ეროვნული ლიგა. XI ტურის წინ: ორი გამორჩეული დერბი

AutoSharing Option
მეთერთმეტე ტურში ორი ძალიან საინტრიგო მატჩი უნდა გაიმართოს, ორი დერბი - დედაქალაქური და იმერული! ჰო, ინტრიგა მართლაც არ აკლია XI ტურს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ "ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირების წინ მსგავსი სიტუაცია უკანასკნელად 16 წლის წინათ იყო...

იმედი დავიტოვოთ, რომ ამ ტურის კი არა, საერთოდ, მეორე წრის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩით თბილისელი გულშემატკივარი დაინტერესდება და მიმდინარე სეზონის ორი, უდავოდ ყველაზე გამორჩეული გუნდის დაპირისპირება მთლად ცარიელი ტრიბუნების წინ არ ჩაივლის. ორივე გუნდი ახლა ისეთ ფეხბურთს თამაშობს, აშკარად უფრო მეტ
ქომაგს იმსახურებს...

...არანაკლებ საინტერესო უნდა გამოდგეს ამ ტურის დასკვნითი მატჩი, რომელსაც ზესტაფონის კოხტა საფეხბურთო სტადიონმა უნდა უმასპინძლოს: წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონი "ჩიხურა" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

იმის გარდა, რომ ეს იქნება გარდამავალი პირველობის საჩემპიონო პლეი ოფის გამეორება, ამ დერბიმ სხვა, არანაკლებ საჭირბოროტო საკითხებშიც უნდა შეიტანოს გარკვეული სიცხადე. უპირველეს ყოვლისა, მეტოქეთა სატურნირო მდგომარეობასთან ერთად, დღესდღეობით არსებულ სიტუაციასაც ვგულისხმობთ, აშკარად განსხვავებული რომ არის ამ ორ იმერულ გუნდში...

საბურთალო-კოლხეთი
ამ ტურის პირველ მატჩში პრობლემებით "დახუნძლული" ორი გუნდი ხვდება ერთმანეთს: მასპინძლების ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლეზე არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება, ახლა კი "საბურთალო" კიდევ ორ საკვანძო მოთამაშეს მოისაკლისებს დისკვალიფიკაციის გამო.

თითქმის იგივე სიტუაციაა "კოლხეთშიც" და თავისი კოლეგის, გიორგი ჭიაბრიშვილის მსგავსად, ფოთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ გელა სანაიასაც მიმდინარე სეზონში, ფაქტობრივად, ყველა მატჩში უწევს ძირითად შემადგენლობაში კორექტივების შეტანა.

თუმცა, მეტოქეებს აბსოლუტურად განსხვავებული სატურნირო სიტუაცია აქვთ: ქრონიკული საკადრო პრობლემების მიუხედავად, მასპინძლები ზედა სამეულში მოხვედრის რეალური კანდიდატები არიან, "კოლხეთი" კი ზედიზედ 4 წაგების გამო ვერაფრით ასცდა ბოლოსწინა ადგილს...

ტორპედო-შუქურა
წესით, ამ წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ: "ტორპედოს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, სერიოზული მიზნებისთვის თავისუფლად რომ შეუძლია იბრძოლოს. თუმცა, კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და დღესდღეობით ორ გამოკვეთილ ლიდერს (თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივს") ძალიან არა, მაგრამ მაინც ჩამორჩება.

თუმცა, "ტორპედოზე" გაცილებით კი არა, ბევრად უარეს სიტუაციაშია "შუქურა" - ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგია...

დინამო (ბთ)-დილა
წინა ტურში მართლაც ლამაზი სანახაობა შედგა ბათუმის სარაგბო სტადიონზე, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იქაურმა "დინამომ" მშობლიურ ქალაქში შეძლო საშინაო მატჩის ჩატარება!..

იმედია, დასწრების მხრივ, ხვალინდელ მატჩშიც ანალოგიური სიტუაცია იქნება, მით უფრო, რომ ძველი მეტოქეების დაპირისპირებას გარკვეული სატურნირო ინტრიგაც ახლავს თან: მასპინძლები ხომ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ ეროვნული ლიგის ყველაზე "მშვიდობისმოყვარე" გუნდს - "დილას" 10 მატჩში 5 ფრე აქვს ნათამაშები...

დინამო (თბ)-ლოკომოტივი
მიმდინარე სეზონის ორი ყველაზე გამორჩეული გუნდი ამ დედაქალაქურ "დერბის" მართლაც მშვენიერი სერიით ხვდება: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე თბილისის "დინამომ" ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო, ხოლო გიორგი დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

კვლავაც ციფრები ვახსენოთ და ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ეროვნული ლიგის ლიდერთა მატჩი არაერთი ფაქტორითაც იწვევს უდიდეს ინტერესს: სწორედ ამ ორ გუნდს აქვს მიმდინარე სეზონში ყველაზე ხანგრძლივი წარმატებული სერია (ბოლოს "დინამომაც" და "ლოკომოტივმაც" ერთსა და იმავე დღეს, 18 მარტს წააგეს) და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს ეროვნული ლიგის ყველაზე შედეგიანი გუნდი - "ლოკომოტივი" და ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები - თბილისის "დინამო".

თუმცა, მთავარი მაინც სხვა და, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია: ხვალინდელ დედაქალაქურ "დერბიში" ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეს ის ორი გუნდი, ეროვნულ ლიგაში ყველაზე სანახაობრივ და, რაც მთავარია, ხარისხიან ფეხბურთს რომ თამაშობს...

ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში "დინამოს" გამოკვეთილი უპირატესობა კი აქვს, მაგრამ პირველ წრეში "ლოკომოტივმა" შეძლო და გუნდის ახალწვეულის, სწრაფი მარჯვენა გარემარბის, ნოდარ ქავთარაძის ერთადერთი გოლის წყალობით მისთვის უხერხული მეტოქე დაამარცხა.

სხვათა შორის, ეს იყო "ლოკომოტივის" პირველი მოგება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდთან... 9-წლიანი პაუზის შემდეგ! თუმცა, სტატისტიკა ამ შემთხვევაში აშკარად მეორეხარისხოვანია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელ დედაქალაქურ მატჩში ლამაზ სანახაობას ვიხილავთ. მით უფრო, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთიმეორეზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოდიან და არც მათ გამოცდილ თანაგუნდელებს დაეწუნებათ ოსტატობა.

აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელთა დუელზეც: სწორედ კახა კაჭარავასა და გიორგი დევდარიანის უდიდესი დამსახურებაც არის, მიმდინარე სეზონში "დინამო" და "ლოკომოტივი" ასეთ ხარისხიან ფეხბურთს რომ უჩვენებენ!

ჩიხურა-სამტრედია
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ამ ტურის დასკვნითი მატჩიც უდიდეს ინტერესს იწვევს. გარდამავალი ჩემპიონატის ორი საუკეთესო გუნდი დღევანდელ დაპირისპირებას აშკარად სხვადასხვა განწყობით ხვდება.

თავად განსაჯეთ: ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქართული გუნდი "ჩიხურა" თავის შესაძლებლობებზე აშკარად სუსტად ასპარეზობს, რისი დასტურიცაა ბოლო 4 მატჩში 3 წაგება. ჰოდა, ამის გამოც არის, სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხული გუნდი მხოლოდ 2 ქულითღა რომ არის დაშორებული... პლეი აუტის ზონას.

აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა "სამტრედიასთან" მიმართებაში: გია ცეცაძის გუნდმა ბოლო ოთხ მატჩში 10 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილამდეც აღზევდა!

ისე, მართლაც საინტერესოა, თუ რომელი გუნდი შეძლებს "სამტრედიის" წარმატებული საგარეო სერიის შეწყვეტას: ეროვნულ ლიგაში ხომ არც ერთ სხვა გუნდს არა აქვს 100-პროცენტიანი შედეგი სტუმრად ჩატარებულ მატჩებში.

სხვათა შორის, გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურამ" 6 მატჩი ჩაატარა სტუმრად და სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა გუნდმა ექვსივე მოიგო. ამჯერად კი ეროვნულ ლიგაში საჩხერელებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს სტუმრად და ისიც "სამტრედიასთან" საგარეო მატჩში...

ეროვნული ლიგა. XI ტური
9 მაისი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 19:00
საბურთალო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =0 -3, 11-6
დისკვალიფიკაცია: ზურაბ არზიანი, ვაგნერ გონსალვეში (ორივე - საბურთალო) - თამაზ ჟიშკარიანი (კოლხეთი)
პირველი წრე 0:3

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00
ტორპედო-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
9: +2 =4 -3, 11-12
პირველი წრე 1:1

10 მაისი
ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 17:00
დინამო (ბთ)-დილა
ურთიერთშეხვედრები
50: +26 =14 -9, 74-32
პირველი წრე 1:0

თბილისი. "დინამო არენა". 19:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
44: +25 =12 -7, 64:24
დისკვალიფიკაცია: ბოგდან მიშჩენკო (დინამო)
პირველი წრე 0:1

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 21:00
ჩიხურა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =2 -2, 8-9
დისკვალიფიკაცია: ნიკოლოზ გელაშვილი, ზაზა ჭელიძე (ორივე - ჩიხურა) - თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია)
პირველი წრე 1:0

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Mamuka rac dacere kargia,magram ise xma ar gaqvs amosagebi raa
Irakli 88
17:01 09-05-2017
0
მამუკა კვარაცხელია

1100% სიამრთლეს ამბობ მამუკა, მაგრამ ჩვენი ჟურნალისტების მოვალეობაა ენის გაფუჭება,დაკნინება,მოსპობა და არა მისი განვითარება, გალამაზება და მისით სიამაყე.
ამათმა ოღონდ რაიმე დაჩხაპნონ და ფეხბეზე არ ჰკიდიათ სხვა ყველაფერი?
ესენი აჩვევენ მკითხველებს და ტელე მაყურებლებს ქართული ენის გადაგვარება- მოსპობის პროცესს.
Jango
16:49 09-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული