გურია-საპოვნელა 3:0 - ჟორდანიამ "გურიაში" 51-ედ... ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩს საპატიო სტუმარი ესწრებოდა - 80-იანი წლების ტრიუმფალური "გურიის" წევრი მერაბ ჟორდანია, რომელმაც მშობლიურ კლუბს სხვა ვეტერანებთან ერთად უქომაგა.

ამის შესახებ სტადიონის დიქტორის ინფორმაციასა და, შესაბამისად, სფფ-ის ექსთავკაცს "ევგრაფი შევარდნაძე" იმაზე დიდი ოვაციით შეეგება, ვიდრე რომელიმე გატანილი გოლი აღნიშნა...

გოლი კი სამი ვიხილეთ და სამივე - სტუმართა კარში. ჯერ შოთა ჯიქიამ გახსნა მატჩისა და "გურიაში" პირადი ანგარიში, თორნიკე მოსიაშვილმა გარდამტეხი გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის მშვენება გამოდგა ადგილობრივი ახალგაზრდის, ვანო წილოსანის მიერ შორეულ კუთხეში "ჩაჭედებული" დარტყმა.

ამის გარდა, გურულებს მრავლად ჰქონდათ
საგოლე შანსები. თავის მხრივ, "საპოვნელაც" ცდილობდა, შეტევაში ეპოვა ხეირი, მაგრამ...

ასეთი ანგარიშის მიუხედავად, მატჩის გამორჩეულ მობურთალად მაინც ლუკა ნოზაძეს მივიჩნევთ, მთელი შეხვედრა ლამის უშეცდომოდ რომ ჩაატარა - გურულთა უკანახაზელი გამართული თამაშითაც და სისწრაფითაც გამოირჩა, ერთხელ სულაც იქით გატანის შანსი მიეცა...

საბოლოოდ - 3:0, რითიც ლანჩხუთელებმა შარშანდელი ჯავრი იყარეს იმერლებზე, ჯერ კიდევ პირველ ლიგაში მყოფებმა თასიდან რომ დაითხოვეს უმაღლესლიგელები. მაშინ კურიოზი მოხდა - მასპინძლებმა ზედიზედ სამი პენალტი გააცუდეს...

ახლა კი ტრიბუნაზე იყო ადამიანი, რომელიც ერთ დროს საჯარიმოებს ურტყამდა პენალტივით - მერაბ ჟორდანიას ბევრმა გაახსენა ის დრო და ადგილი მოედანზე, საიდანაც არაერთხელ გაუტანია გოლი.

სფფ-ის ექსთავკაცი, რომელიც ქართული ფეხბურთის მესაჭედ დაბრუნებას გეგმავს, "გურიაში" მეტად საინტერესო სტატისტიკით დაიკვეხნის - "ევგრაფი შევარდნაძეზე" ჩატარებული 50 შეხვედრიდან ერთიც არ წაუგია (49 მოგება, 1 ფრე), ახლა კი ისე ქომაგობდა მშობლიურ გუნდს, კვირის მატჩი, სიმბოლურად, 51-ედ შეიძლება ჩავთვალოთ...

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
30.08. ლანჩხუთი. "ევგ. შევარდნაძე". 1 000 მაყურებელი
გურია-საპოვნელა 3:0
გოლები: 1:0 ჯიქია (23. ხიზანეიშვილის პასით), 2:0 მოსიაშვილი (64), 3:0 წილოსანი (77. ჯიქიას პასით)
გურია: დაუშვილი, კ. ხიზანეიშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ლ. მჭედლიშვილი, ნ. მაისურაძე, ე. კილაძე (82. ნ. წერეთელი), მოსიაშვილი (77. ლ. კობერიძე), ზაქრაძე (75. ს. ბახია), ვ. წილოსანი, შ. ჯიქია.
სათადარიგოები: გოგუაძე, ზ. გელაშვილი, ქურდაძე, ა. რეხვიაშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი, რობაქიძე, ბანძელაძე (20. შუღლაძე), ამბროლაძე (54. ალავიძე), ბუხაიძე, ცქიფურიშვილი, ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი, ენდელაძე, მაკარიძე (62. თავაძე).
სათადარიგოები: კახეთელიძე, ბუცხრიკიძე, ნ. შალამბერიძე, მურადაშვილი
მწვრთნელი: რევაზ გეწაძე
გაფრთხილება: რობაქიძე (59), მოსიაშვილი (74), წერეთელი (87)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ა. იაშვილი (დინამო თბ) 3
მ. ცინცაძე (დინამო თბ) 3

IV ტური
11 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-გურია
მერანი-დინამო (თბ)

12 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-შუქურა
საპოვნელა-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დილა-ცხინვალი
დინამო (ბთ)-ტორპედო
საბურთალო-სამტრედია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული