ლოკომოტივი-საბურთალო 1:2 - ვაგნერის რიტმებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ძალიან კარგი და თვალსასეირო თამაში გამოვიდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებელს არ მოუწყენია და გაურკვეველი იყო, რომელი გუნდის სასარგებლოდ გადაიხრებოდა სასწორი...

საბოლოოდ "საბურთალომ" იძალა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, პირველ ნახევარ საათს თუ არ ჩავთვლით, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს აჯობა და დამსახურებული 3 ქულაც ჩაიწერა აქტივში.

აქამდე "საბურთალოს" ეს სენი სჭირდა: მთელი მატჩის სტაბილურად ჩატარება უჭირდა.

თბილისური კლუბისთვის უიღბლო თამაშებში დგებოდა ხოლმე გადამწყვეტი ეპიზოდი, რომელსაც გუნდი აგდებდა და ეს პირდაპირ აისახებოდა შეხვედრის შედეგზე.

ახლა ასე მოხდა: პირველი ნახევარი საათი გუნდმა
არათანაბრად ჩაატარა, მაგრამ გოლი გაუშვა თუ არა, გარდაისახა და სათავისო შედეგით დაასრულა მატჩი. "ლოკომოტივს" ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ეს არ იყო ის გუნდი, საგოლე ფეერიას რომ შეგვაჩვია მთელ რიგ მატჩებში...

რა თქმა უნდა, დღეს იგებს და აგებს მთელი გუნდი, მაგრამ სანამ ითამაშებენ ფეხბურთს, მანამ განსაკუთრებული იქნება ინდივიდუალისტების როლი. გუშინ "საბურთალოს" ჰყავდა ლიდერი და მისმა თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა გუნდის წარმატება...

ვაგნერ გონსალვეშმა გუშინ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ტრავმირებული გიორგი ხარაიშვილის არყოფნაში "ბასტიას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა მთლიანად იტვირთა საკუთარ თავზე გუნდის ლიდერის ფუნქციები. ერთ რამედ ღირდა მის მიერ შესრულებული საჯარიმოს ნახვა, რომლითაც "საბურთალომ" ანგარიში გაათანაბრა. მთელ რიგ ეპიზოდებში ბრაზილიელ-ფრანგი გამორჩეული იყო. თუნდაც, სტუმართა მეორე გოლისას მისი აქტიურობა ავიღოთ ან შესანიშნავი სოლო-რეიდი, როცა რამდენიმე მეურვეს "ჩაუდრიბლინგა", თუმცა გადამწყვეტ დარტყმას სიზუსტე დააკლო.

ძალიან აქტიური იყო გიორგი კოხრეიძე. ვერცხლისწყალივით მოძრავმა შემტევმა უამრავი პრობლემა შეუქმნა მოწინააღმდეგეს. ერთადერთი, რაც შეხვედრის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს დააკლდა, ზუსტი დაგვირგვინება იყო.

"ლოკომოტივისთვის" კი ეს შეხვედრა ძალიან ცუდად აეწყო. გიორგი დევდარიანს პირველივე ტაიმში მოუხდა ორი იძულებითი შეცვლის განხორციელება. მართალია, მინდორზე ნაადრევად გამოსული ორი სამარქაფოდან ერთი - რატი არდაზიშვილი - ძალიან აქტიურად ჩაერთო თამაშში და გოლიც გაიტანა, მაგრამ მოგვიანებით დევდარიანს ვარირებისა და თამაშში ცვლილებების შეტანის საშუალება მოესპო.

გარდა ამისა, მამია გავაშელიშვილის ნაადრევი ტრავმის შემდეგ "ლოკომოტივის" დამრიგებელს ტაქტიკაშიც მოუხდა ცვლილებების შეტანა.

მატჩის სტენოგრამა
8' - ლაშა შინდაგორიძის დარტყმა "ლოკომოტივის" მცველებმა კარამდე არ მიუშვეს.
11' - ირაკლი კომახიძის დარტყმულს ლაზარე კუპატაძე ადგილზე დახვდა.
30' - გოლი! "ლოკომოტივის" კუთხურის შემდეგ ყველას რატი არდაზიშვილმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.
32' - ნოდარ ქავთარაძემ ფლანგიდან სახიფათოდ, მაგრამ უშედეგოდ "დაატრიალა" ბურთი.
34' - გიორგი კოხრეიძემ "ლოკომოტივის" საჯარიმოში ორი მეურვე დააბნია და დასარტყმელადაც გაითავისუფლა სივრცე, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა.
43' - კოხრეიძის მორიგი აქტიურობა და დარტყმა. რევაზ თევდორაძე ბურთს ადგილზე დახვდა.
45' - შინდაგორიძის მოულოდნელი გასროლა. თევდორაძე ისევ ადგილზეა.
61' - გოლი! ვაგნერის ულამაზესი საჯარიმო დარტყმა და თევდორაძე უძლურია.
72' - გოლი! ვაგნერმა თავით ჩააგდო ბურთი საჯარიმოში, სადაც არეულობით ყველაზე სწრაფად და უკეთ ირაკლი ბიძინაშვილმა ისარგებლა.
74' - ვაგნერის დიდებული რეიდი და დარტყმა, რომელიც ოდნავ არაზუსტია.
75' - კოხრეიძის მორიგი შანსი და გოლს ძალიან ცოტა აკლდება.
77' - ვაგნერის კიდევ ერთი "აფეთქება" და სახიფათო ჩაწოდება. სტუმართა შემტევებმა კუთხე ვერ "ჩაკეტეს".

ეროვნული ლიგა. XII ტური
14.05. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-საბურთალო 1:2
1:0 არდაზიშვილი (30), 1:1 ვაგნერი (61), 1:2 ბიძინაშვილი (72)
ლოკომოტივი (4-4-2): თევდორაძე - ნ. ჭანტურია, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა - კომახიძე (41. არველაძე/78. კიკნაძე), სამურკასოვი, დიასამიძე, ქავთარაძე - სიხარულიძე, გავაშელიშვილი (13. არდაზიშვილი).
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, გაბაძე, თომაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
საბურთალო (4-5-1): კუპატაძე - ტერა, მარგველაშვილი (63. ბიძინაშვილი), ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ვაგნერი, მამუჩაშვილი, არზიანი, ალთუნაშვილი (54. ფიფია), კოხრეიძე (90. მალი) - შინდაგორიძე.
სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, ფანცულაია, ჩოგაძე, იმნაძე
გაფრთხილება: არზიანი (17), თევდორაძე (23), ტერა (31), ბიძინაშვილი (84), ლაკვეხელიანი (84), ფიფია (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
exla loko qutaishi moigebs .
sul yomari yomari amovida yelshi
15:20 15-05-2017
0

სიახლეები პოპულარული