დავით მახარაძე: "გურიას" სერიოზული ამოცანები აქვს და გამოცდილ ფეხბურთელებს ვეძებთ

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" უმაღლესი ლიგის კლუბებიდან ყველაზე ბოლოს, 30 იანვარს შეიკრიბა. დავით მახარაძე გუნდს ურეკში ამზადებს.

5 თებერვალს ლანჩხუთელებმა წლის პირველი საკონტროლო შეხვედრა ქობულეთის "ჩელე არენაზე" ჩაატარეს. "გურიას" მეტოქე იყო ხელვაჩაურის "მაჭახელა", რომელიც I ლიგის B ჯგუფის მესამეადგილოსანია. ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გურულთა ახალწვეულმა ბექა ბელქანიამ გაიტანა - 1:0.

გურია, I ტაიმი: გოგუაძე, ჩასემი, ბერიანიძე, ნ. კილაძე, ვ. ხორგუაშვილი, ჭეიშვილი, ტეიდი, გაგნიძე, ტ. კუკულაძე, პ. ხორგუაშვილი. კვერენჩხილაძე;
II ტაიმი: ბობღიაშვილი, ი. კილაძე, ინგოროყვა, ბელქანია, ძამსაშვილი, გაჩეჩილაძე, ჟღენტი, შენგელია, ნ. ნარიაშვილი, ბააკაშვილი,
ისიანი.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ფორმა პირველად მოირგეს გორის "დილას" ყოფილმა ფეხბურთელებმა - ტყუპმა ძმებმა პავლე და ვალტერ ხორგუაშვილებმა, "გაგრას" ნახევარმცველმა ბენჯამინ ტეიდმა და "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელმა გიორგი გაგნიძემ.

გუნდში დარჩა თავდამსხმელი ვილი ისიანი - მან პირველ წრეში რამდენიმე წარმატებული მატჩი ჩაატარა და მისით "დილაც" დაინტერესდა. საბოლოოდ, 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი არ გამოვიდა და ის კვლავ "გურიას" დაეხმარება.

გურულების მთავარი მწვრთნელი რამდენიმე მოთამაშის მიწვევის აუცილებლობაზე საუბრობს:

"ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, სათანადო შემცვლელებს ჯერ კიდევ ვეძებთ. ახლა რა რესურსიც გვქონდა, ფეხბურთელებიც იმის შესაბამისად დავიმატეთ.

ბელქანია? ახალგაზრდა, ნიჭიერი ბიჭია, ვანის "სულორში" თამაშობდა. დღეს ისე ვათამაშე, ვარჯიშზეც არ მინახავს. საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ არც ვიცი, დავტოვებთ თუ არა.

საერთოდ, "გურიას" სერიოზული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და გამოცდილ ფეხბურთელებს ვეძებთ, რომლებიც უმაღლესი ლიგისთვის მზად იქნებიან".

მახარაძემ მზადების გეგმებზეც გვითხრა:

"რადგან უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობა უცხოეთში ემზადება, სავარაუდოდ, მხოლოდ პირველი ლიგის გუნდებს თუ შევხვდებით.

ერთი მეტოქე უკვე დაზუსტებულია - მეორე მატჩს ბათუმში "ადელთან" გავმართავთ. ურეკში კი 11 თებერვლამდე დავრჩებით. მერე კი არ ვიცით, რა იქნება, რადგან შეკრების გაგრძელება მთლიანად ფინანსებზეა დამოკიდებული.

სასტუმროში ცხოვრებას, კვებასა და მოედნის დაქირავებას სოლიდური სახსრები სჭირდება. სამწუხაროდ, ახლა გრიგოლეთის ბაზა გუნდის მისაღებად მზად არ არის, რადგან საცხოვრებელი პირობები არ არის. ზაფხულში კიდევ შეიძლებოდა შესვლა, მაგრამ სიცივეში იქ ყოფნა შეუძლებელია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული