[ოთხშაბათის საკითხავი] იმედის ბიჭები

AutoSharing Option
ფეხბურთი არის ბედნიერება და სულის ზეიმი - აღარ მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ფრაზა, რომელიც წლებმა ვერ წაშალა ჩემი მახსოვრობიდან. ბავშვობა ბევრი რამის გამოა ყველაზე კარგი და ამადაც კითხულობ და ისრუტავ ყველაფერს - კარგსაც და ცუდსაც. მერე წლები რაღაცას შლის შენი მეხსიერებიდან და რაღაც რჩება. წლებმა ჩემი მახსოვრობიდან ბევრი რამ წაშალა, ეს ფრაზა კი, რომელიღაც ჟურნალისტისა თუ ნაკლებად ცნობილი მწერლის მიერაა დაწერილი, დარჩა და აწი მას ვერაფერი წაშლის...

ჟურნალისტი გვერდს ვერ აუვლის ხალხის საწუხარს. სწორედ ეს სატკივარი უნდა იყოს მისთვის მთავარი
თემა და უნდა ეცადოს, მცირე სალბუნად მაინც დაედოს ტკივილს. ბოლო დროს ზესტაფონის მნიშვნელობა ქართული ფეხბურთისთვის ძალიან გაიზარდა. გაიზარდა იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მაშინ, როცა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ყველა ქართულ ტიტულს იგებდა.

ტური იშვიათად ჩაივლის, ზესტაფონის მთავარ სპორტულ არენაზე საქართველოს ჩემპიონატის მატჩი არ ჩატარდეს. გასულ ტურში სულაც ორმა გუნდმა ითამაშა სტადიონზე, ახლა მარადისობაში გარდასული ძალიან კარგი ზესტაფონელი კაცის, დავით აბაშიძის სახელს რომ ატარებს - საჩხერის "ჩიხურას" გორის "დილაც" შეუამხანაგდა...

მე რასაც ვუყურებ, ზესტაფონურ მატჩებში საქართველოს მასშტაბით კარგი თამაშებიც გამოერევა ხოლმე, მაგრამ პირდაპირ უნდა დაიწეროს - იმ მატჩებს საერთო არაფერი აქვთ საფეხბურთო ზეიმთან. დიდი ვერაფერი სიამოვნებაა სტადიონის ცარიელი ტრიბუნების ცქერა.

არადა, ვერავინ იტყვის, რომ ზესტაფონში ფეხბურთი არ უყვართ. თავის დროზე, "ზესტაფონი" რომ "ზესტაფონობდა", დიდი ზეიმებიც ახსოვს ამ ქალაქს, სახალისო და, ასე განსაჯეთ, ტრაგიკული ისტორიებიც. ეს სტადიონი ცარიელი არასოდეს ყოფილა, ახლა კი არის.

მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" დიდი გუნდი ამ ეტაპზე გამქრალია ქართული საფეხბურთო რუკიდან და მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. როგორ და რატომ მოხდა ეს, ძალიან ტევადი თემაა. ამაზე ადრეც საკმარისად დავწერეთ და საკითხი ისეთია, თან აზრთა გვარიანი სხვადასხვაობაც რომ ახლავს.

მთავარი ერთია: ხალხს ჰქონდა სულის ზეიმი, ჰქონდა ბედნიერება და მას ეს აღარ აქვს. მეორეხარისხოვანია, რატომ არ აქვს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი იქნებ ჩვენი მთავარი საქმეც იყოს, მაგრამ ეს არ აინტერესებს იმ გულშემატკივარს, რომელიც თავის დროზე სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ საყვარელი გუნდის თამაში ვერ გააცდინა...

გულშემატკივარს, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში დღეების სწრაფად გასვლას ნატრობდა საიმისოდ, რომ "ზესტაფონის" თამაში ენახა...

გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი გუნდის ევროპული ვოიაჟის სანახავად ქართული ბანკების ნებისმიერ შეთავაზებას ყაბულდებოდა და დღესაც იხდის ან ახლახან მორჩა ვალების გადახდას...

გულშემატკივარი, რომელიც კვირაში ერთი დღე ივიწყებდა ყველა პრობლემას...

ფაქტი ესაა: ხალხს სიხარული ჰქონდა და აღარ აქვს. დამნაშავის ძიება კი მეორე საკითხია და ხალხს ეს ნაკლებად აინტერესებს - ხალხს სიხარული ჰქონდა და აღარ აქვს. ხალხს ეს სიხარული უნდა.

...არ გვგონია, საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩებს სადმე იმდენი მაყურებელი ჰყავდეს, რამდენიც - ზესტაფონში. ამ ქალაქს ორი ასაკობრივი გუნდი ჰყავს - 15 და 17-წლამდელები. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ, რანგით მესამელიგელ "მარგვეთთან" ერთად, სწორედ ისინი აცოცხლებენ ფეხბურთს ზესტაფონში.

თან ძალიან, ძალიან კარგი თაობაც მოდის. ისეთი, იქაურობას კარგა ხანია, რომ აღარ ახსოვს. ადგილობრივი გულშემატკივარი ფეხბურთის ჭიას ამათი ქომაგობით ახარებს. საშინაო შეხვედრები იქით იყოს და, გასვლებზეც მრავლად დაჰყვებიან 17-წლამდელთა გუნდს, რომელთაც "იმედის ბიჭები" შეარქვეს.

ისინიც ჩუმად და თავდადებით აკეთებენ თავიანთ საქმეს. პატარა მხრებზე დიდი პასუხისმგებლობა აწევთ, მაგრამ ეს არ აშინებთ. 17-წლამდელთა გუნდი თავის ზონაში ლიდერია, გატანილი აქვს 20 და გაშვებული აქვს ოდენ ერთი ბურთი.

რაოდენ კარგიც უნდა იყოს თაობა, მას კვალიფიციური მასწავლებელი სჭირდება. 35 წელია, გურამ მაზმიშვილი ზესტაფონური ფეხბურთის სამსახურშია და ბოლო დროს ამ ქალაქში არ გაზრდილა ფეხბურთელი, რომლის პროგრესშიც მისი ხელი არ ერიოს. ბოლო დროს გურამს მხარში მისი ვაჟი, ლაშაც ამოუდგა.

...როცა იმედი კვდება, ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. ზესტაფონში იმედი ცოცხალია. მაშ, ბრძოლაც ღირს და დროებით გაჭირვების მოთმენაც!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გლოვა არაფერ შუაშია. ჩვენ აბსოლიტურად უფეხბურთოდ დავრჩით ამხელა სტადიონით და ბაზებით თქვენ და ყველა ჩამოთვლილ ქალაქს ჰყავს გუნდიდა თქვენთან სხვა ფფგუნდები არ თამაშობენ
kaxas
16:12 12-04-2017
0
ზუსტადაა გადმოცემული ჩვენი განცდები! უდიდესი მადლობა ავტორს!
zesta
15:04 12-04-2017
0

სიახლეები პოპულარული