გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს

AutoSharing Option
"ლელომ" შეიტყო, რომ გიორგი კახელიშვილი ქობულეთის "შუქურაში" ითამაშებს. ეს ამბავი თბილისის "შევარდენი 1906"-ის დირექტორმა გეგი კიკაბიძემ დაგვიდასტურა.

"დიახ, კახელიშვილმა "შევარდენი" დატოვა და კარიერას ეროვნული ლიგის კლუბ ქობულეთის "შუქურაში" გააგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ "კახელო" ჩვენთან ცოტა ხნით თამაშობდა, მისი უზომოდ მადლიერები ვართ. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და დიდი როლიც ითამაშა, ჩემპიონატში წარმატებით რომ გამოვდივართ. გიორგის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ", - ამბობს კიკაბიძე.

გიორგი კახელიშვილი თბილისის "შევარდენი 1906"-ში თებერვლიდან თამაშობს. 29 წლის გამოცდილი თავდამსხმელი მუდამ ლიდერ კლუბებში ირჯებოდა, მაგრამ 2016 წელს
აუტსაიდერ "ცხინვალში" მოხვდა, წლეულს კი, მოულოდნელად, სეზონის დაწყებამდე უგუნდოდ დარჩა და რანგით მესამე ლიგაში თამაშს ფორმის შესანარჩუნებლად დათანხმდა.

ეს "შევარდენი 1906"-ის ბოლო დანაკლისი არ არის - კიკაბიძის თქმით, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემაც დატოვა, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს, კახი გოგიჩაიშვილს შეცვლის, მის ნაცვლად კი დროებით გუნდს გიორგი ხუბეჯიშვილი ავარჯიშებს.

რაც შეეხება ქობულეთის "შუქურას", მისი დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, საკადრო ცვლილებები უკვე დაწყებულია:

"კახელიშვილის მოსვლა საკადრო ცვლილებების დასაწყისია. ჩვენდა სამწუხაროდ, მოთამაშეთა ნაწილმა იმედები ვერ გაგვიმართლა, მაგრამ ჯერ ნამატზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

უკვე იცით, რომ კაპიტანმა ბექა მახარაძემ დაგვტოვა და ბათუმის "დინამოს" დაუბრუნდა. არახალია, რომ უზბეკ ალექსანდრ კლეცკოვს კონტრაქტი გავუწყვიტეთ. იგივე მოხდა უკრაინელების - ივან რუდნიცკისა და მეკარე იური კამინსკის შემთხვევაშიც. ირაკლი ჭეჟიას ამბავი გასარკვევი იყო და საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ ორივესთვის აჯობებდა, ხელშეკრულება გაგვეწყვიტა.

მოთამაშეთა დამატებას კი, ძირითადად, სატრანსფერო პაუზის დროს ვაპირებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული