებიდან??? თუ არ ჩათვალეთ საჭიროდ ხსენება?
პირლო
17:35 10-02-2016
0

სიახლეები პოპულარული