კოლხეთი-მერანი 2:1 - მოგება ზღაპარში

AutoSharing Option
ზუსტად 4 წუთი დააკლდათ მარტვილელებს, სენსაცია გამოეცხოთ - "მერანი", რომელმაც წინა მატჩის შემდეგ ერთბაშად 9 (!!!) ფეხბურთელი დაითხოვა, ახალბედებით ტოლ-სწორად ეპაექრა გამოცდილ და ბოლო ტურებში წარმატებით (თბილისის "დინამოს" გარდა, ყველას მოუგო) მოასპარეზე "კოლხეთს".

მეტიც, მეორე ნახევრის შუაში ნომინალური სტუმრები დაწინაურდნენ კიდეც - გიორგი ხუბუას შორეული გადაცემის შემდეგ საჯარიმოს ხაზთან ბურთის მიღებისას გიორგი ლემონჯავა დაეცა და ვასილ გოგოლაძემ კოლხთა მეკარე უშანსოდ დატოვა.

მანამდე და შემდეგაც გარკვეულ უპირატესობას "კოლხეთი" ფლობდა, რომელიც ხიფათებს უფრო პირველ ტაიმში ქმნიდა - მათ ახალბედა შემტევ ნიკა ტუღუშს
კი შეეძლო, სადებიუტო გოლ(ებ)თან ერთად მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მერანელთა კარის დალაშქვრა რამდენიმე შანსიდან ერთხელაც ვერ შეძლო.

სამაგიეროდ, გოლის შემდეგ "მერანს" მეორე შანსიც მიეცა, მაგრამ ბოლო მომენტში ხიფათი მცველებმა განმუხტეს.

ფოთელთა თავკაცმა ცვლილებებით სცადა მატჩის გადარჩენა და როგორც გამოჩნდა, გელა სანაიას შეცვლებმა გაუმართლა - ორივე გოლი სწორედ შეცვლაზე შესულებმა გაიტანეს.

არადა, თამაში ფინიშამდე ისე მიდიოდა, ფოთელებს რაიმე განსაკუთრებული შანსი არ მისცემიათ - ეგ იყო, მარტვილელთა მეკარე პეტრ სევოსტიანენკო დამაჯერებლად მოქმედებდა, მათ შორის, მაღალ ბურთზე თამაშისას.

თუ მანამდე ყველა ასეთ შემთხვევაში ბურთს იოლად ეუფლებოდა, გაცილებით რთული გამოდგა ბოლო წუთზე მაღალი ბურთისთვის ბრძოლა: მეკარემ ბურთი მოიგერია, დამატებას მცველი გადაეღობა, ნიკა სიჭინავას დარტყმას - ვერავინ.

ეს ბოლო, 90-ე წუთზე მოხდა და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ "მერანის" ახალგაზრდული გუნდი გატყდა - ზუსტად ერთ წუთში ლევან კუხალეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, "კოლხეთმა" ზღაპარში მოიგო და თქმა არ უნდა, უკეთესი გუნდია, მაგრამ შაბათს "მერანის" ახალ(გაზრდულ)მა გუნდმა ფრე მაინც დაიმსახურა და წასაგებად მეტისმეტად ცოდვა იყო...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
21.11 ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე"
კოლხეთი-მერანი 2:1
გოლები: 0:1 გოგოლაძე (63. ხუბუას პასით), 1:1 სიჭინავა (90), კუხალეიშვილი (90. პოლულიახის პასით)
კოლხეთი (4-4-1-1): სეფიაშვილი, თ. კაკულია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (84. კუხალეიშვილი), ჟიშკარიანი (80. ქებურია), პოლულიახი, გურეშიძე, ლ. კაკულია, გიგაური (66. ნ. სიჭინავა), ნ. ტუღუში.
სათადარიგოები: ძაგანია, გ. კილასონია, მ. აფხაზავა, ბარამიძე
მწვრთნელი: გელა სანაია
მერანი (4-4-2): სევოსტიანენკო, რუხაია (74. ფაილოძე), ი. ციცხვაია, დ. ციცხვაია, გეგია, გოგოლაძე, გაზდელიანი (76. ციკოლია), ხუბუა, პაპანდოპულოსი, ბროლაძე (90. ჩხეტია), აშორტია.
სათადარიგოები: დარციმელია, ჯღამაია, წოწონავა, თოლორდავა
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

XIII ტური
27 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)

28 ნოემბერი, შაბათი
სამტრედია-კოლხეთი
გურია-დინამო (თბ)
სიონი-ჩიხურა
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი

29 ნოემბერი, კვირა
საბურთალო-დილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული