გურჯაანის "ალაზანი" - უძახე ახლა მეორე ლიგის გუნდი!

AutoSharing Option
ზაფხულიდან მოყოლებული და მერე, შემოდგომა-ზამთარში გაგრძელებული, უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსურ პრობლემებს უჩიოდა, თუმცა, პირველი წრე დამთავრდა თუ არა, უმაღლესი ლიგის 16-დან 12-მა გუნდმა... თურქეთს მიაშურა, სადაც ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის გავლაც არის შესაძლებელი და არცთუ დაბალი რანგის უცხოურ გუნდებთან სპარინგ-მატჩების გამართვაც.

დანარჩენი ოთხი გუნდიდან "გურია" ურეკში ემზადება; საბედნიეროდ, არდაშლილი "ზესტაფონი" - თბილისში და მხოლოდ ორად-ორი გუნდია, ადგილზე რომ აგრძელებს მზადებას მეორე წრისათვის - "ვიტ ჯორჯია" და "მეტალურგი".

რა თქმა უნდა, ცუდი კი არა, მართლაც დადებითი ტენდენციაა, უმაღლესი ლიგის
გუნდების უმრავლესობას იმის საშუალება რომ გაუჩნდა, უცხოური შეკრება გაიაროს; თუმცა, მეორე მხრივ, აი, ის გვეჩვენება, ცოტა არ იყოს, ულამაზოდ, როცა თითქმის მთელი პირველი წრის განმავლობაში, სადაც კი "გაიხედავდით", ყველგან და თითქმის ყველასგან წუწუნი რომ გვესმოდა უფულობის გამო...

თუმცა, ასეა თუ ისე, მეორე წრისათვის მზადება გრძელდება და არც ის მიგვაჩნია უმნიშვნელო ფაქტად, უმაღლესის მსგავსად, ქვედა ლიგების წარმომადგენლებიც რომ ახერხებენ შეკრების გავლას. აი, თუნდაც მეორე ლიგის გუნდის, "ალაზანის" მაგალითი ავიღოთ: წინა კვირაში "ლელო" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ გურჯაანში მართლაც სასიკეთო ძვრები შეინიშნება და ამ რაიონის საფეხბურთო გუნდის ტრადიციების აღდგენაც დაწყებულია.


სწორედ მაშინ გაუწყეთ იმ ფაქტის შესახებ, რომ თითქმის 20-წლიანი პაუზის მერე "ალაზანის" პატრონობა კვლავ ითავა მიხეილ ფურცელაძემ, რომელიც, შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული, გურჯაანელთა გუნდის დე-ფაქტო თუ დე-იურე პრეზიდენტიც გახლავთ, დირექტორიცა და მწვრთნელიც!

შეგახსენებთ, რომ სწორედ მიხეილ ფურცელაძე იყო "ალაზანის" პრეზიდენტი 1992/93 წლების სეზონში, როცა გურჯაანელთა გუნდმა (მთავარი მწვრთნელი - ოთარ გაბელია) უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ დედაქალაქურ გუნდებს, "შევარდენსა"და "დინამოს" ჩამორჩა.

"ალაზანი" დღესდღეობით მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში გამოდის და პირველი წრეც მესამე ადგილზე დაასრულა.

ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებენ გურჯაანელები ცენტრალური ზონის ორი ფავორიტის (ცხინვალის "ლიახვი" და რუსთავის "მეტალურგი 2") გადასწრებას, თუმცა, "ალაზანს" რომ სერიოზული მიზნები ამოძრავებს, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ გუნდი უკვე ერთ კვირაზე მეტია ქობულეთში გადის შეკრებას და სამი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა: ბათუმის "დინამოს" დუბლშემადგენლობას 4:2 მოუგო, პირველი ლიგის გუნდს, ქედის "ბეთლემს" - 1:0, ხოლო ორი დღის წინ კი ლანჩხუთის "გურიასაც" აჯობა - 3:1.

როგორც მიხეილ ფურცელაძემ გვითხრა, 16 თებერვლამდე "ალაზანი" კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს: წალენჯიხის "სქურთან", ხობის "კოლხეთთან", ქობულეთის "შუქურასთან" (ბოლო სპარინგ-პარტნიორი ჯერ გაურკვეველია). ამის შემდეგ "ალაზანი" გურჯაანში დაბრუნდება, გუნდი 2-3 დღე დაისვენებს და მერე კიდევ ერთი შეკრებაა დაგეგმილი (სავარაუდოდ, ლაგოდეხში).

ჰოდა, უძახე ახლა ამათ მეორე ლიგის გუნდი! თანაც, გურჯაანელი თუ კახეთის სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭების გარდა, "ალაზანში" ერთი-ორი გამოცდილი ფეხბურთელიც არის, ამ შეკრების დაწყებამდე კი გუნდში სამი აფრიკელი ლეგიონერიც ჩაირიცხა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაზი ცხუმს პატრონიცაყავს და მწვრთნელიც დიპლომიანი,ვისაც აინტერესებს პირადად გაესაუბროს მწრტვნელს და არარის კარგი დაუმსახურებული კომენტარების წერა.
gagi
11:22 15-02-2015
0
ცხუმიც იქ გადის წვრთნებს, მაგრამ ვინ დაწერს. პატრონი არ ჰყავს... და არა მარტო პატრონი, მწვრთნელიც არაკვალიფიცირებულია
lazi
15:57 11-02-2015
0

სიახლეები პოპულარული