ძალიან ცუდ დღეში ვარ! - გიორგი ილურიძე ფიფას წერილს სწერს

AutoSharing Option
გიორგი ილურიძის შესაძლო ტრანსფერზე (ლაპარაკი იყო გორის "დილაში" დაბრუნებაზე) აქამდეც ვწერდით, თუმცა არ არის გამორიცხული, 22 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარი წლის განმავლობაში უგუნდოდ დარჩეს...

შეგახსენებთ, რომ გიორგი ილურიძემ 16 აპრილს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სპლიტის (ხორვატია) "ჰაიდუკი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ახალი სეზონი მან კვიპროსში, ლარნაკას "ერმისში" დაიწყო და ამ გუნდის ფორმით ევროპის ლიგაზეც ითამაშა, მაგრამ მოხდა ისე, რომ 2014 წლის აგვისტოში ილურიძე "ზესტაფონში" აღმოჩნდა, საიდანაც ამას წინათ ყველა ფეხბურთელი წავიდა.

ანუ ილურიძემ ერთ სეზონში უკვე ორი გუნდი გამოიცვალა, რაც იმას
ნიშნავს, რომ ივნისამდე მესამე გუნდში თამაშის უფლება არ აქვს. მისთვის ერთადერთი გამოსავალი თუნდაც დასუსტებულ "ზესტაფონში" თამაშია.

"გუნდის დაშლა ყველას გვეწყინა, მაგრამ ამან მე ყველაზე მეტი სადარდებელი გამიჩინა. ზაფხულში "ერმისში" გადავედი და ევროპის ლიგაზე "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ ვითამაშე კიდეც. ასე რომ, საქართველოში დაბრუნებულმა კონტრაქტი უკვე მეორე გუნდთან გავაფორმე.

ფიფას წესებით კი, მიმდინარე სეზონში მესამე გუნდში გადასვლის უფლება არ მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვქნა.

"ზესტაფონის" დაშლის შემდეგ გათავისუფლების ფურცელი მივიღე და დიდი ალბათობაა, ახალი სატრანსფერო სეზონის გახსნამდე უგუნდოდ დავრჩე", - წუხს ილურიძე.

თუმცა მას საბოლოოდ იმედი არ გადაუწურავს:

"თუ "ზესტაფონი" ახალგაზრდული შემადგენლობით მაინც ითამაშებს, სხვა გზა არც მრჩება - აქ თამაში მომიწევს. თუ გუნდი ჩემპიონატშიც ვეღარ გამოვა, ასეთ შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოხდება.

მითხრეს, რომ ამ არაოდინარული ვითარების გამო, შესაძლოა, ფიფას მიმართო და გამონაკლისის სახით, სეზონში მესამე გუნდში თამაშის ნება დაგრთონო. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი რევაზ შენგელია საკითხის გარკვევას დამპირდა, თუმცა ისიც მითხრა, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა. შესაძლოა, ფიფას წერილი გავუგზავნო.

ახლა მთავარია, რას იტყვის "ზესტაფონის" პრეზიდენტი. ილია კოკაია დეკემბრის ბოლოს ჩამოდის და ყველაფერზე პასუხი ამის მერე მექნება. ამბობენ, კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვსო. ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, რადგან მეეჭვება, "ზესტაფონის" შესანახად საჭირო დიდი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღონ.

მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ. თუ მესამე გუნდში თამაშის უფლებას არ მომცემენ, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს, მაშინ ზაფხულამდე კონდიციების შენარჩუნება ინდივიდუალური ვარჯიშით მომიწევს".

...მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს!
შესაძლოა თუ არა, რომ ფიფამ გაითვალისწინოს არსებული არაორდინარული ვითარება, გამონაკლისი დაუშვას და ილურიძეს მესამე გუნდში თამაშის უფლება დართოს?

განმარტებისთვის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელ რევაზ შენგელიას მივმართეთ. სხვათა შორის, მან გაგვიმხილა ამბავი, რაც სხვა ფეხბურთელებისთვისაც საინტერესო იქნება:

"ფეხბურთელმა რომ მოგვმართა, ცხადია, საკითხის შესწავლა დავიწყეთ და ზუსტი პასუხი მალე გვეცოდინება. ვითარება მართლაც არაორდინარულია და კარგად გვესმის, რომ ილურიძეს დახმარება სჭირდება.

ნაკლებად მგონია, რომ სხვა გამოსავალი იყოს, გარდა "ზესტაფონში" მისი თამაშისა. ჩვენს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ხნის წინათ იყო, როცა ბალტიისპირეთში ქართველი ბიჭი თამაშობდა, გვარად - ჩხოტუა. მისი კლუბი გაკოტრდა, ფეხბურთელი უშემოსავლოდ დარჩა და "გაგრაში" მიიწვიეს.

ფიფას რომ მივმართეთ, უარი შემოგვითვალა - სეზონში "მესამე გუნდის" წესს რონალდოსა და მესის გამოც არ შეცვლიან, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს - ფიფა მესამე გუნდში გადასვლად არ თვლის, თუ ფეხბურთელი სხვა სისტემის ქვეყანაში გადადის.

აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: ილურიძემ ითამაშა ორ ისეთ ქვეყანაში, კვიპროსსა და საქართველოში, სადაც ჩემპიონატები შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება. მაგრამ თუ ის გადავა ისეთი ქვეყნის გუნდში, სადაც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით თამაშობენ და სეზონს ახალი წლიდან იწყებენ, მასზე ეს წესი არ გავრცელდება, რადგან ფიფა მიიჩნევს, რომ იქ ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო.

ასეთი ქვეყნებია ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ყაზახეთი, სომხეთი და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ თამაში გინდა ითამაშებ.არანაირად არ უნდა აყვე ქართულ მიდგომას"სანამ ახალგაზრდა ვარ,ვიგულავებ.მერე კი რაღაც გამოჩნდება".ვერც იგულავებ,არც არაფერი გამოჩნდება და სახელიც გატეხილი გექნება.თუ ღვთის მოცემულ ნიჭს ვერ იყენებ,სხვისას როგორ ისწავლი.ვინც თამაშობს ფეხბურთს გულით,ის დიდ ფულსაც შოულობს.
sdfghjkl;'
13:21 25-12-2014
0
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ვგულშემატკივრობ გიორგის... ძალიან მეწყინება, თუ მასაც დაავადება "ქართველი ფეხბურთელების სინდრომი" შეეყრება.... თუმცა დაავადების ტიპიური სიმპტომები უკვე შეინიშნება....
იმედა
11:42 25-12-2014
0

სიახლეები პოპულარული