ეროვნული ლიგა. XVIII ტურის წინ: კლასიკოც და ვისვენებთ!

AutoSharing Option
დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVIII ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.

ტურის მთავარი დაპირისპირება თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება, სადაც "ქართულ კლასიკოში" თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

მანამდე კი ორი შეხვედრა ჩატარდება. 18:00 სთ-ზე ქობულეთში ადგილობრივი "შუქურა" თბილისის "საბურთალოს" მიიღებს, ხოლო 19:00 სთ-ზე ბათუმის "რაგბი არენაზე" ადგილობრივი "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთის" დაპირისპირება დაიწყება.

შუქურა-საბურთალო
დაახლოებით ერთი თვის წინათ იყო, "შუქურაში" მორიგი (სეზონის დაწყებიდან - მეოთხე!) სამწვრთნელო გადაადგილება რომ მოხდა და ამ სიახლემ მშვენიერი შედეგი
მოიტანა: ახალი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით, ქობულეთელთა გუნდმა სეზონში პირველი გამარჯვება (თანაც, სტუმრად და დიდი ანგარიშით) მოიპოვა.

სამწუხაროდ, ამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია და ამის მერე "შუქურამ" ზედიზედ 2 მატჩი წააგო დიდი ანგარიშით. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "შუქურა" სერიოზულად თუ არ გაძლიერდა, ძალიან გაუჭირდება ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ეს საფრთხე "საბურთალოს" ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ ამ ახალგაზრდულ გუნდსაც რომ ესაჭიროება გაძლიერება ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე, ესეც ფაქტია.

თუმცა, იმის იმედიც უნდა დავიტოვოთ, რომ "საბურთალოს" მალე დაუბრუნდება ტრავმირებულ ფეხბურთელთა ძალიან დიდი ჯგუფი და ყოველივე ეს შედეგზეც უნდა აისახოს. მანამდე კი, "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს კვლავაც ბევრი ფიქრი მოუწევს მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩევად...

დინამო (ბთ)-კოლხეთი
ეს მართლაც უცნაურობაზე მეტს წააგავს: რამდენი წელიწადი ელოდა ბათუმის "დინამო", რომ საშინაო მატჩები მშობლიურ ქალაქში გაემართა და ბედის ირონიით ისე მოხდა, რომ მართლაც შინ დაბრუნებულმა გუნდმა ჯერ ვერც ერთხელ ვერ მოიგო ნაღდი საშინაო მატჩი - უკვე 4 (ოთხი!) მატჩი ჩაატარა ბათუმის სარაგბო სტადიონის სავსე ტრიბუნების წინ (თანაც, სამი სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით) და მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა.

არადა, წინა სეზონის ბრინჯაოსპრიზიორი ერთობ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობით ასრულებს მეორე წრეს და ამ მატჩსაც უდიდესი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს უკრაინელი მწვრთნელის, კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოსათვის", თანაც, ბოლო სამი მატჩია, ბათუმის "დინამოს" გოლი არ გაუტანია მეტოქეთა კარში...

ასევე არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს "კოლხეთსაც", ოღონდ ეს გუნდი, "დინამოსგან" განსხვავებით, ჯერ ვერ ეღირსა, მშობლიურ ქალაქში რომ ჩაატაროს საშინაო მატჩები. სამაგიეროდ, სტუმრად ყოჩაღობს გელა სანაიას გუნდი: "კოლხეთს" ბოლო სამი საგარეო მატჩი არ წაუგია.

ისე, "კოლხეთის" ცხრილის ქვედა ნაწილში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ამ გუნდის ფეხბურთელთა ჭარბი წითელ-ყვითელი ბარათებია. ჰოდა, დისკვალიფიკაციების გამოც არის, გელა სანაიას, ფაქტობრივად, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული რომ არ მისცემია საშუალება, მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა გამოეყვანა...

დინამო (თბ)-ტორპედო
სიმბოლურია, რომ მეორე წრის ბოლო მატჩში ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს არა მხოლოდ მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე გამორჩეული გუნდი, არამედ, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბები.

არაფერს ვამბობთ უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ "ქართულ კლასიკოზე" - სატურნირო მდგომარეობის გაუთვალისწინებლადაც უდიდეს ინტერესს რომ იწვევს!..

კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" უკვე გახდა "გაზაფხულის ჩემპიონი" (როცა, პირველი წრის გამარჯვებული გახდა); ახლა კიდევ ერთი არაოფიციალური ტიტულიც მიემატება: "დინამომ" მეორე წრეც ჩინებულად ჩაატარა (6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) და "ზაფხულის ჩემპიონიც" ასევე დამსახურებულად გახდა.

საოცარი შედეგით ხვდება მორიგ "ქართულ კლასიკოს" კახა ჩხეტიანის გუნდი: მეორე წრის სტარტზე, "საბურთალოსთან" ფრედ დამთავრებული თამაშის მერე, "ტორპედომ" ზედიზედ 7 (შვიდი) მატჩი მოიგო.

ანუ ეროვნულ ლიგაში მეორე წრეში საუკეთესო შედეგი სწორედ "ტორპედოს" აქვს (ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს) და აღარაფერს ვამბობთ კიდევ ერთ მართლაც გამორჩეულ მაჩვენებელზე: მეორე წრეში ქუთაისელთა გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა! არადა, როგორ უნდა შეინარჩუნოს ასეთი გამორჩეული სერია "ტორპედოს" მეკარემ და კაპიტანმა როინ კვასხვაძემ, როცა მეტოქე თბილისის "დინამოა" - ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდი, ბოლო სამ მატჩში 13 გოლი რომ გაიტანა მეტოქეთა კარში...

იმის გარდა, რომ მორიგ "ქართულ კლასიკოში" მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე გამორჩეული გუნდი ხვდება ერთმანეთს, ამ მატჩს სხვა დატვირთვაც ექნება: "ტორპედოსთვის" ხომ გენერალურ რეპეტიციად უნდა ჩაითვალოს ევროტურნირების დაწყების წინ. ჰოდა, თბილისის "დინამოზე" უკეთესი "გამომცდელიც" რომელი გუნდი უნდა იყოს.

ეროვნული ლიგა. XVIII ტური
21 ივნისი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 18:00
შუქურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =0 -2, 3-8
პირველი წრე 0:5

ბათუმი. "რაგბი არენა". 19:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
50: +21 =12 -17, 60-51
დისკვალიფიკაცია: ლ. გოგონაია, ც. ქებურია (კოლხეთი)
პირველი წრე 1:0

თბილისი. "დინამო არენა". 21:00. LIVE "II არხზე" 
დინამო (თბ)-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
64: +33 =16 -15, 110-60
პირველი წრე 2:0

20 ივნისი
ჩიხურა-ლოკომოტივი 0:3
სამტრედია-დილა 3:2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგით რა... არ მოგბეზრდათ ეს "ქართული კლასიკო" ?! ერთადერთი ცუდი რაც გააკეთა ივო შუშაკმა ამ ტერმინის დამკვიდრება იყო. წარმოუდგენლად იაფი ტერმინია და სასაცილოც აღარ არის უკვე
დი ბიაჯო
16:42 21-06-2017
0
იქნებ განმარტო ,,ურნალისტ" რას ნიშნავს -,,ქართულ კლასიკოში"
დათო
14:29 21-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული