ჩიხურა-დინამო თბ 2:4 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]

AutoSharing Option
საჩემპიონო ექვსეულში "ჩიხურას" გასვლა, თანაც მეოთხე ადგილით, სენსაციად აღიარა სპორტულმა საზოგადოებამ.

ჩემი გუნდისაგან კიდევ ელოდეთ სენსაციებსო, განაცხადა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მეორე ეტაპის დაწყების წინ და დანაქადნები შეასრულა კიდეც - "ჩიხურა" თასის ფინალშია!

ესეც სენსაციაა და ისიც, რომ ფინალისტობამ გუნდს ევროპის ლიგის საგზური გაუნაღდა.

საჩხერელი მაყურებელი მორიგ სენსაციას ამ მატჩშიც ელოდა; ფიქრობდა, სადღეისოდ საქართველოში ყველაზე ძლიერ გუნდს დაამარცხებდა მათი საყვარელი გუნდი, რომელსაც აქამდე ერთხელაც არ მოუგია სტუმრებისათვის, მაგრამ ეს სენსაცია აღარ მოხდა; თუმცა "ჩიხურას" კიდევ აქვს ერთი სენსაციის შანსი და ამაზე
ქვემოთ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკვე გაჩემპიონებულ "დინამოს" მწვრთნელს, დუშან უჰრინს, აქვს ფუფუნება იმისა, რომ შემადგენლობა ისე გადაახალისოს, როგორც მოესურვება. სოსო ფრუიძის ანალოგიური საქციელი კი (უკვე მერამდენედ) იძულებით იყო გამოწვეული. მას თასის ფინალშიც ძალიან დააკლდება "დინამოდან" იჯარით გადმოყვანილი წამყვანი ფეხბურთელები: გიორგი რეხვიაშვილი და დავით ოდიკაძე. ტრავმის გამო ვერ ითამაშა შოთა კაშიამ.

Sportall.Geმიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, თამაში ერთობ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყის 15 წუთში უპირატესობა მთლიანად საჩხერელთა მხარეს იყო, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობის დეფიციტის გამო მიზანს ვერ მიაღწიეს, რაშიც თორნიკე ზარქუას სიფხიზლემაც შეუშალა ხელი.

ტრავმირებული ჩიკვაიძის გასვლის შემდეგ იგრძნეს თავი უფრო ლაღად სტუმრებმა. გიორგი მერებაშვილმა და პეტერ გრაიციარმა ფლანგებიდან პირდაპირ აიკლეს მეტოქის საჯარიმო.

და მაინც, პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს და ეს ისე ლამაზად გააკეთეს, რომ ნებისმიერი რანგის შეხვედრას დაამშვენებდა: 28-ე წუთზე ქიმაძის გამოზომილი პასით საჯარიმოში შეჭრილმა, ამ შეხვედრაში საჩხერელთა ყველაზე "ნათელმა წერტილმა" ბესიკ დეკანოიძემ ჯერ მენდი მოატყუა, მერე ბავშვივით გააბითურა უსტარიცი და გოლიც გაიტანა.

34-ე წუთზე უსტარიცმა კიდევ ერთხელ "ივაჟკაცა" დეკანოიძის წინააღმდეგ. სენსაციის მომლოდინე მაყურებელს ამაო გმინვა აღმოხდა: დავით ბოლქვაძის ჯარიმას თავგანწირვით გადაეღობა მეკარე.

ორწუთიან მონაკვეთში დინამოელები თითქმის ჩასახლდნენ "ჩიხურას" საჯარიმოში, რასაც შედეგად მოჰყვა გრაიციარის არანაკლებ ლამაზი, ისევ ხარიხის გავლით გატანილი გოლი!

ვერაფრით გავერკვიეთ, 43-ე წუთზე ისეთი რა დაუშავა თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ მოწინააღმდეგის თავდამსხმელს გიორგი სომხიშვილმა, რომ არბიტრმა უყოყმანოდ მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისაკენ: ჩისკომ პენალტი ზუსტად დაარტყა.

ზუსტად ერთ წუთში კი მერებაშვილმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა დაბნეული მასპინძლები.

მეორე ტაიმის განმავლობაში ელვისებურად ცვლიდა ასპროცენტიანი საგოლე მომენტები ერთმანეთს. 57-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა: ჩისკომ უზუსტესი პასით ახეირა კოტო.

მეორე ტაიმის შუაწელში თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა (მაყურებლებმა პლასტმასის ბოთლები ისროლეს გვერდითი მსაჯის მიმართულებით), - ქომაგთა საქციელს არაფერი ამართლებს, რა თქმა უნდა.

საბოლოო წერტილი მატჩს 85-ე წუთზე დაესვა, როცა დეკანოიძის მორიგი აქტიურობა საჯარიმოში ჩაწოდებით და ედიკ საჯაიას თავური დარტყმით დასრულდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სენსაცია არ მოხდა, თუმცა ამის შესაძლებლობა კიდევ აქვთ საჩხერელებს 22 მაისს, თასის ფინალურ მატჩში.

მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი:
"განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავდით. უბრალოდ, საქმეს ჩვეული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და მოვიგეთ კიდეც, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. მთავარია თასის ფინალი და ძირითადი აქცენტი მასზე გვაქვს გადატანილი".

სოსო ფრუიძე:
"განწირულები ნამდვილად არ ვიყავით, მომენტები ჩვენც უამრავი გვქონდა, თუმცა შესუსტებული შემადგენლობით დღევანდელი "დინამოს" დამარცხება უფრო ფანტაზიის სფეროა, ვიდრე რეალობისა. წინ ფინალია, ვიბრძოლებთ შესაძლებლობების მაქსიმუმით".

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული