ტორპედო-დინამო (თბ) 0:2 - დინამიკური კლასიკო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართული კლასიკო ყოველთვის განსაკუთრებული ლუკმაა ჩვენი ფეხბურთის გურმანებისთვის, მით უმეტეს, ახლა, როცა ორივე გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებშია. ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადებოდა ორივე კლუბის ქომაგობა...

რაც მთავარია, კარგი ფეხბურთის ხილვის დიდ იმედს გვაძლევდა ის შესანიშნავი სათამაშო ფორმა, რომელიც ბოლო მატჩებში "აკრიფა" ორივე გუნდმა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კი ხალხმრავლობა იყო. ფეხბურთელებს ამინდიც უწყობდათ ხელს. მოკლედ, ყველა პირობა იყო იმისთვის, რომ გულშემატკივარს კარგი ფეხბურთი ენახა...

ბარემ დანაკლისზეც ვთქვათ. მასპინძლებმა დისკვალიფიცირებული მცველი გურამ ადამაძე მოისაკლისეს, "დინამოს" კი ერთ-ერთი ლიდერი, საბა ლობჟანიძე არ ჰყავდა.

კიდევ ერთი სტიმული ფეხბურთელებისთვის - ჩვენი ინფორმაციით, ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრო. ბუნებრივია, ყველა ცდილობდა, თავი გამოეჩინა ეროვნული დამრიგებლის წინაშე. მატჩი კი ცნობილმა ქუთაისელმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ გახსნა...

- როგორ გახსნა ავთანდილ ხურციძემ "ქართული კლასიკო" [VIDEO]

თავიდანვე ვთქვათ - დღეს ქართულ ფეხბურთში ბევრი აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ ძალიან გაგვაკვირვა "დინამოს" იმ ტოტალურმა უპირატესობამ, რომელსაც კახა კაჭარავას გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა.

რა იყო ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ ყველა დინამოელმა მაქსიმალური სიზუსტით შეასრულა მწვრთნელის მითითება. "დინამომ" ითამაშა ის ფეხბურთი, რომელიც ბოლო მატჩებში ამ გაახალგაზრდავებული და ძირეულად შეცვლილი გუნდისთვის სავიზიტო ბარათად იქცა.

"ტორპედოს" ცნობა კი გუშინ აშკარად გაგვიჭირდა. ეს კი არა, ალბათ, ქუთათურთა თავგადაკლული ქომაგებიც კი დაგვეთანხმებიან, რომ "კლასიკოში" აშკარა იყო დინამოელთა უპირატესობა და რომ არა როინ კვასხვაძის ყოჩაღობა, სტუმარი უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ ამ პრინციპულზე პრინციპულ შეხვედრას...

"დინამოში" ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა. როგორ გინდა, არ გამოჰყო თუნდაც კლასიკურ საყრდენად გამწესებული ოთარ კიტეიშვილის გარჯა, მაგრამ გამოვარჩევდით ორ ფეხბურთელს - გიორგი თევზაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად აქტიური იყო. გიორგი ჩაკვეტაძის ქუთაისურ გარჯას მე მხოლოდ ერთი სიტყვით დავახასიათებდი - ბრწყინვალე!

ასაკი გვერდით გადავდოთ და, ეჭვგარეშეა, მის გვარს საკუთარ ბლოკნოტში აუცილებლად ჩაინიშნავდა ნაკრების თავკაცი. ჩაკვეტაძის მიერ გაკეთებული ელეგანტური, დახვეწილი პასების ცქერა ერთ რამედ ღირდა. თუნდაც, მეორე გოლის მომენტი ავიღოთ, როცა მან ისეთი გადაცემა გაუკეთა თევზაძეს, ბევრი ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს.

ფაქტია: ქართულ ფეხბურთს ძალიან მაგარი შემსრულებელი ეზრდება და ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მისი მომავალი. ამბობენ, ისეთი ბიჭია, გამორიცხულია, თავში აუვარდესო და ვნახოთ...

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ კაჭარავას "დინამოში" დაბრუნების შემდეგ ეს იყო მისი საუკეთესო მატჩი. მწვრთნელს ყველაფერში გაუმართლეს შეგირდებმა. თევზაძემ დიდებულად შეცვალა ლობჟანიძე, გუნდს კი წამითაც არ დაუკარგავს კონცენტრაცია, ითამაშა ძალიან თვალსასეირო და ხარისხიანი ფეხბურთი.

ერთადერთი კომპონენტი, რომლითაც კაჭარავა უკმაყოფილო დარჩებოდა, საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტია. აი, ამადაც თუ იყო, რომ მიუხედავად "დინამოს" დიდი უპირატესობისა, კარგა ხნის განმავლობაში მატჩის ბედი გაურკვეველი იყო...

რა თქმა უნდა, "ტორპედოს" ეს თამაში ჩაუვარდა. ჩემპიონატი ძალიან გრძელია და თუ ქუთათურებს სერიოზული შედეგის მიღწევა სურთ, რისი პოტენციალიც აშკარად აქვთ, ასე აღარასოდეს უნდა ითამაშონ დაცვაში. მართლაც, თუ ფლანგელ მცველებს კიდევ არა უშავდათ, ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარეს ცენტრალურმა მცველებმა. ხატოვნად რომ ვთქვათ, მათ "ღია კარის დღე" მოუწყვეს თბილისელ შემტევებს და სწორედ ამიტომ თბილისურმა კლუბმა იმდენი მომენტი შექმნა, ბარე სამ მატჩს რომ ეყოფოდა.

თამაში არ წაუვიდათ გუნდის ლიდერებს. თუნდაც, ნიკა საბანაძე ავიღოთ. მას "დინამოს" მცველები კარგად ეთამაშნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც ჰქონდა თავისი საგოლე შანსები და მისთვის კარგ, იღბლიან დღეს გოლს აუცილებლად გაიტანდა...

ასე იყო თუ ისე, ძალიან დინამიკური, სანახაობრივი მატჩი "დინამოს" დომინაციით წარიმართა და მისივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგებით კაჭარავას გუნდმა ეროვნული ლიგის პირველი წრე მოიგო.

მატჩის სტენოგრამა
10' - თევზაძის ძლიერი დარტყმა ქუთათურთა კარს ასცდა.
17' - ისევ "დინამოს" შეტევა. ჩაკვეტაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ თევზაძეს მეკარემ არ გაატანინა.
20' - მასპინძელთა ქომაგებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს. კვამლის გამო თამაში მცირე ხნით შეწყდა...
24' - არაბულის უძლიერესი დარტყმა. კვასხვაძე ბურთს აკრობატულ ნახტომში იგერიებს.
29' - დოლიძის ჩაწოდების შემდეგ საბანაძე ერთი შეხებით, მაგრამ არაზუსტად ურტყამს.
37' - დოლიძე თბილისელ მცველთან ბრძოლაში საჯარიმოში დაეცა. ხარიტონაშვილმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
41' - 0:1!"დინამოს" სწრაფი შეტევა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა და თევზაძეს გადააწოდა, რომელმაც ფლანგიდან იუველირის სიზუსტით ფეხზე დაასვა ბურთი არაბულს და ანგარიში გაიხსნა.
45' - თოთაძის ჯარიმა. კვასხვაძე ბურთს ვერ იმორჩილებს, მაგრამ ცალი ხელით მაინც ახერხებს მდგომარეობის განმუხტვას.
51' - ჩაკვეტაძის შესანიშნავი პასი არაბულმა გოლად ვერ აქცია.
53' - ჩაკვეტაძე-თევზაძის კომბინაცია. "ტორპედო" ისევ გადარჩა.
57' - არაბულს კვასხვაძემ არ გაატანინა.
58' - ჩაკვეტაძის შესანიშნავი გადაცემა და არაბულს ისევ ვერ გააქვს.
59' - საბანაძე ერთი შეხებით ურტყამს და ბურთი ოდნავ სცდება დინამოელთა კარს.
61' - ბაბუნაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ საბანაძის თავური ოდნავ არაზუსტია.
62' - ბაბუნაშვილის დარტყმას ლიტოვჩენკო იგერიებს, კუხიანიძეს კი დარტყმაში ხელს უნებლიეთ არბიტრი უშლის.
69' - 0:2! ჩაკვეტაძის მორიგი შესანიშნავი გადაცემა, თევზაძე შედის საჯარიმოში და შორეულ კუთხეში ცივსისხლიანად გააქვს გოლი "ტორპედოს" კარში.
75' - ქომაგები გაახალისა მოედანზე შემოჭრილმა ფანმა, რომელსაც სამართალდამცველებმა მალევე დაატოვებინეს იქაურობა.
78' - საბანაძის რეალური შანსი, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ლიტოვჩენკომ მოიხელთა.
89' - მიქელთაძის ჩაწოდების შემდეგ კვასხვაძემ პაპუნაშვილს არ გაატანინა.

ეროვნული ლიგა. IX ტური
30.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 არაბული (41. თევზაძის პასით), 0:2 თევზაძე (69. ჩაკვეტაძის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური, მამასახლისი (46. ბაბუნაშვილი) - დოლიძე, კუხიანიძე (73. კაპანაძე), ტუღუში (55. ტაბატაძე) - საბანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ნ. კვასხვაძე, ბურჯანაძე, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო, გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი - ქარდავა (83. ნინუა), კიტეიშვილი - თევზაძე, ჩაკვეტაძე (71. ზარია), მიქელთაძე - არაბული (77. პაპუნაშვილი).
სათადარიგოები: რევიშვილი, მესხი, კობოური, კუცია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: კიტეიშვილი (63), ზარია (87), დოლიძე (90), პაპუნაშვილი (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10
მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6

მომდევნო ტური
4 მაისი, ხუთშაბათი
შუქურა-სამტრედია

5 მაისი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
დილა-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საბურთალო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
tamahi daicket im dros rom tamahis damtavrebis hemdeg saqalaqo transporti muhaobdes,
cina turhi xalxi tamahis hemdeg fexit cavida saxhi.
0
ამიტომ ტორპედო უნდა დააბანაკო ბაზაზე. შორს ცოლებიდან, მანქანებიდან,გასტრონომებიდან.
გივი
14:18 01-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული