რომან პოკორამ არ იცის, რომ ლანჩხუთის "გურიადან" გაუშვეს?

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში ლანჩხუთის "გურია" დუბლშემადგენლობით იასპარეზებს. არადა, წესით, პირველ და მესამე ადგილებზე მყოფი გუნდების პაექრობა ტურში ცენტრალური უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთი კვირის წინ დაწყებული "სახელფასო ბუნტის" გამო შეხვედრის შედეგი იოლად გამოსაცნობია...

არადა, ორშაბათის გვიან საღამომდე "გურიას" მესვეურებს იმედი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელთა დაყოლიებას შეძლებდნენ. კლუბის დირექტორმა მათთან ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი საგარანტიო წერილები ჩაიტანა. მოლაპარაკებამ თითქმის გამთენიამდე გასტანა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა - ფეხბურთელებმა თამაშზე უარი თქვეს.

სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში თბილისში დუბლშემადგენლობით გამგზავრება. თუმცა ამასაც
გარკვეული გაურკვევლობა და, როგორც ამბობენ, შეხლა-შემოხლაც მოჰყოლია - დუბლშემადგენლობის ნაწილი მთავარი გუნდის მიმართ სოლიდარობის მომხრე იყო, თუმცა, საბოლოოდ, მეორე გუნდი თამაშზე მაინც გაემგზავრა.

ისე კი, არის საშიშროება, რომ ბოიკოტში დუბლებიც ჩაერთონ, რაც რეგლამენტის მიხედვით, ჩემპიონატიდან გუნდის მოხსნას გამოიწვევს.

ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე, წინა დღისგან განსხვავებით, იმედიანად არ არის.

"ვერ გეტყვით, საბოლოოდ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი - ძირითადი გუნდი გავა სათამაშოდ თუ დუბლშემადგენლობა. ფეხბურთელები ისეთ რაღაცებს ითხოვენ, მათი შესრულება შეუძლებელია",
- გვითხრა ურუშაძემ, თუმცა ჩაძიების მიუხედავად, არ დაგვიკონკრეტა, თუ რას ითხოვენ ფეხბურთელები.

"დიახ, სამწუხაროდ, დუბლშემადგენლობით ვიასპარეზებთ", - გვითხრეს სამშაბათ საღამოს კლუბის პრესსამსახურში, სადაც არ აქვთ ინფორმაცია კლუბის მთავარ მწვრთნელ რომან პოკორასთან დაკავშირებით.

ჩვენი ინფორმაციით, უკრაინელ სპეციალისტს გუნდიდან უშვებენ, თუმცა ამის შესახებ ჯერ ოფიციალური კომენტარი არ კეთდება. კლუბში მისით უკმაყოფილონი (?!) არიან თურმე, რაც ცოტა გასაკვირიც კია - "გურია" გაფიცვებამდე საუცხოოდ თამაშობდა.

როგორც კულუარებში აცხადებენ, პოკორა ურუშაძემ მოიწვია. თუ გახსოვთ, წარმატებები ჰქონდა დავით მახარაძეს და მისი შეცვლა არაკორექტულად გამოუვიდათ. კლუბის დღევანდელ მმართველებს კი, იმავე ხმების თანახმად, ურუშაძესთან ურთიერთობა დაეძაბათ და უკრაინელის გაშვებაც ამიტომ გადაწყდა.

თავად ურუშაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს. ინფორმაციის დასაზუსტებლად პოკორას თანაშემწე დავით მახარაძეს შევეხმიანეთ:

- როგორც იცით, დუბლშემადგენლობა უკვე გაემგზავრა თბილისში. მთავარია, შეხვედრა შედგეს, რომ არ მოგვხსნან გათამაშებიდან.

- თქვენ გუნდთან ერთად ხართ?
- არა, კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ წავსულიყავი თამაშზე. არ მაქვს ამის პრობლემა, მაგრამ წესია, რომ თუ გადის დუბლშემადგენლობა, ის მისმა მწვრთნელმა უნდა გაიყვანოს.

- კი, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გუნდი A ლიცენზიის მწვრთნელს გაჰყავს სათამაშოდ, ასეთი კი დუბლშემადგენლობას არ ჰყავს. ამ მხრივ პრობლემა ხომ არ შეიქმნება?
- ეს ფორმალური მხარეა. მთავარ მწვრთნელად დაფიქსირდება პოკორა.

- სწორედ პოკორაზე უნდა მეკითხა: უკვე ორი დღეა, ლაპარაკობენ, რომ ის გუნდიდან გაუშვეს...
- მსგავსი არაფერი გამიგია. ოთხშაბათს დილით თბილისში იქნება და თამაშზეც მივა.

- აბა, რის საფუძველზე ამბობენ ასე დაბეჯითებით?
- არ ვიცი... როცა ველაპარაკე, არაფერი უთქვამს. რომ გაეთავისუფლებინათ, ხომ ეტყოდნენ?

- ისე, თქვენც ჟურნალისტებისგან გაიგეთ, რომ გათავისუფლებული იყავით...
- მართალია, მაგრამ ეს შეცდომა იყო და დარწმუნებული ვარ, იგივე არ განმეორდება...

მხოლოდ ათი დღე...
3 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა "გურიას" მესვეურებს 10-დღიანი ვადა მისცა ფეხბურთელთა დავალიანების გასასტუმრებლად.

"ძალიან ცუდია, რომ "გურია" ასეთ დღეშია. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს ბიჭები არიან გმირები. გუნდი მესამე ადგილზეა და მისი დაშლა საცოდაობა იქნება.

როგორმე რაღაც გზა უნდა გამოინახოს. დღეს აღმასკომზე განვიხილეთ საკითხი და კლუბის მესვეურებს ვადა მიეცათ ვითარების გამოსასწორებლად",
- გვითხრა სფფ-ის აღმასკომის წევრმა და გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული