ეროვნული ლიგა. XVI ტურის წინ: მონატრებული შესვენების წინ

AutoSharing Option
მარათონული აპრილისა და მაისის შემდეგ ნანატრი შესვენების დროც დადგა - XVI ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება, რაც საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მოახლოებული მატჩებით არის გამოწვეული.

ისე, ბარემ აქვე ვიტყვით, რომ ივნისის ბოლომდე კიდევ სამი ტური (ამის ჩათვლით) უნდა გაიმართოს და აი, ამის შემდეგ კი (ანუ მეორე წრის დასრულების მერე) უკვე მართლაც ხანგრძლივი, ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება ეროვნულ ლიგაში.

იმ პერიოდში ეროვნული ლიგის გუნდების, ალბათ, აბსოლუტური უმრავლესობა, აქტიურ სატრანსფერო კამპანიას ჩაატარებს და იმედი დავიტოვოთ, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილიც
ისე დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართება, როგორიც პირველ-მეორე წრეში ვნახეთ.

თუმცა, მეორე წრე ჯერ ხომ არ დასრულებულა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მანამდე კიდევ სამი ტურია.

შუქურა-დინამო (თბ)
ორდღიანი ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ სატურნირო ცხრილში საპირისპირო "პოლუსზე" მყოფი გუნდები: ბოლოადგილოსანი "შუქურა" გათამაშების ლიდერს, თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ წყვილში უპირობო ფავორიტად კახა კაჭარავას გუნდი უნდა მივიჩნიოთ - პირველ წრეში ბაჩანა არაბულის ჰეთ-თრიკის წყალობით დიდი ანგარიშით რომ დაამარცხა "შუქურა".

თუმცა იმის შემდეგ ქობულეთელთა გუნდში უკვე... სამჯერ გამოიცვალა მთავარი მწვრთნელი და ისე მოხდა, რომ ამ სეზონში "შუქურამ" თავის პირველ გამარჯვებას რიგით მეოთხე მწვრთნელის ხელმძღვანელობით მიაღწია. თან, არ დაგვავიწყდეს, რომ "შუქურამ" სეზონში პირველ და მართლაც ნანატრ გამარჯვებას დებიუტანტი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია.

არადა, 37 წლის გიორგი შაშიაშვილმა თავისი საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი ხომ სწორედ თბილისის "დინამოში" გაატარა და ამ გუნდის შემადგენლობაში არაერთი ტიტულიც აქვს მოპოვებული. სიმბოლურია, რომ გიორგი შაშიაშვილმა აქტიური საფეხბურთო კარიერა სწორედ "დინამოში" დაასრულა 2013 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც ამავე კლუბის ბავშვთა აკადემიაში დაიწყო მწვრთნელად მუშაობა და წინა ტურში უკვე "დიდ ფეხბურთშიც" ჰქონდა სამწვრთნელო ნათლობა, თან - ერთობ წარმატებულიც...

დინამო (ბთ)-საბურთალო
მიმდინარე სეზონში ერთობ "უჩვეულო" სიტუაციის მომსწრენი ვიყავით: რანგით უმაღლეს ლიგაში ხომ მხოლოდ ერთადერთი უცხოელი სპეციალისტი (ებრაელი ზივ არიე) მოღვაწეობდა; და აი, უკვე ამ ტურიდან, ზივ არიე მარტო აღარ იქნება: ბათუმის "დინამოს" ამ სეზონში რიგით მესამე, ახლა უკვე უცხოელი სპეციალისტი, უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი დამოძღვრავს.

თუმცა, ფროლოვისთვის საქართველოს ჩემპიონატი უცხო ნამდვილად არ არის: უკრაინელი სპეციალისტი 2014/15 წლების სეზონის შუაგულში კიდევ ერთ აჭარულ გუნდს, "შუქურას" წვრთნიდა.

ისე, ფროლოვს ნამდვილად არ უწევს სახარბიელო სიტუაციაში თავისი ახალი გუნდის ჩაბარება: ბათუმის "დინამომ" ხომ ბოლო 6 მატჩიდან 1 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 4 წააგო.

არანაკლებ მტკივნეული უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ "დინამომ" სამი საშინაო მატჩი ჩაატარა ბათუმის სარაგბო სტადიონზე (თანაც, გადაჭედილი ტრიბუნების წინ) და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა...

ამ წყვილს ფავორიტი ნამდვილად არა ჰყავს, რამეთუ საკადრო პრობლემებით ყველაზე დაზარალებული "საბურთალო" მართლაც ამოუცნობი გუნდია. თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის ახალგაზრდული კრებულის ზედიზედ სამმა მარცხმა "საბურთალოს" სატურნირო მდგომარეობა აშკარად გააუარესა: მხოლოდ სამი ქულაღაა სხვაობა პლეი აუტის ზონასთან.

სამტრედია-კოლხეთი
ამ სეზონში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში "სამტრედია" ვერაფრით ახერხებდა საშინაო მატჩ(ებ)ის მოგებას, მაშინ, როცა მოქმედ ჩემპიონს ეროვნულ ლიგაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა საგარეო შეხვედრებში: ვიდრე ამ სეზონის უდავოდ საუკეთესო მატჩში დამარცხდებოდა თბილისის "დინამოსთან", 6-დან 6 გასვლითი შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

თუმცა, გია ცეცაძის გუნდი (აშკარად რომ საჭიროებს გაძლიერებას ევროტურნირებისათვის) უკვე "დაეჩვია" საშინაო მატჩების მოგებასაც და ძველ მეტოქესთან, "კოლხეთთან" დაპირისპირებაში ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრის მოგებასაც შეეცდება.

თუმცა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "კოლხეთთან" წინასწარ ქულები არავინ უნდა დაგეგმოს: გელა სანაიას მოკრძალებული რესურსის მქონე გუნდმა მიმდინარე სეზონში უკვე იმდენჯერ გაგვაკვირვა, რომ ტერმინი "სენსაცია" აღარც უნდა ვახსენოთ.

თანაც, "კოლხეთს" საკადრო პრობლემებიც აღარ აწუხებს უკვე კატასტროფულად და ალბათ, ამ ფაქტორმაც შეუწყო ხელი ბოლოდროინდელ შედეგებს: ბოლო სამ მატჩში მოპოვებული 5 ქულა ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი ყველანაირად მოკრძალებული რესურსის მქონე გუნდისათვის.

ჩიხურა-ტორპედო
XVI ტურის უდავოდ ცენტრალური მატჩი: ეროვნული ლიგის კიდევ ერთი "იმერული დერბი" უდიდეს ინტერესს იწვევს სატურნირო მნიშვნელობით; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთმანეთს ხომ ის გუნდები ხვდებიან, სეზონის დაწყების წინ ჩემპიონობის ყველაზე მეტ შანსს რომლებსაც ვუწინასწარმეტყველებდით.

ამათგან ერთ-ერთი, ფაქტობრივად, მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში ამართლებს კიდეც ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსს: კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი "ტორპედო" დღესდღეობით ხომ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერს, თბილისის "დინამოს".

თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორი შთამბეჭდავი სერიით ხვდება "ტორპედო" კიდევ ერთ იმერულ დერბის - ქუთათურთა საყვარელი გუნდი ზედიზედ 5 მატჩია იმარჯვებს. თუმცა, მაისი არანაკლებ წარმატებული თვე გამოდგა "ჩიხურასათვის" - ეროვნული ლიგის მწვრთნელებში ყველაზე გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საჩხერელთა გუნდმა ბოლო ოთხ მატჩში 10 ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრადაც გაიუმჯობესა.

რაც მთავარია, "ჩიხურა" უკვე ივანწმინდაში ატარებს საშინაო მატჩებს და "საკუთარი კედლების" ფაქტორი თუ რას ნიშნავს, XIV ტურშიც დამტკიცდა, როცა "ჩიხურამ" (თანაც, 45 წუთის განმავლობაში კაცნაკლულმა) შეძლო თბილისის "დინამოს" დამარცხება!

დილა-ლოკომოტივი
აღარც გვიკვირს, მიმდინარე სეზონში ესა თუ ის გუნდი თავის "საშინაო" მატჩს სხვა ქალაქში რომ ატარებს. თუმცა სტადიონის რემონტის გამო გორელთა შემთხვევაში მიზეზი საპატიოა.

ისე, "დილა" იმდენად "უცნაურად" ასპარეზობს მიმდინარე სეზონში, უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა, სად ითამაშებს: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეროვნულ ლიგაში სწორედ გორელთა გუნდია ერთადერთი, სტუმრად თამაში რომ არ წაუგია.

აი, რაც შეეხება მეტოქეს, აღარც ვიცით, რა ვუწოდოთ "ლოკომოტივის" ბოლოდროინდელ ასპარეზობას: სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ გუნდისგან ზედიზედ ხუთ წაგებას ჩვენ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით.

არანაკლებ მოულოდნელია (გნებავთ, ძნელად ასახსნელიც) ის ფაქტიც, რომ ამ ბოლო ხუთ მატჩში "ლოკომოტივმა" მეტოქეთა კარში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა. არადა, შეგახსენებთ, რომ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში, ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდი სწორედ "ლოკომოტივი" იყო...

...ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ: იმ უხვგოლიან და მართლაც დრამატულ დაპირისპირებაში მოვლენები ხომ მეტად საინტერესოდ იცვლებოდა: ანგარიში "დილას" ერთ-ერთმა ლიდერმა ლეანდრო რიბეირომ გახსნა, თუმცა გიორგი დევდარიანის "ლოკომოტივმა" პირველ ტაიმშივე შეძლო მეტოქის კარში 3 გოლის გატანა.

მაგრამ "ლოკომოტივმა" მაინც ვერ შეძლო ამ ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება და მატჩის ბოლო წუთებზე იმავე ლეანდრო რიბეირომ და "დილას" კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ნუბიო ფლავიომ გუნდს ქულა მოუტანეს...

ეროვნული ლიგა. XVI ტური
1-ლი ივნისი
ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:30
შუქურა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
7: +0 =1-6, 2-18
პირველი წრე 0:5

ბათუმი. "რაგბი არენა". 20:00
დინამო (ბთ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =1 -2, 4-5
პირველი წრე 0:2

2 ივნისი
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 17:30
სამტრედია-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
34: +10 =8 -16, 35-55
დისკვალიფიკაცია
გ. მანჯგალაძე, დ. ჯიქია (ორივე სამტრედია)
პირველი წრე 2:1

ივანწმინდა. 17:30
ჩიხურა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
15: +6 =5 -4, 20-15
პირველი წრე 1:2

თბილისი. "მიხეილ მესხი". 19:30. LIVE "II არხზე" 
დილა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
26: +4 =8 -14, 17-37
პირველი წრე 3:3

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იმიზა რო 1-ლი არხი არ უჩვენებს მატჩებს კვირის გარდა ,რა ვერ გაიგე ? ჯფმ მახინჯი სტუდიო კი უჩვენებს ინტერნეტში :)
basko
18:01 01-06-2017
0
ჩიხურა ტორპედოს თამაშს რატო არ აჩვენებთ? დინამოს და ლოკომოტივის თამაშბს ხო არ მაზავთ სადაც არ უნდა ჰქონდეთ გასვლა? ყველაზე საინტერესო ეს მატჩი არარის ამ ტურში? ორივე გუნდმა დაიმსაურა რო ამათი თამაშები ხშირად აჩვენოთ უფრო
basko
14:45 01-06-2017
0

სიახლეები პოპულარული