ლანჩხუთის "გურია" იშლება - გუნდი წამყვანმა შვიდეულმა დატოვა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე "გურიის" გადარჩენას ვეღარ ახერხებს - 7 აგვისტოს კლუბი წამყვანმა შვიდეულმა დატოვა და დიდი შანსია, მათ დარჩენილებმაც მიჰბაძონ, თუ მოთხოვნები ისევ უგულებელყოფილი იქნება.

ურუშაძე მძიმე დღეშია - მან და მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ ჯერ კიდევ თვეების წინათ დააანონსეს, რომ "გურია" მაჩანჩალა არ იქნებოდა.

ახლა კი საქმე ისე წავიდა, კლუბმა, შესაძლოა, ჩემპიონატი ვერც დაიწყოს. უკეთეს შემთხვევაში, გახსნის მატჩი შეიძლება დუბლშემადგენლობამ ითამაშოს, თუმცა შემდეგ რა იქნება, არავინ იცის...

ყველაფრის თავიდათავი ფინანსებია. ბევრს ეცადა გამგებელი, მაგრამ ფულის მოძიება
ვერ შეძლო.

ალბათ, მცდელობას არც ჩხაიძე დააკლებდა, თუმცა "გურიის" ლეგენდარული კაპიტანი საჯაროდ აფიქსირებს, რომ ფეხბურთში "არ ერევა" (?! - რედ.). საბოლოოდ კი, ორივემ კარგად უწყის, რომ "გურიის" პრობლემები ძირითადად მათ "დაარტყამს".

არადა, გამგებელს ფინანსების მოძიების იმედი ნამდვილად ჰქონდა. სხვა შემთხვევაში, ის ასეთ სარისკო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. თან იმ ფონზე, როცა ის გუნდი, რომელმაც "გურია" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, ექვსეულის და, პლუს ამას, საწყის ორ თვეში, ფეხბურთელების უხელფასოდ გაჩერების გარანტიას დებდა.

წესით, გამგებელს ეს შეთავაზება უნდა მიეღო, მაგრამ როგორც ამბობენ, საქმეში პოლიტიკა და ინტრიგები "ჩაერთო", რამაც საბოლოოდ "გურიის" ინტერესები დააზარალა.

დღეს ისეა საქმე, გამოსავალიც არ ჩანს. ჩვენ ექსკლუზიურად ვწერდით, რომ ამ რამდენიმე დღის წინათ "გურიის" გრიგოლეთის ბაზაზე ფეხბურთელებმა ბუნტი მოაწყვეს.

მაშინ არ გავახმაურეთ ის მწვავე საუბარი, რაც მათ გამგებელთან ჰქონდათ. ამით ვეცადეთ, კლუბში დაპირისპირება აგვეცილებინა, რაც აქეთ შემოგვიბრუნდა - ლამის ჩვენ დაგვბრალდა, თითქოს არანაირი ბუნტი არ ყოფილა და გავაბუქეთ.

თუმცა ჭირმა თავი არ დამალა. მაშინ "გურიიდან" ოთხეულის გაშვება იგეგმებოდა (გაფიცვის ორგანიზების ბრალდებით), თუმცა მთელი გუნდის სოლიდარობის შემდეგ, არავინ გაუშვიათ.

ახლა კი კლუბი დატოვა წამყვანმა შვიდეულმა: სევასტი თოდუამ, ედიკ საჯაიამ, ალექსანდრე ინწკირველმა, ზურაბ მენთეშაშვილმა, მიხეილ ალავიძემ, რევაზ გოცირიძემ და ზაალ ელიავამ.

ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რამხელა ძალა დააკლდა გუნდს.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელებს 2 000-ლარიან ხელფასს დაჰპირდნენ, თუმცა ბოლოს უთხრეს, რომ ეს იყო დარიცხული 2 000 და ხელზე 1 600 ლარს მიიღებდნენ.

ამას გარდა, სევასტი თოდუა "გურიის" ძველ შემადგენლობასთან ერთად დარჩენილ დავალიანებასაც ითხოვდა, რაშიც მას გვერდში ახალწვეულთა ზემოთ ნახსენები ექვსეულიც დაუდგა.

ამჟამად, "გურიაში" მაინც რჩება ფეხბურთელთა ის კონტინგენტი, რომელსაც უმაღლეს ლიგაში თამაში ძალუძს, თუმცა პრობლემა ამ მხრივაცაა - ძველი დავალიანების დაფარვის გარეშე ისინი თამაშს არ აპირებენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სეზონის გახსნამდე ორიოდე დღეა დარჩენილი, დიდი ალბათობით, "გურია" "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში დუბლშემადგენლობით ესტუმრება, ოღონდ, თუ ამ ორ დღეში ძირითადის მოთამაშეები არ დაიყოლიეს, ანდა ფული გამოჩნდა.

ამის შანსი კი მეტისმეტად დაბალია. კომენტარისთვის "გურიის" ერთ-ერთ ლიდერს, სევასტი თოდუას დავუკავშირდით:

- რა ხდება, რატომ დატოვეთ გუნდი?
- ამდენი ხანია, რაც ფეხბურთში ვარ და ამდენი ტყუილი არ მომისმენია. სამი თვეა, სახლში ერთი თეთრი არ გამიგზავნია.

ყველამ იცის, რომ "გურიაში" ფულისთვის არ ვიყავი, არც ეს ბიჭები, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას ვერ ავიტანდით.

გადახედეთ, რა ხალხმა დატოვა გუნდი, რა დონეზე აქვთ ნათამაშები. ფულსაც არ ვითხოვდით უსაშველოს - უმაღლეს ლიგაში და თან ასეთი დონის მოთამაშეებისთვის 2 ათასი ლარი არც არაფერია.

თავიდან დაგვპირდნენ და მერე 1 600 ლარიო, გვითხრეს. ექვსეულის პირობას ვიძლეოდით. ამათ რა უნდათ, ვერ გავიგე!

- ამ დაკლებულ ხელფასზეც დათანხმდით?
- არა, რას დავთანხმდით. ვაჭრობას ვერ დავუწყებდით, ბაზარში ხომ არ ვართ?! სამ დღეში ჩემპიონატი იწყება და ასე გვექცევიან! ძველი დავალიანებაც არ გაუსტუმრებიათ, ბიუჯეტი არ აქვთ. თუ საქმე არ იცოდნენ, რა უნდოდათ, ფეხბურთში რომ მოდიოდნენ?!

- უთუოდ ეცდებოდით გარკვევას და რას გეუბნებიან?
- რა უნდა გვითხრან? გამგებელი რომ კვირაში სამჯერ მოგატყუებს, იქ ყველაფერი დამთავრებულია! რაზე უნდა ილაპარაკო ამის შემდეგ?!

- როგორც ვიცი, ფეხბურთელთა ნაწილი გამგებელს დღესაც (7 აგვისტოს - ავტ.) შეხვდა...
- კი, შეხვდნენ. მე არ წავსულვარ, ამდენი ტყუილის მოსმენა ყელში ამოვიდა. იმასაც ვფიქრობ, რომ გამგებელს პროფესიონალი და საქმის გამკეთებელი ხალხი არ აწყობს, ის ხალხი, რომელიც სიმართლეს პირში ეტყვის.

ბაზაზე რომ შეკრება იყო, მაშინ გამგებელს პირში მივახალე ყველაფერი და როგორც ჩანს, ბოღმა ჩაიდო გულში. 300 თუ 500 ლარს დაგირიგებთო, ძველი დავალიანების მოცემა არ უნდოდათ.

ახალმოსული ბიჭები გვერდში დაგვიდგნენ. ვინც დარჩა, მათ თქვეს - თუ ძველი დავალიანება არ ჩაირიცხება, სათამაშოდ არ გავალთო. მათი გადასაწყვეტია.

- რას აპირებთ?
- რა უნდა ვქნათ, ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღეა დარჩენილი, მაგრამ არ დავიკარგებით - ჩვენს თავს მივხედავთ.

"გურიაზეც" ძალიან მწყდება გული, ამათ ხელში რა ელის გუნდს, არ ვიცი. მთელი ლანჩხუთი უმაღლესი ლიგის მოლოდინშია და ასეთ "სიურპრიზს" უწყობენ გულშემატკივრებს...

* * *

მასალის მომზადების შემდეგ ზაზა ურუშაძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ გამგებელს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მის პოზიციას, თუ სურვილიც ექნება, უახლოეს ნომერში აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გამგებელმა ლანჩხუთის "გურია" დაშლას გადაარჩინა?
სოფო შევარდნაძე: ჩემი ოჯახისა და მამაჩემის ღვაწლი დაავიწყდათ?
ზაზა ურუშაძე ზვიად სიჭინავას ბოდიშის მოსახდელად დაურეკავს
პოლიტიკური ფეხბურთი: უარი სფფ-ს, გრფფ-სა და 80-იანი წლების "გურიის" წევრებს
გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვას რას ელოდით? ლიცენზიაც არ ჰქონდა და სხვა კლუბის ადგილი დაიკავა, სხვა ლიცენზირებული კლუბი დაეშვათ უმაღლესში
mkitxveli
20:11 08-08-2013
0
სტატიის ავტორი მამუკა ქანთარია მეც გამიკვირდა ამ საიტზე სულ სხვანაირად გადმოგვცემენ გურიის ამბებს ასე ვთქვათ Aვტორს ძაან გაუხარდება გურია რო მართლა დაიშალოს ალბათ მთელი გულით და სულით უნდა ასე მოხდეს
lanchxuteli
17:03 08-08-2013
0

სიახლეები პოპულარული