ლოკომოტივი-დინამო (ზ) 1:1 - ჯერჯერობით, დაუმარცხებლად...

AutoSharing Option
"ლოკომოტივმა" ავსტრიულ მოსამზადებელ შეკრებაზე 3 საკონტროლო შეხვედრა გამართა. პირველ ტესტმატჩში ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბი - ფეთაჰ თიკვას "მაქაბი" 2:1 დაამარცხეს.

მომდევნო სპარინგში "ლოკომოტივი" სლოვენიურ "ცელიეს" შეხვდა. ბალკანელებმა დუბლშემადგენლობით კი ითამაშეს, მაგრამ თბილისელთა გამარჯვება, 5:0, მაინც დასაფასებელია. "ლოკომოტივის" ფორმით პირველად გაიტანა თავდამსხმელმა ზვიად ქანთარიამ, რომელიც კლუბში ახლახან გადავიდა.

მაისურაძის გუნდმა დაუმარცხებელი სერია მესამე შეხვედრაშიც გააგრძელა. "ლოკომოტივი" ტესტმატჩისთვის სლოვენიის ქალაქ მურსკა სობოტას ესტუმრა და ზაგრების "დინამოს" დუბლშემადგენლობას შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა მეტოქეს თამაშით აჯობეს და არაერთი საგოლე მომენტიც
შექმნეს, მატჩი მაინც ფრედ დასრულდა.

"ლოკომოტივმა" ანგარიში დასაწყისშივე გახსნა, როცა ალექსი ბენაშვილის გადაცემით კოკა ღაღანიძემ ისარგებლა. ტაიმის მიწურულს კი მეტოქემ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ხორვატებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ 44-ე წუთზე ბაჩო მიქავამ პენალტი მოიგერია.

ამხანაგური მატჩი
ლოკომოტივი-დინამო ზ 1:1
გოლები: 1:0 ღაღანიძე (10. ბენაშვილის პასით), 1:1 ოლმო (40)
ლოკომოტივი: მიქავა (46. კუპატაძე), დუმბაძე (70. გაბაძე), გეთიაშვილი, ღაღანიძე, უბილავა, სამურკასოვი (85. ჩიხლაძე), ქიქავა, დიასამიძე, კიკნაძე (73. თექთურმანიძე), ბენაშვილი, გავაშელიშვილი.

ამ მატჩის შემდეგ "ლოკომოტივი" ავსტრიის ქალაქ ჰაილიგენკრაუზში დაბრუნდება, სადაც კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 1-ელ აგვისტოს არაბთა გაერთიანებული საემიროების "ალ ჯაზირას" დაუპირისპირდება, ხოლო 2 აგვისტოს თურქულ "ესქიშეჰირისფორთან" ისპარინგებს.

"ზაგრების "დინამოს" მეორე გუნდი მართლაც საინტერესო მეტოქე გამოდგა. მატჩი ჩვენც კარგად ჩავატარეთ და უფრო მეტი მომენტი შევქმენით.

ვფიქრობ, "ლოკომოტივი" უკვე დალაგდა, ბიჭები ერთმანეთს შევეწყვეთ და მგონია, ღირსეულად გამოსვლა უმაღლეს ლიგაშიც არ გაგვიჭირდება", - ამბობს გუნდის ბომბარდირი მამია გავაშელიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული