[სპეციალისტის თვალით] უჩა სოსიაშვილის ფიქრები, დასკვნები და მოლოდინი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. მართალია, ფინიშამდე ჯერ შორია, ეკვატორიც არ არის გავლილი, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებებზე ლაპარაკი უკვე შეიძლება...

თამაში იშვიათად ჩაივლის, ტრიბუნაზე უჩა სოსიაშვილი არ შენიშნოთ. ახალგაზრდა მწვრთნელი დროებით უმუშევარია, თუმცა განვითარებაზე ფიქრსა და ზრუნვას არ წყვეტს. სწორედ მას ვთხოვეთ მიმდინარე პირველობის ზოგადი ტენდენციების შეფასება...

სოსიაშვილის ფიქრები, დასკვნები და მოლოდინი

პოზიტივი
- ფაქტია, რომ დაძაბულობა მეტია, ვიდრე წინა ჩემპიონატში. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხის თვალსაზრისით პროგრესი დიდია, მაგრამ დაძაბულობა ნამდვილად მეტია. ამას განაპირობებს ის, რომ 10-გუნდიანი ჩემპიონატია. ფეხბურთელები გადანაწილდნენ სხვადასხვა
გუნდებში და ეს განაპირობა იმან, რომ ყველა კლუბში გამოჩნდა ფინანსები...

ცალკე უნდა ვთქვა გაშუქებაზე. ეს ნებისმიერი ტურნირისთვის უმთავრესი პირობაა. როგორ იყო ადრე, გახსოვთ? ტურში მხოლოდ ერთ თამაშს ვნახულობდით, მერე კი ველოდით ჟურნალისტების შეფასებას. ახლა ყველა თამაშის ნახვაა შესაძლებელი და ეს ძალიან კარგია. შეგვიძლია, ვნახოთ ტურის მიმოხილვა და ასე შემდეგ...

ჩახედეთ ცხრილს - მერვე ადგილზე მყოფ გუნდსაც კი აქვს ევროტურნირებზე გასვლის შანსი. ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ამა თუ იმ მატჩის შედეგის პროგნოზირება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რომელი გუნდი რომელს მოუგებს.

პრობლემა
- რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს საკლუბო ფეხბურთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ერთის გამორჩევა მთხოვეთ და მეც გამოვარჩევ ამ პრობლემას - ეს არის ინფრასტრუქტურა. ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს კარგი სტადიონი და ბაზა, რათა ამ ბაზაზე კარგ პირობებში შეძლოს მომზადება და მერე უშუალოდ გადავიდეს თამაშზე ის მონახაზი, რომელსაც მწვრთნელი ვარჯიშებზე ადგენს და ხვეწს.

რა თქმა უნდა, ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ თუ გვინდა რეალური პროგრესი, ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს. ამის გარეშე, ხელშესახები პროგრესის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

თუ თითო რეგიონში ჩვენ გვექნება დაახლოებით ისეთი საფეხბურთო აკადემია, როგორიც აქვს თბილისის "დინამოს", მაშინ პროგრესი აუცილებლად გვექნება. იმ აკადემიაში თავს მოიყრიან რეგიონში გამორჩეული ბავშვები და გამოცოცხლდება ფეხბურთი...

მივადექით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას - ეს არის სკოლების პრობლემა. ყველამ ვიცით, რომ დღეს საფეხბურთო სკოლების საუკეთესო ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. რეგიონებში არ არის პირობები და მშობლებს ბავშვი მიჰყავთ იქ, სადაც უკეთესი პირობებია.

იმ შემთხვევაში, თუ რეგიონებში იქნება კარგი პირობები, ეს გუნდები შეძლებენ 7-8 საუკეთესო ბავშვის შენარჩუნებას მაინც. პარადოქსია, მაგრამ ეს ისევ და ისევ თბილისურ კლუბებს წაადგებათ. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ასაკობრივ ჩემპიონატებში დონე ძალიან არათანაბარია. რეგიონებისა და თბილისის გუნდებს შორის სხვაობა დიდია და ეს განაპირობებს იმას, რომ სხვაობას ვიღებთ საერთაშორისო ასპარეზთან მიმართებაშიც.

მაყურებელი და სტადიონი
- ძალიან მტკივნეული საკითხია. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთს ფასი არ აქვს. ჩემს მაგალითზე ვიტყვი და გთხოვთ, ნუ ჩათვლით, რომ საკუთარ პერსონას ვწევ წინა პლანზე. როცა გორში მივედი სამუშაოდ, "დილა" მე-9 ადგილზე იყო. მერე გამოვასწორეთ თამაში და, ასე თუ ისე, სანახაობაც იყო.

ამან, შედეგად მოიტანა ის, რომ "დილას" თამაშებზე 3 ათას კაცზე ნაკლები არ დადიოდა. რა გამოდის ამ პატარა მაგალითზე? ის, რომ მაყურებელი სტადიონზე მიჰყავს შედეგს და სანახაობას. ქართველი გულშემატკივარი, ზოგადად, ამბიციურია და ამაში არაფერია გასაკვირი. მას უნდა, მივიდეს სტადიონზე და ნახოს კარგი თამაში. რა არის ამაში უცნაური?

მე მჯერა - როცა იქნება შედეგი და მოიმატებს დონე, მაყურებელიც მოვა. "დილამ" ევროპალიგაზე კარგად რომ ითამაშა და პლეი ოფამდე მივიდა, "მიხეილ მესხის" სტადიონი თითქმის გაივსო. ქართველ კაცს გენში აქვს ფეხბურთის სიყვარული...

შედეგს რაც შეეხება, ჩვენ ფეხბურთში გვინახავს სპონტანური შედეგი, მაგრამ, ჩემი აზრით, უმჯობესია წლებზე გათვლით, სტრატეგიულად დაიგეგმოს ყველაფერი. ვთქვათ, ერთ სეზონში ევროთასზე ორი ეტაპი გაიარო, მერე სამი და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, ამას სხვანაირად სტაბილურობა ჰქვია. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთში სტაბილურობის ფაქტორი, რომელსაც ზურგს სწორი სტრატეგია უმაგრებს.

აღმოჩენები
- გიორგი ჩაკვეტაძე ჩემთვის აღმოჩენა არ არის იმიტომ, რომ სამი წლის წინ თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი და ჯერ კიდევ მაშინ ეტყობოდა, თუ რა შეეძლო. რა თქმა უნდა, მას შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ ახლა მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი პერიოდი დგას. ჩემი აზრით, ახლა მისთვის აუცილებელია, კიდევ ორი წელი ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატში და მერე წავიდეს საზღვარგარეთ. ეს მას დაეხმარება იმაში, რომ, ასე ვთქვათ, უფრო მისაღები პროდუქტი გახდეს ევროპული ფეხბურთისთვის.

მაღალი აზრის ვარ ლუკა ლოჩოშვილზეც. მას ყველა პირობა აქვს სერიოზული დონის მცველად ჩამოყალიბებისთვის. არის შესანიშნავი აღნაგობის, მემარცხენეა, ჩინებულად თამაშობს თავით... მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, რომ ისიც სწორად წარმართავს თავის კარიერას.

ვერ ვიტყვი, გამაკვირვა-მეთქი, მაგრამ უნდა გამოვყო ქუთაისის "ტორპედოს" შესანიშნავი თამაშიც. შედეგი ერთია და თამაშის ხარისხიც რომ მაღალია, ეს ორმაგად სასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ეს გუნდის სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა...

მე კიდევ ერთ ფაქტორს გამოვარჩევდი. გუნდის ძირითადი ბირთვი ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ასევეა სამწვრთნელო შტაბიც და ხელმძღვანელობაც. ადგილობრივი ფეხბურთელი სხვანაირად გადის მინდორზე, მაინც სხვანაირად დებს თავს. მან იცის, რომ ხვალ და ზეგ ამ ქალაქში უნდა იცხოვროს...

მართლაც დასაფასებელია, რომ "ტორპედო" მხოლოდ სახელმწიფო ფულით აღწევს ასეთ შედეგს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე "ტორპედოში" კერძო ფული არ არის და ასეთი მოკრძალებული ფინანსებით გუნდი რომ მეორე ადგილზეა, უკვე განსაკუთრებული მოვლენაა.

მოლოდინი
- ამ დროისთვის მოლოდინის რეჟიმში ვარ. მენატრება ჩემი საქმე - ამას ვერ უარვყოფ. რეალური კი ჯერ არაფერია. მხოლოდ საუბრების დონეზე იყო და არის ყველაფერი. რაღაც ვარიანტებზე ადრეც ითქვა და ახლაც არის ლაპარაკი, მაგრამ დაწყებულ ჩემპიონატში მწვრთნელისთვის მაინც რთულია, იპოვოს თავისი ადგილი...

მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ვემსახურო ქართულ ფეხბურთსა და ჩემს ქვეყანას. ამ პერიოდს უქმად არ ვკარგავ, ვსწავლობ ყოველდღიურად, ვცდილობ, განვვითარდე. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პატივცემულო gio!!! მე სტადიონზე ვუჯურე "დილა"-"ლოკომოტივის" თამაშს არანაირი მსგავსი აზრი არ გამჩენია. სირბილიც ბევრი იყო და კარგი პასიც. "რეალი"-"ბარსელონას" ელ-კლასიკოს არ შეედრება, მაგრამ ფრიად დაზაბული და პოზიციური თამაში იყო. უჩა სოსიაშვილს კი, დროულ დასაქმებას ვუსურვებ. საჭირო მწვრთნელია ჩვენი ფეხბურთისთვის!!!
tngh
18:28 03-06-2017
0
დილა - ლოკომიტივს უყურე ზოგადად მიყვარს ქარტული პეხბურთი მაგრამ ყურება ნამდვილი ტანჯვაა წვალება ეზარებათ თითონ პეხბურთელებს მოძრაობა 90 იანების ტამაშს თამაშობენ ამიტომაც აგარავინ დადის თამაშებზე... რისთვის უნდა იაროს მაყურებელმა ვერ გამიგია ტქვენი მოტხოვნა რას ტავაზობთ? სირბილის მაგივრად სიარულს პასის მაგივრად ტრიპაჩობას:)სისულელეა ეს ყველაპერი გცხვენოდეთ...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული