ჩიხურა-ტორპედო 1:1 - თამაში ბრწყინვალე, ფრე ლოგიკური [VIDEO]

AutoSharing Option
გასაგები მიზეზის გამო, სიფრთხილის ფონზე მიმდინარე მართლაც ბრწყინვალე მატჩში ოდნავ უპირატესობას (განსაკუთრებით მეორე ტაიმში) "ჩიხურა" ფლობდა, მაგრამ ეს "ოდნავ" საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისათვის.

მიზეზი სიფრთხილისა კი ის გახლდათ, რომ ორივე გუნდი (გაცილებით უკეთესი შანსით "ტორპედო") საპრიზო ადგილებისათვის იბრძვის, რისთვისაც თავი "შეაკლეს" ერთმანეთს, ამ სიტყვის კარგი გაგებით.

არადა, მასპინძლები, გამარჯვების შემთხვევაში, შანსს თითქმის ათანაბრებდნენ, სტუმრებს კი საქმე შედარებით ურთულდებოდათ.

ალბათ, მოსალოდნელი დაძაბულობის შედეგებისაგან დაზღვევის მიზნით, მსაჯმა ვადაჭკორიამ უკვე მეოთხე წუთზე გააფრთხილა ჩიკვაიძე სავსებით ჩვეულებრივი ჯარიმისათვის, თუმცა, იმავე წუთზე, ვერ შენიშნა დათუნაიშვილის
გაცილებით მეტი უხეშობა. სხვა შემთხვევაში არბიტრი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ქუთაისელთაგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გოლის გამტანი ბერიაშვილი იყო, საჩხერელთაგან კი, მიუხედავად უამრავი საგოლე მომენტის გაფანტვისა, მაინც დეკანოიძე გამოირჩეოდა, რომელმაც საწყის წუთებშივე რამდენჯერმე ვერ გაისწორა მიზანი.

სტუმრები ჩვეული გრძელი გადაცემებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, მასპინძლები კი - კომბინაციური თამაშით, რასაც ბოლო ფაზაში უზუსტობა მოსდევდა.

პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი, მე-15 წუთზე მაინც რიონისპირელებმა შექმნეს - ნარიკოშეტალი ბურთი ძლივს მოიგერია კუთხურზე სომხიშვილმა.

მე-19 წუთზე გოლი კი გავიდა, მაგრამ მას შემდეგ, როცა ანალოგიურ მომენტში მოწინააღმდეგის თავდამსხმელმა კინაღამ ხელი წააცალა "ჩიხურას" მეკარეს, ბუნებრივია, გოლი არ ჩაითვალა.

უმალვე დეკანოიძის უზუსტობა რომ არა, მიგინეიშვილი უძლური იქნებოდა. ასევე ვერ იხსნიდა გუნდს გოლისაგან კაშიას მიერ 38-ე წუთზე დარტყმული ჯარიმის შემდეგაც, რომელიც მილიმეტრებით გადაცდა ხარიხას.

მეორე ტაიმის მე-7 წუთზე გოლის გაუტანლობა უკვე არალოგიკური იყო: ლომაშვილის უზუსტესი ჩაწოდება, დეკანოიძის უძლიერესი თავური დარტყმა და მიგინეიშვილის ნახტომი - სასწაული!

არალოგიკური იყო უგოლობა მე-10 წუთზეც: მოედანზე ახალშემოსულმა საბანაძემ ცარიელ კარში ზუსტად კი გაგზავნა ბურთი, მაგრამ იმდენად ძლიერად ვერა, რომ კაშიას თავგანწირვა უშედეგო ყოფილიყო.

65-ე წუთამდე უგოლო ხიფათს ხიფათი მოსდევდა ორივე კართან, სანამ ბერიაშვილმა არ გამოიყენა შედარებით უწყინარი სიტუაცია - 1:0.

დამარცხების წინაშე მდგარმა საჩხერლებმა შეტევები გააორმაგეს და ზუსტად 9 წუთში ყველაფერი ლოგიკას დაექვემდებარა: დეკანოიძის საიუველირო პასი, კვასხვაძის ასეთივე დარტყმა და 1:1.

VideoSportall.Ge
19.04.13. ჩიხურა - ტორპედო 1:1


თამაშის დასრულებამდე დარჩენილ დროში ორჯერ დეკანოიძე, ერთხელ გოცირიძე ვალდებულები იყვნენ გაეტანათ. შესაძლებლობა სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგრამ...

მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე: "იმდენად საინტერესო, ლამაზი და ვაჟკაცური თამაში იყო, რომ ცოდვა იქნებოდა რომელიმეს დამარცხება.

მადლობა ორივე გუნდის ბიჭებს თავდადებისათვის. დაფიქსირებული ანგარიშით ქუთაისლებმა ჩვენზე მეტად იხეირეს - ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნეს, მაგრამ ფარ-ხმალს არ დავყრით, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ეს არა მარტო თასს ეხება."


გია გეგუჩაძემ რატომღაც თავი შეიკავა კომენტარისაგან.

ივანწმინდა. 700 მაყურებელი
ჩიხურა-ტორპედო 1:1
გოლები: ბერიაშვილი (65), კვასხვაძე (74)
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (4), კაშია (44), გიგაური (76), გურული (90+1)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ჩიხურა: სომხიშვილი, კირკიტაძე, კვასხვაძე, დიღმელაშვილი, ლომაშვილი, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, საჯაია
მწვრთნელი: ს. ფრუიძე

შეცვლები: კირკიტაძე - გოცირიძე (68), ჩიკვაიძე - ბოლქვაძე (76), ლომაშვილი - ქიმაძე (89)
სათადარიგო: მწყერაშვილი, გუშარაშვილი, ზაბახიძე, ჭელიძე

ტორპედო: მიგინეიშვილი, ჭელიძე, გურული, რიგვავა, ტაბატაძე, გიგაური, დათუნაიშვილი, დოლიძე, ტუღუში, გრიგალაშვილი, ბერიაშვილი
მწვრთნელი: გ. გეგუჩაძე

შეცვლები: დოლიძე - საბანაძე (54), ტუღუში - კუხიანიძე (69), გრიგალაშვილი - ფანცულაია (80)

სათადარიგო: ქვილითაია, ცინცაძე, ფირცხალავა, მარკოზაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გია გეგუჩაძე (,,ტორპედო”) - ,,ამჯერად ვრცელი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ქართულ ფეხბურთში რაც ხდება ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რატომღაც ამას ჟურნალისტები სათანადოდ არ აშუქებთ.”
SHOTIKO75
00:46 21-04-2013
0
ბატონო ლაშხი, ინებეთ გეგუჩაძის კომენტარი: გია გეგუჩაძე (,,ტორპედო”) - ,,ამჯერად ვრცელი კომენტარისგან თავს შევიკავებ. ქართულ ფეხბურთში რაც ხდება ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რატომღაც ამას ჟურნალისტები სათანადოდ არ აშუქებთ.”
SHOTIKO75
00:20 21-04-2013
0

სიახლეები პოპულარული