ეროვნული ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
დაიწყო მეორე წრე და მასთან ერთად მაისის მარათონიც: ამ თვეში ხომ ეროვნულ ლიგაში 6 (ექვსი!) ტური უნდა ჩატარდეს! ახლა უკვე - ხუთი, რადგან ერთი ხუთშაბათ-პარასკევს გაიმართა, ხვალ კი უკვე მომდევნო ტურია, უქმეებზე ისევ ტურია და ასე შემდეგ...

გასულ ტურში შედეგიანობა დიდი ნამდვილად არ იყო - მხოლოდ 10 გოლი გავიდა ხუთ მატჩში. ვერც ჰეთ თრიკი და დუბლი ვიხილეთ, თუმცა, მაინც მოხდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბათუმის "დინამოს" მშობლიურ ქალაქში... დაბრუნებას ვგულისხმობთ...

მეორე წრის სასტარტო ტურის წინათქმაში
მთავარ ინტრიგად სატურნირო ცხრილში მოსალოდნელი გადაადგილებები მივიჩნიეთ. თუმცა X ტურის შემდეგ ცხრილში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით "სამტრედიის" სამეულში აღზევებას და გასული ტურის მიმოხილვაც სწორედ მოქმედი ჩემპიონის მორიგი წარმატებული საგარეო მატჩით გვინდა დავიწყოთ...

ჩემპიონი დაიძრა...
მართლაც უცნაურობა დასჩემდა მოქმედ ჩემპიონს - გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედიამ" ზედიზედ მეორე გამარჯვებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და, რაც მთავარია, ეს იყო მე-5 საგარეო გამარჯვება! უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "სამტრედიამ" მიმდინარე ჩემპიონატში სტუმრად 5 მატჩი ჩაატარა და ხუთივე მოიგო! მსგავსი 100-პროცენტიანი შედეგი კი "საგარეო" მატჩებში ეროვნული ლიგის არც ერთ გუნდს არა აქვს...

..."სამტრედიას" უკვე 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ახლა მთავარია, გუნდმა როგორმე გატეხოს ნავსი და საკუთარ სტადიონზე... გაიმარჯვოს! ბოლო მატჩი კი მოქმედმა ჩემპიონმა უპრობლემოდ მოიგო: პირველი გოლი "შუქურას" კარში 22 წლის მარცხენა გარემარბმა დავით ჯიქიამ გაიტანა (I გოლი მიმდინარე სეზონში), რომელსაც საგოლე პასი დავით ჩაგელიშვილმა გაუკეთა.

ეს ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა, თუმცა "სამტრედიამ" შესვენებამდევე გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა 30 წლის დავით ჩაგელიშვილმა ოსტატური გოლი გაიტანა ყველანაირად დასუსტებულ მასპინძელთა კარში.

სხვათა შორის, "შუქურას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა კიდევ ერთ ლეგიონერს, მაგრამ 21 წლის უკრაინელმა მეკარემ, იური კამინსკიმ დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა...

ისევ მოგება, ისევ დამაჯერებლად!
მართლაც შესაშურ ფორმაშია თბილისის "დინამო": კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და უმნიშვნელოვანესი დედაქალაქური "დერბის" წინ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კვლავაც შეინარჩუნა.

ისიც აღსანიშნავია, რომ "დინამო" თავის თამაშებს ერთობ დამაჯერებლად იგებს და ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის თამაშის ხარისხიც ტურიდან ტურამდე უმჯობესდება. არ შეიძლება არ ახარებდეს ამ გუნდის ქომაგებს ის ფაქტიც, თუ როგორ ჩინებულად გამოიყურებიან "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები.

ახლაც, "კოლხეთთან" საგარეო მატჩში მეტოქეთა კარში გოლები გაიტანეს 19 წლის ბექა მიქელთაძემ, 19 წლის გიორგი ზარიამ და 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ.

და კიდევ ერთი ფაქტორიც: სათასო შეხვედრის ჩათვლით, "დინამო" უკვე 6 მატჩია გოლს არ უშვებს. ეს კი, რაღა თქმა უნდა, "დინამოს" უკანახაზელებისა და უკრაინელი მეკარის, სერგეი ლიტოვჩენკოს დამსახურებაა...

"კოლხეთს" კი უკვე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და გელა სანაიას გუნდიც უკვე მესამე ტურია ბოლოსწინა ადგილს ვერაფრით გასცდა; ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის, საკადრო თუ ფინანსური პრობლემებიც, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მიმდინარე სეზონში "კოლხეთის" ფეხბურთელები აშკარად "ნორმაზე მეტად" იღებენ ყვითელ თუ წითელ ბარათებს...

ფავორიტების წაფორხილება...
ამ სეზონის დაწყების წინაც და მერეც (მსვლელობის დროს), არაერთხელ აღვნიშნავდით, რომ XXIX ჩემპიონატის რეალური კანდიდატი ორი იმერული გუნდი, "ტორპედო" და "ჩიხურა" უნდა ყოფილიყო. "ტორპედომ" სეზონი ცოტა მძიმედ დაიწყო, მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდმა შემდეგ უკვე მშვენიერი წარმატებული სერია შემოგვთავაზა და ლიდერთა სამეულშიც დამკვიდრდა.

თუმცა, ბოლო ორ საშინაო მატჩში ქუთაისელებმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს და დღესდღეობით V ადგილზე იმყოფებიან. თუმცა, ამ ტურში "ტორპედოს" მეტოქესაც ნუ დავუკარგავთ გარჯას: წამყვანი ფეხბურთელების არყოფნის გამო ლამის განახევრებულმა "საბურთალომ" უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო ქუთაისიდან და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კვლავაც ლიდერთა სამეულის სიახლოვეს იმყოფება.

ზედიზედ მეორე წაგება და ზედიზედ მეორე უსახური მატჩი - აი, ასე შეიძლება დავახასიათოთ "ჩიხურას" ბოლოდროინდელი ასპარეზობა! ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ჩიხურა" ამ ბოლო დროს აშკარად... უმოტივაციოდ გამოიყურება.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ გუნდის ფეხბურთელთა ძალიან დიდ ნაწილს ნამდვილად არ ეტყობა, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტის წევრები არიან. შესაძლოა, ეს ყველაფერი დროებითი კრიზისია, თუმცა, იგივე "დილასთან" მატჩში საჩხერელთა გუნდს (უფრო ზუსტად, ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს), თითქოსდა, სურვილიც არ ჰქონდა მოედანზე არსებული სიტუაციის შესაცვლელად...

"დილამ" კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო გორელთა გუნდის ... პირველი საშინაო მოგება!

აღსანიშნავია, რომ ებრაელი სპეციალისტის, ზივ არიეს გუნდმა თამაშის ბედი, ფაქტობრივად, მატჩის პირველსავე წუთებზე გადაწყვიტა ლეგიონერთა გოლებით: 21 წლის სალიუ ტარავალიემ (სიერა ლეონე) უკვე მესამე გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში, ხოლო გამოჯანმრთელებულმა ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა ჟეან დერეტიმ სულაც სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.

დაბრუნება და სანახაობა
გასული ტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ბათუმის "დინამოს" საკუთარ ქალაქში დაბრუნება იყო! ვინც თვალი ადევნა "დინამო"-"ლოკომოტივის" ამ ტურის დაპირისპირებას, დაგვეთანხმება, რომ მართლაც მშვენიერი სანახაობა იყო, ხოლო, თუ როგორ მონატრებიათ ბათუმელებს თავიანთი გუნდის "ახლოდან ხილვა", ამის დასტური იყო სრული ანშლაგი სარაგბო სტადიონის ტრიბუნებზე!

და მხოლოდ ტრიბუნებზე? დიდი ხნის მივიწყებული კადრებიც ხომ ვიხილეთ, - ფეხზე მდგომი უამრავი გულშემატკივარი 90 წუთის განმავლობაში ენერგიულად, ემოციურად რომ ქომაგობდა საკუთარ გუნდს...

მასპინძლებმაც თავდაპირველად არ გააწბილეს ერთგული ქომაგები და ისე, როგორც ამ გუნდების პირველი წრის მატჩში, ამჯერადაც პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს. თანაც, პირველი ტურის იმ მატჩისგან განსხვავებით, ბათუმელებმა ეს შანსი ამჯერად გამოიყენეს: "თევდორაძეების დუელში" მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო თევდორაძემ ზუსტად დაურტყა სტუმართა მეკარეს, რევაზ თევდორაძეს!

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ამ მართლაც ჩინებული მატჩის, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში გველოდა...

მასპინძელთა თავკაც ლევან ხომერიკს იძულებითი და ნაადრევი ცვლილებების გაკეთება მოუხდა, აი, მისმა კოლეგა გიორგი დევდარიანმა კი, ისე, როგორც წინა ტურში, ამჯერადაც ეფექტიანი შეცვლები განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა "დუბლი" შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა; ამჯერად კი ვატო არველაძის ბენეფისის დრო დადგა: 19 წლის ნიჭიერმა შემტევმა ისეთი ეფექტური გოლი გაიტანა, როგორც ამ მართლაც საფეხბურთო გვარის ღირსეულ წარმომადგენელს ეკადრება!

არველაძეების საფეხბურთო დინასტიის გამგრძელებელმა, იმის გარდა, რომ ამ ლამაზი მატჩის გადამწყვეტი გოლი გაიტანა, თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა! ისღა დაგვრჩენია, უმცროს-არველაძეს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლიც მივულოცოთ და "ლელოს" ტრადიციულ ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვედრაც!

ტურის ამ მართლაც გამორჩეულ მატჩზე ვსაუბრობთ და როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ კიდევ რამდენიმე ფაქტს - კერძოდ, თუ მერამდენედ გამოიჩინა თავი შესაშური რეაქციით "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძემ, ხოლო ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ ასევე მერამდენედ გამოავლინა თავისი მართლაც ჩინებული საგოლე ალღო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
jangooo ragindaaa ras gadaekidee samtredias.. tu kaci xar modi stadionzee da tqvi sheni satqmelii.. ram dagbogma ase... rusi daimates xo da ramodenime dgeshi 4 pexburtelic modis da wadi ra yana gatoxne da moeshvi aq samtrediis landzgvas..moigebs landzag waagebs landzgavv.. raiyo umushevari dagtoves tu ram gagamwara asee. shempioni gaxda ilandzgebodi maainc...
gialo
17:57 08-05-2017
0
Maladec tevdoradze mtlianad lokomotivi
Merani 91
16:57 08-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული