მეტალურგი-გურია 3:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO]

AutoSharing Option
"მეტალურგმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა; თანაც, სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა, თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტსაც მიუახლოვდა და პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის სრულფასოვანი რევანშიც აიღო.

არადა, მასპინძლები აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდნენ: გუნდის სამი საკვანძო ფეხბურთელი (რევაზ გეწაძე, გოგა ფიფია, გიორგი ბერიაშვილი) ტრავმირებულია, ხოლო ანზორ სუხიაშვილი და ბექა ტუღუში დისკვალიფიცირებულნი გახლდნენ.

დანაკლისი სტუმრებსაც ჰქონდათ: ასევე დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ტოვებდა "გურიას" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე თენგიზ ჩიკვილაძე.

თუმცა, "გურიას" ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები რომ აქვს, ამ მატჩშიც ნათლად გამოჩნდა და ეს ლანჩხუთელთა გუნდის მთავარმა
მწვრთნელმა რომან პოკორამაც აღნიშნა - ფაქტობრივად, თამაშების წინ შევიკრიბებით ხოლმე და ვარჯიშის საშუალებაც არა გვაქვს, თუმცა მეტოქემ დღეს დამსახურებულად გაიმარჯვაო...

Sportall.Geჩვენც ვეთანხმებით უკრაინელ სპეციალისტს: "მეტალურგმა" აშკარად დაჯაბნა მოწინააღმდეგე და არც ის იქნებოდა გასაკვირი, უფრო დიდი ანგარიშითაც რომ მოეგო.

არადა, შეხვედრის საწყისი 15 წუთი ერთობ მშვიდი და თანაბარი იყო. აი, ამის მერე კი "მეტალურგმა" პირველი გოლიც გაიტანა და თამაშიც საკუთარი კარნახით "წაიყვანა"!

პირველი გოლი კი მართლაც ეფექტური გამოდგა: სტუმართა მეკარის შეცდომით ჩინებულად ისარგებლა "მეტალურგის" ახალწვეულმა გიორგი ჩირგაძემ, რომელიც კარგად გაერკვა სიტუაციაში და მახვილი კუთხიდან ბურთი ეფექტურად "ჩაახვია" დაუცველ კარში.

"მეტალურგს" მეორე გოლის გატანაც მალევე შეეძლო, მაგრამ ლუკა რაზმაძის "ერთი შეხებით" დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა;

მერე იყო დავით კირკიტაძის თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი, როცა "მეტალურგის" მარჯვენა გარემარბი სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ეტყობა, ნამეტნავად ეფექტურად სურდა გოლის გატანა და უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ხეირი ვეღარ ნახა.

ისე, ამ ეპიზოდს მოედანზე სიტუაციის დაძაბვაც მოჰყვა: "გურიას" ერთ-ერთი ფეხბურთელი მოედნის ცენტრში დაშავდა, თუმცა "მეტალურგმა" თამაში არ გააჩერა და კინაღამ მეორე გოლიც გაიტანა.

ტაიმის ბოლო წუთზე ირაკლი სიხარულიძეს შეეძლო, თავისი გუნდის უპირატესობა განემტკიცებინა, მაგრამ ბოლო მომენტში "გურიას" ცენტრალურმა მცველმა ლევან ჩაგელიშვილმა განმუხტა სიტუაცია.

თამაშის შინაარსი არც მეორე ტაიმში შეცვლილა; ეგ კი არა, თამაშის განახლებისთანავე "მეტალურგს" კიდევ ერთი შანსი მიეცა, როცა ლევან კორღალიძის ჩინებული პასის შემდეგ გიორგი ჩირგაძე მარცხენა ფლანგიდან დაემუქრა სტუმართა კარს, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.

თუმცა "მეტალურგმა" მაინც შეძლო თავისი უპირატესობის განმტკიცება: ძირითადში დაბრუნებულმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი გავაშელიშვილმა, ფაქტობრივად, გამორბენის გარეშე, "სტანდარტული" ძლიერი და ზუსტი დარტყმით შეასრულა და ბურთი მეკარისაგან დაბალ კუთხეში გაგზავნა.

ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, "მეტალურგს" შეტევები არ შეუჩერებია და კირკიტაძეს, რაზმაძესა და გურამ გურეშიძეს არცთუ ურიგო მომენტებიც შეექმნათ.

აი, "გურიამ" კი პირველი რეალური ხიფათი 63-ე წუთზე შექმნა, როცა ალექსანდრე კოშკაძის ჩინებული პასის მერე კობა შალამბერიძე "მეტალურგის" მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

სტუმართა მეორე შეტევისას კი ყველას გარდაუვალი გოლი ეგონა, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ალექსანდრე კოშკაძის მიერ საჯარიმოდან დარტყმული რთული ბურთი მოიგერია.

სტუმრებმა მატჩის ბოლო წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა კი მოახერხეს, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა; თანაც, "მეტალურგს" მანამდე ხომ მესამე გოლი ჰქონდა გატანილი: ლევან კორღალიძის გრძელი და ზუსტი პასიც შექებას იმსახურებდა და გიორგი ჩირგაძის საბოლოო დარტყმის შესრულებაც!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
18 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზუგდიდი-მეტალურგი
გურია-ზესტაფონი

19 დეკემბერი, ხუთშაბათი
სპარტაკი-დილა
ჩიხურა-სიონი
მერანი-დინამო
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული