ელგუჯა ქომეთიანი: პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი ძალიან სუსტად ჩაატარა - 10 მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა და ჩემპიონატის ფორმატიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში დარჩენა უკვე დაბევებული რომ არ ჰქონოდა, ეს ძალიან გაუჭირდებოდა.

სეზონის დასრულებისთანავე ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა იტვირთა და გადადგომის შესახებ განაცხადა.

23 მაისს კი 57 წლის სპეციალისტმა "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალში მწვრთნელობას აღარ აპირებს. ქომეთიანს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვესაუბრეთ.

- როგორც ჩანს, თქვენი განცხადება არა ცხელ გულზე გაკეთებული, არამედ დიდი ხნის ნაფიქრი ყოფილა...
- დიახ, ბევრი
ვიფიქრე და გადავწყვიტე, თანამდებობა დავტოვო. მეტიც, მომავალში მწვრთნელად ვეღარ მიხილავთ. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ ასპარეზი სხვებს დავუთმო. რაც მთავარია, "ზუგდიდის" მიერ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ნაჩვენები შედეგი სხვა არჩევანს აღარ მიტოვებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება. შექმნილი სიტუაციით, უბრალოდ, განადგურებული ვარ და ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა.

შემთხვევით ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი ჩემს ფეხბურთელებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში მიმუშავია. მადლიერი ვარ ოთარ გაბელიასი, რომლის დიდი წვლილია იმაში, რომ "ზუგდიდი" ზედა ექვსეულში მოხვდა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ამ წუთას არავითარი გეგმა არ გამაჩნია. ფეხბურთის გარდა, სხვა საქმეში არ გამოვდგები და თუ "ზუგდიდი" ჩემს სამსახურს სხვა ამპლუაში ისურვებს, სიამოვნებით დავთანხმდები. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- გასაგებია, რომ თვითკრიტიკული ხართ, რაც ბევრ თქვენს კოლეგას აშკარად აკლია. თუმცა წარმოუდგენელია, ამ წარუმატებლობას სხვა მიზეზებიც არ ჰქონდეს...
- მაშინ, როცა კლუბში ხელფასები თვეობით არ რიგდებოდა და ძირითად შემადგენლობაში 16-17 წლის ბიჭები თამაშობდნენ, უკეთესი შედეგი გვქონდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და წესით, ჩემს გაზრდილ ფეხბურთელებს უნდა მოემატებინათ, მაგრამ პირიქით მოხდა. ასე რომ, დამნაშავე მე ვარ.

რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც იყო - წამყვან ფეხბურთელთა ტრავმები და ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, საპრიზო სამეულში მოხვედრის ამბიცია და შანსი არ გვქონია, მაგრამ წამყვან ქართულ კლუბებთან უფრო ღირსეულად ბრძოლა გვმართებდა.

- გასული სეზონიდან პოზიტიურს საერთოდ ვერაფერს გაიხსენებთ?
- მეორე ეტაპიდან ვერაფერს, პირველ ეტაპზე კი რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ.

- ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით?
- უკვე რამდენიმე თვეა, მიზეზთა გამო ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე ვეღარ ვვარჯიშობთ, რამაც გუნდს დაღი დაასვა. ვარჯიშებს სოფელ რუხისა და კახათის მოედნებზე ვატარებდით, სადაც მოედნის საფარიც არ იყო კარგ მდგომარეობაში და არც ელემენტარული ჰიგიენური პირობები გახლდათ დაცული.

წარმოიდგინეთ, ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელები დასაბანად ქალაქის აბანოში დაგვყავდა.

რასაკვირველია, ასეთ პირობებში ვარჯიში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დამთრგუნველია და პრაქტიკულად, შეუძლებელია, მან მოედანზე შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოავლინოს.

- "ზუგდიდს" ზამთარში უკვე გარანტირებული ჰქონდა უმაღლეს ლიგაში დარჩენა. რომ არა ჩემპიონატის ამჟამინდელი ფორმატი, თქვენი ფეხბურთელები უფრო დიდი მონდომებით ხომ არ ითამაშებდნენ?
- რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ჩემმა ფეხბურთელებმა ბრძოლის ჟინი დაკარგეს, მაგრამ ესეც ჩემი ბრალია. მაგალითად, ანტალიურ შეკრებაზე "ზუგდიდი" საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ექვსი საკონტროლო მატჩიდან სამი მოიგო, ხოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

- რა ფინანსური და საკადრო რესურსებით შეხვდება "ზუგდიდი" მომავალ სეზონს?
- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. იცით, რომ კლუბს კერძო სპონსორი არ ჰყავს და მთლიანად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კმაყოფაზეა. საბედნიეროდ, გასული სეზონი ფინანსური კუთხით ნორმალურად ჩავამთავრეთ. სახელფასო დავალიანება არ არსებობს, უახლოეს დღეებში ფეხბურთელები მაისის ხელფასებსაც მიიღებენ, პრემია კი გასაცემი არ არის, რადგან მიმდინარე წელს ჩემპიონატის ერთი მატჩიც არ მოგვიგია.

რაც შეეხება მომავალს, ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება და უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი დაფინანსდება. როგორც ცნობილია, უმაღლესი ლიგის კლუბების რაოდენობის 16-მდე გაზრდა იგეგმება და ამ იდეას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები - ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ყველა უმაღლესლიგელს სტაბილური დაფინანსება ექნება. სხვაგვარად, სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატის დონის ამაღლების გზები ჯერჯერობით არ ჩანს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
"ზუგდიდი" - ახალი დირექტორი და ოპტიმისტური ფონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული