ვისაც წუმპეში ყოფნა უჯობს - ანუ გზა, რომელიც დიდ ფეხბურთამდე ვერ მიგვიყვანს

AutoSharing Option
ამ დღეებში თბილისი ფეხბურთით სუნთქავდა. გულშემატკივარმა ისევ გაიხსენა, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ისევ ძველებურად უყვართ.

მაგრამ არ უყვართ ის, რასაც ქართულ მოედნებზე ხედავენ - შენელებული ტემპი, ძუნძული, ლამაზი მოძრაობების ნაცვლად ბურთის წვალება, მეომარი სულის ნაცვლად - დაძაბუნებული გუნდები და წლების განმავლობაში უკან-უკან მიმავალი ეროვნული ნაკრები. ცხადია, არც ტოტალიზატორთან და სხვა სიბინძურეებთან გაშინაურებული ფეხბურთი ხიბლავთ...

ამიტომაც არ მგონია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს სუპერთასის მატჩისას სინანულით ერთხელ მაინც არ გაევლო გულში, რომ ამ სიხარულის მხოლოდ მაყურებლები ვიყავით და არა - მონაწილეები.

როგორ
მოხდა, რომ საფეხბურთო ქვეყანა, რომელსაც სიამაყედ ჰყავდა თბილისის "დინამო" და ბევრი ვარსკვლავი, ფიფას რეიტინგში 154-ე ადგილზე დაეშვა და ისე დაძაბუნდა, ჩვენს მოთამაშეებს წამყვან ქვეყნებში კეთროვანებივით უყურებენ?

კალათბურთის კარგი მაგალითი
ამ კუთხით, ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა კარჩაკეტილობაა. ქართული გუნდები ადრე კლასს იმის ხარჯზეც იმაღლებდნენ, რომ თუნდაც პოსტსაბჭოელებს ხვდებოდნენ სისტემატურად. ახლა კი, საკუთარ წვენში ვიხარშებით, უცხოეთში ბევრი ვერ ემზადება, ვერც ამხანაგურ მატჩებს მართავს და არ აქვთ საშუალება, ამგვარი სპარინგებითა და შეკრებებით საკუთარი პლუს-მინუსები, ჩამორჩენა თუ უპირატესობა განსაზღვრონ.

ამ მიმართულებით ნათელი კონტურები კალათბურთში გამოიკვეთა - ქართული კლუბი "ვითა" VTB-ლიგაში ითამაშებს. პოსტსაბჭოური გუნდების გარდა, ამ ლიგაში ჩეხები და ფინელებიც ასპარეზობენ, ქართულ კალათბურთს კი ეს ჩაკეტილი სივრციდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს და ასეთ შეჯიბრებაში ჩართვა უდავოდ სასარგებლო ნაბიჯი მგონია.

უცხოელებთან რეგულარულად თამაშით "ვითა" ქართველ გულშემატკივარს ტრიბუნაზე დააბრუნებს და ნაკრებსაც გამოცდილ კადრებს მოუმზადებს.

ამ მხრივ, არანაკლები გასაქანი ესაჭიროება ქართულ ფეხბურთსაც, მაგრამ აქ გაცილებით დიდი პრობლემებია. აქამდე დასახელებული არც ერთი რეგიონული ტურნირის იდეა არ განხორციელდა.

"კავკასიის თასის" იდეა ძირშივე მკვდარი იყო - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან შეხვედრაზე უარს ამბობენ და ძნელი წარმოსადგენია, ფეხბურთს ამ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური პრობლემები მოეგვარებინა.

ეს დაახლოებით იგივეა, საქართველომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტული რეგიონების გუნდებს ერთიან ჩემპიონატში მონაწილეობა რომ შესთავაზოს. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველოსთან ერთად მომავალი ვერ წარმოუდგენიათ და მზად არიან, არაღიარებული ქვეყნების ეგრეთ წოდებულ ჩემპიონატში ითამაშონ, ვიდრე ჩვენს ტურნირებზე. თან, ისიც ხომ უნდა ვთქვათ, რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს...

რეგიონული ტურნირების ფიასკო
ზვიად სიჭინავას მიერ წამოყენებული იდეა - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთობლივი ჩემპიონატის შესახებ - ისე ჩაფლავდა, რომ მასზე სერიოზულად იმ ორ ქვეყანაში არც უმსჯელიათ.

კაცმა რომ თქვას, ამით სტადიონზე გულშემატკივრებს ვერც მივიზიდავდით - აზერბაიჯანული და ყაზახური გუნდები ქართველობაში დიდ ინტერესს ვერ გამოიწვევდნენ.

არადა, რეგიონული ტურნირები აუცილებელია, იმავე VTB-ლიგის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ.

მაგრამ საქმეც ისაა, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა, თავიანთი თამაშით, რუსებისგან პატივისცემა და აღიარება დაიმსახურეს. ფეხბურთში კი რუსებს ჩვენთან თამაში არც სურთ (გასაგებია, რომ არც ჩვენ ვიკლავთ თავს მათთან საბურთაოდ).

ყველას გვახსოვს, შარშან პოსტსაბჭოური ჩემპიონატის გამართვის იდეა რუსებმა როგორ სერიოზულად აიტაცეს. თუმცა უკრაინასთან ომმა ამ იდეას ხაზი გადაუსვა. უკრაინელების გარეშე კი რა აზრი ექნებოდა ტურნირს? თუმცა, მანამდეც სავარაუდო პოსტსაბჭოელ მონაწილეებში ქართულ გუნდებს არც ახსენებდნენ...

მეორე რეგიონული ტურნირის იდეა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატის პროექტს უკავშირდებოდა. 2007 წელს საქართველოს პროფლიგის პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა საქართველოს სახელით შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატის იდეას მოაწერა ხელი და იყო მცდელობა, ევროპაში ახალი ძლიერი რეგიონული ტურნირი დაფუძნებულიყო. მაგრამ თურქებს, ბულგარელებს, რუმინელებსა და უკრაინელებს ეს იდეა არ ხიბლავთ და აშკარაა, რომ საქართველო მსგავს ტურნირებზე მონაწილეობას კიდევ დიდხანს ვერ ეღირსება.

კომერციული თვალსაზრისით, ღარიბი და სუსტი მეტოქე არავის უნდა, აღარაფერს ვამბობთ ტელეუფლებების რეალიზაციაზე და ცხადია, აქ სპონსორების მოზიდვის პრობლემაც გაჩნდებოდა.

საკუთარი ძალებით
ახალს არაფერს ვამბობთ - გამოსავალი მხოლოდ საკუთარი ჩემპიონატის დონის გაზრდაა. ამ საქმეში კი ისეთი პრობლემებია, ძალიან დიდი როლი ეკისრება კლუბის გაზრდა-განვითარებასა და ტურნირის მენეჯმენტს.

ერთი მხრივ, თბილისში გულშემატკივრების სტადიონისკენ შემოტრიალების მოკრძალებული იმედი გუნდების უბნური პრინციპით ჩამოყალიბებას უკავშირდება. ამის მშვენიერი მაგალითი თბილისის "ამერი" გახლდათ, რომელსაც მთელი გლდანი გულშემატკივრობდა.

"საბურთალოც" ამ იდეით არსებობს და წლეულს გამოჩნდება, გახდება თუ არა ის საბურთალოელების კლუბი.

მეორე მიმართულება ილუზიურს ჰგავს - ნაციონალური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (მარნეულ-გარდაბანსა და სამცხე-ჯავახეთში) აზერბაიჯანელებმა და სომხებმა იქაური კლუბები რომ გააძლიერონ. მაგალითად, ახალქალაქის სომხური გუნდი გარკვეული ინტრიგა იქნება. მაგრამ წლები გადის და აშკარაა, რომ მათ ასეთი სურვილი არ კლავთ.

ყველაზე მისაღები და შედარებით რეალური - ტენდერის გზით კლუბების განსახელმწიფოებრიობაა.

სხვაგვარად, დღევანდელი წუმპიდან ქართული ფეხბურთის ამოყვანა უძნელესი საქმე იქნება.

დიახ, სახელმწიფომ კლუბები უნდა დააფინანსოს, მაგრამ დღევანდელი ფორმით ამის გაგრძელება მარაზმი იქნება. საქმე ისაა, რომ ასეთი კლუბები ბიუჯეტური თანხების არაეფექტურად განკარგვის, ხშირად კი მისი გაფლანგვის დიდოსტატები არიან.

მაგალითისთვის გეტყვით: თურქეთში მომზადებისას კერძო ქართული კლუბი კაცზე მაქსიმუმ 45 დოლარს ხარჯავს, სახელმწიფოს კმაყოფაზე არსებულ კლუბებში კი, "როგორღაც ახერხებენ" და მწირი ბიუჯეტით ამ სიამოვნებაში 80-120 ევროს იხდიან.

ინებეთ მეორე მაგალითი: 500-600-ლარიან ეკიპირებას 1200 ლარად აფორმებენ, სხვაობას კი, მოგეხსენებათ, საქველმოქმედო ფონდში არავინ რიცხავს...

ყველაზე დიდი ქურდი...
...ეს ყველამ იცის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაციაც სწორედ ასეთებს ეყრდნობა. და ვინმეს თუ ჰგონია, რომ სახელმწიფო კლუბებს იოლად მოერევა, ძალიან ცდება. აქ გადაჯაჭვულია ჯგუფების ფინანსური ინტერესები. სხვადასხვა მოტივით, ამ ხალხს არ სურს, რომ კლუბი განკერძოვდეს.

სპონსორების ძიებითაც თავს არ იკლავენ. ბევრგან კერძო მეპატრონის მიყვანა სწორედაც რომ არ სურთ, რადგან გემრიელ ლუკმას ჩამოშორდებიან და ურჩევნიათ, საბიუჯეტო სახსრები გამოხრან.

სწორედ ასეთმა კლუბებმა შეიწირეს ჩვენს ქვეყანაში ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ორგანიზაცია - პროფესიული ფეხბურთის ლიგა.

სახელმწიფო კლუბების წინააღმდეგ პირველად სწორედ მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა გაილაშქრა. საინტერესოა, რომ მაშინაც ლიგის თავკაცის დამოკიდებულების მიზეზი იყო ის, რაც ახლაც აქტუალურია - ამ კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს და რა ძნელი მისახვედრი უნდა იყოს, რომ ისინი საერთო ენას ყოველთვის გამონახავენ.

ანუ რა გამოდის? ფაქტობრივად, 10 კლუბს ერთი დამფინანსებელი რომ ჰყავს, მათი ინტერესები ხომ გადაიკვეთება? ეს იყო მიუღებელი, თორემ სახელმწიფომ ფეხბურთში ფული უნდა დააბანდოს, ეს აუცილებელია და ამის წინააღმდეგ მხოლოდ სულელი თუ წავა.

მაგრამ სახელმწიფოს სახსრები სულ სხვა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს - შექმნას და განავითაროს ინფრასტრუქტურა, რომლის საფუძველზეც კერძო მესაკუთრეებს მიიზიდავს. ფეხბურთი კი სწორედ კერძო მესაკუთრეების ხელში ვითარდება. მარტივი არითმეტიკაა: გადახედეთ, ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის რამდენი ფეხბურთელი გაზარდეს კერძო კლუბებმა და რამდენი - სახელმწიფოსგან დაფინანსებულებმა. აშკარა უპირატესობა პირველის მხარესაა და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

წლების წინათ შესაძლებელიც იყო მეტი კლუბის განკერძოება, მაგრამ რამიშვილმა აღიარა, რომ ამ იდეის განხორციელება არ დააცალეს. მისი მოსაზრებები გავლენიან ჯგუფებს არ მოეწონათ და ამ ინიციატივის შემდეგ სწორედ სახელმწიფო კლუბების მფარველებმა აიძულეს, გადამდგარიყო.

ბოლოთქმა
გასაგებია, რომ დღეს ფეხბურთი ბიზნესს არ აინტერესებს, მაგრამ თბილისის "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურიას იდეა - სახელმწიფო კლუბების ტენდერზე გატანის თაობაზე, მათი მიზიდვის კარგ გზას ჰგავს.

ფაქტია, რომ სახელმწიფო სახსრები უაზროდ იხარჯება, ხალხი კი უკმაყოფილოა. ხომ გასაგებია, სახელმწიფო კლუბები რატომაც არ ცდილობენ არაფრის შეცვლას, იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ნაკლებ ხარისხიან მოთამაშეს ზრდიან?

იყო მცდელობა, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, მათთვის ერთიანი ტენდერი ჩატარებულიყო, რომ გამარჯვებულს საუკეთესო ფასებში მიეღო კლუბები შეკრებაზე, ჩამოეტანა ეკიპირება და ბურთები, მაგრამ ამ ყველაფერზე მათგან ხმა არ ისმოდა, რადგან უმრავლესობას ასეთი ჭაობი აწყობს.

ამიტომ ფეხბურთშიც აქტუალურია ლეგენდარული "მონანიების" ბოლო კადრი და ვერიკო ანჯაფარიძის სიტყვები - მაშინ რად გვინდა ის გზა, თუ ტაძრამდე არ მიგვიყვანს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ტმ-ს
რა ლიგა რას შველის ? ისევ სახელმწიფოს დააწვება გაზრდილი ხარჯები. და უფრო მეტი შანსი ექნებათ გარიგებული მატჩების.
გარდა ამის რეალურად გუნდები არ გვყავს და რა უნდა წარვადგინოთ მაგ, . ე.წ. ლიგაზე?
Davit
11:35 14-08-2015
0
შეიქმნას მაგალითად უკრაინისა და საქართველოს გაერთიანებული ლიგა, თორემ არცერთი ბიზნესმენი ინვესტიციას არ განახორციელებს კლუბის შეძენის სახით თუ სტადიონები ცარიელი დარჩება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული