ლანჩხუთის "გურიამ" არც მეორელიგელი დაინდო - წილოსანმა სეზონი იმედიანად დაიწყო

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა მეორე ლიგის ბინადარ "მარკ სტართან" გამართა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილებმა მეტოქეს აქტიურად შეუტიეს და ვანო წილოსანისა და სანდრო ბახიას გოლებით 2:0 მოუგეს.

გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ე. კილაძე, კ.ხიზანეიშვილი, გაბრიჩიძე, კობერიძე, ნ. ნარიაშვილი, ს. ბახია, ზ. კვარაცხელია, ციცხვაია; შეცვლაზე: რ. წილოსანი, ლ. ნოზაძე, ჯანაშია, წერეთელი, რეხვიაშვილი, ზაქრაძე, ახალაია, ვ. წილოსანი.

სასიამოვნო ფაქტია - ვანო წილოსანი მშობლიური ქალაქის გუნდში ადგილს რომ იმკვიდრებს. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ვასილ მაისურაძის ნაკრებში გამოდიოდა და
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მაგრამ მას შემდეგ ტანმაღალი (196 სმ) და სწრაფი თავდამსხმელი ჩრდილში მოექცა: თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში ვერ დაწინაურდა, მერე კი ლანჩხუთის "გურიაში" გადავიდა და იქაც, უმთავრესად, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მაგრამ გოგიჩაიშვილმა, რომელსაც ახლგაზრდების დაწინაურება უყვარს, წილოსანი "გურიის" ძირითადს შეაჩვია და შედეგიც სახეზეა - 19 წლის თავდამსხმელმა ბოლო სამ საკონტროლო შეხვედრაში თავი 4 გოლით გამოიჩინა.

საერთოდ, ახალ სეზონში ლანჩხუთელთა საკადრო პოლიტიკა ასე გამოიხატება - მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივ კადრებს. ამჟამად, "გურიის" მთავარ გუნდში 8 ლანჩხუთელი ვარჯიშობს. ტესტმატჩებში, ვანო წილოსანის გარდა, თავი დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებულმა ნიკა ნარიაშვილმა და სანდრო ბახიამაც გამოიჩინეს - პირველმა ეს მარტვილის "მერანთან" სპარინგში მოახერხა, ბახიამ კი - გუშინდელ საკონტროლო მატჩში.

მანამდე, ხობის "კოლხეთთან" კიდევ სამმა ისეთმა ახალგაზრდამ ითამაშა, გასულ სეზონში დუბლიორებში რომ გამოირჩეოდა - ლაშა ახალაია, ნიკა წერეთელი და რევაზ წილოსანი. ლანჩხუთელები არიან მეკარეები - მიხეილ გოგუაძე და რატი იმერლიშვილიც, რომლებიც მთავარი გუნდის წევრებად მოიაზრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული