ზესტაფონი-მეტალურგი 2:0 - გადაწყვეტილების მოლოდინში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ზესტაფონი" და "მეტალურგი" ახლო წარსულში ორ-ორჯერ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, ახლა კი ორივე გუნდი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას.

მატჩის დაწყებამდე ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა ტრანსფარანტი გამოიტანეს წარწერით - "გადავარჩინოთ ფეხბურთი ზესტაფონში!", მატჩის შემდეგ კი კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა - თუ 6 აპრილს კლუბის დაფინანსების თაობაზე გამგეობიდან დადებითი პასუხი არ იქნება, გუნდი ვარჯიშს ვეღარ გააგრძელებს და დიდი ალბათობით, მომდევნო ტურში ვეღარ ითამაშებსო.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ზესტაფონელები იმედოვნებენ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ფეროელთა ქალაქში ფეხბურთი არ მოკვდება. წმინდა სპორტულ მხარეს რაც შეეხება, გიორგი მიქაძის
გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს.

"ზესტაფონი" არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში მყოფ "მეტალურგთან" უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.

შეხვედრა თავიდანვე მიქაძის შეგირდთა შეტევებით დაიწყო. განსაკუთრებით, ფლანგის მოთამაშეები - დავით მთივლიშვილი და დავით რაჟამაშვილი აქტიურობდნენ. პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ მათ შექმნეს, როცა რაჟამაშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ მთივლიშვილი სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

რაჟამაშვილი ცოტა ხანში კიდევ ერთხელ დაემუქრა რუსთაველთა კარს, მაგრამ მეკარე გიორგი ნადირაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს გიორგი ილურიძე იყო, რომელიც ჯონი ჯერემიამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ილურიძეს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ... ზუსტად ვერ დაარტყა.

ტაიმის შუაწელში რუსთაველებმა იძულებით შეცვლას მიმართეს - ტრავმირებული შალვა ექვთიმიშვილის ნაცვლად თამაშში ჩაერთო რევაზ ბარაბაძე, რომელმაც სტუმართა შეტევებს სიმწვავე შემატა. ბარაბაძე გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა დავით კუპატაძეს ვერ აჯობა.

ტაიმის ბოლოს ზესტაფონელები ორჯერ იყვნენ ახლოს მიზანთან, მაგრამ გიორგი ბერიძისა და ჯერემიას სახიფათო შეტევებისას რუსთაველთა მეკარე დამაჯერებლად გაისარჯა და მასპინძლებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

ზესტაფონელთათვის მეორე ტაიმი ისე დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ - ჯერემიამ რუსთაველი მცველების შეცდომით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.

გოლის შემდეგ ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც მასპინძლებმა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს: ბერიძე-მთივლიშვილი-ჯერემიას სამსვლიანი კომბინაცია ნიგერიელი ლეგიონერის ძლიერი დარტყმითა და მეორე გოლით დასრულდა.

რუსთაველები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, ბოლომდე იბრძოლეს და ბარაბაძეს ანგარიშის შემცირებაც შეეძლო, მაგრამ მასპინძელთა დამწუხრება ვერ მოახერხეს.

მიქაძის გუნდმა დამსახურებული და მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა, ახლა კი სიტყვა ზესტაფონის გამგეობაზეა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
03.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 1 000 მაყურებელი
ზესტაფონი-მეტალურგი 2:0
გოლები: 1:0 ჯერემია (46), 2:0 ჯერემია (66. მთივლიშვილის პასით)
ზესტაფონი (3-4-2-1): კუპატაძე - გაგოშიძე, ხიზანეიშვილი, მჭედლიშვილი - რაჟამაშვილი, ვასაძე, გაჩეჩილაძე (67. სიხარულია), მთივლიშვილი - ჯერემია (78. ხაბელაშვილი), ბერიძე (67. კვირკვია) - ილურიძე.
სათადარიგოები: ჯალაღონია, რობაქიძე, ლომაია, სამუშია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
მეტალურგი (4-2-3-1): ნადირაძე - კ. ხიზანეიშვილი, ნარიმანიძე, ბიწკინაშვილი, მიქაუტაძე (72. ჩიკვაიძე) - ბერუაშვილი, ექვთიმიშვილი (28. ბარაბაძე) - ჯოხაძე (63. ოქროპირიძე), სარიშვილი, ბარამიძე - გაბაშვილი.
სათადარიგოები: ბეგიაშვილი, გოცაძე, ნოზაძე, გელაშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.


ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 6
კ. შალამბერიძე (გურია) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

7 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩები

XXIII ტური
11 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია
დილა-სიონი
კოლხეთი-ზესტაფონი
ცხინვალი-გურია
მეტალურგი-შუქურა
ტორპედო-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
მერანი-დინამო (თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული