დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს ნამდვილად არ იყო რიგითი მატჩი. ჯერ ერთი, ყველა დერბის თან სდევს დაძაბულობა და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა. მეორეც, ჩვენს სინამდვილეში ისეც შეიძლება მოხდეს, რომ წყვილის პირობითი მასპინძელი სტუმარს... სტუმრისავე მინდორზე დაუპირისპირდეს.

მოედნის საფარზე ცალკე: გუშინ "ჩელე არენაზე" ორივე გუნდის ფეხბურთელები არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს. იქ თამაში იოლი ნამდვილად არ არის. ამას უნდა მივაწეროთ ის, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივე გუნდის მედიკოსებს საქმე არ
გამოლევიათ. ის კი არა, ბათუმელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო - ვაკო თევდორაძე ნაადრევად შესაცვლელი სწორედ იმ ტრავმის გამო შეიქნა, რომელიც საფარს უნდა დავაბრალოთ.

გასათვალისწინებელია, რომ ახლო მომავალში, როცა ქობულეთში კიდევ უფრო დაცხება, "ჩელე არენაზე" თამაში მეტად გართულდება.

გუშინ მოიგო უკეთ დაკომპლექტებულმა და მეტი საკადრო რესურსის მქონე გუნდმა. ნიშანდობლივი ფაქტია - თამაში ისე ჩამთავრდა, ქობულეთელთა დამრიგებელ გია გურულს ცვლილება არ გაუკეთებია. ამის გამო მას ვერავინ დაძრახავს.

ქობულეთელთა სათადარიგოთა სკამზე, სანთლითაც რომ გეძებნათ, გამოცდილ ფეხბურთელს ვერ იპოვიდით.

"დინამომ" გეგმაზომიერად, "საფეხბურთო არითმიის" ელემენტების გამოყენებით ითამაშა. რა თქმა უნდა, ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბი, ალბათ, მეტ ინტენსივობას ისურვებდა მისი გუნდის თამაშში, მაგრამ "ჩელე არენაზე" ეს შეუძლებელია.

"შუქურას" ხელმძღვანელობა ალბათ უკმაყოფილო დარჩებოდა არბიტრ ბაკურ ნინუას გადაწყვეტილებით იმ ეპიზოდში, როცა მოედნიდან ბორის მახარაძე გააძევა.

თევდორაძის ფაქტორი
საქართველოს ჩემპიონატს დღეს ინდივიდუალისტები რომ აკლია, არახალია. ვაკო თევდორაძე უკვე კარგა ხანია, "დინამოში" თამაშობს. მის გარჯას დიდი ხანია ვაკვირდებით და პოტენციალსაც ვხედავთ. არ ვიცით, რატომ, მაგრამ ამ ფეხბურთელს აქამდე უჭირდა "გახსნა".

მიმდინარე სეზონი თევდორაძემ შესანიშნავად დაიწყო. გუშინ კი ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა. სანამ მინდორზე იყო, ის საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

გატანილი გოლი რომ გვერდზე გადავდოთ, ერთ-ერთ ეპიზოდში მან მართლაც დიდებული პასით დააჯილდოვა პარტნიორი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თევდორაძემ მხოლოდ 49 წუთი ითამაშა და ტრავმის გამო ადგილი გუნდის კიდევ ერთ ლიდერს, თემურ შონიას დაუთმო, რომელიც მსუბუქი ტრავმის გამო თავიდან სათადარიგო იყო.

თავის მხრივ, შონიაც შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და ბათუმელთა მეორე გოლი ჩაიწერა აქტივში.

ეროვნული ლიგა. V ტური
05.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0
გოლები: 1:0 თევდორაძე (39), 2:0 შონია (90)
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ფარტენაძე, გ. გოგიტიძე, ქავთარაძე, თევდორაძე (49. შონია), სუხიაშვილი, კვირკველია, ფონიავა (72. კვანტალიანი), თარხნიშვილი, კენედი (67. ფლამარიონი), კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, მგელაძე, კეკუა
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
შუქურა: ჯიოევი, ბ. მახარაძე, ართმელაძე, კუტალია, ჟეფინიო, კლიმიაშვილი, საბაძე, გურული, ჭეჭელაშვილი, ჭეჟია, მამულაშვილი.
სათადარიგოები: სტურუა, ცეცხლაძე, კალანდაძე, ჭანუყვაძე, მალაზონია, ჯინჭარაძე, ჯ. გოგიტიძე.
მწვრთნელი: გია გურული
გაფრთხილება: ართმელაძე (61), მახარაძე (69)
გაძევება: მახარაძე (86)
არბიტრი: ბ. ნინუა.

მატჩის სტენოგრამა
3' - კუტალიას ჩაწოდების შემდეგ მცველები პოზიციურად შეცდნენ და საბაძის დარტყმული კარს სცდება.
8' - ვაკო თევდორაძის შესანიშნავი პასის შემდეგ გიორგი ქავთარაძემ ოდნავ ააცილა. "შუქურა" აშკარად გადარჩა.
13' - პაპუნა ფონიავას დარტყმის შემდეგ ბურთს აზამატ ჯიოევი ეუფლება.
29' - ფონიავა თერთმეტმეტრიანს ითხოვდა...
39' - 1:0! ანზორ სუხიაშვილი შეიჭრა "შუქურას" საჯარიმოში და პაპუნა ფონიავას გადააწოდა. მისი დარტყმული ჯიოევმა მოიგერია, უკუგდებული ბურთი კი თავით გაიტანა ქობულეთელთა ვაკო თევდორაძემ.
70' - ფონიავას დარტყმულს ჯიოევი კვლავ ადგილზე დახვდა.
78' - ძელი! ართმელაძის დარტყმის შემდეგ "დინამო" სასწაულით გადარჩა.
84' - გაძევება! ქობულეთელები ჯარიმას ითხოვდნენ. მსაჯმა თამაში არ გააჩერა და ბათუმელთა კონტრშეტევისას მახარაძემ თარხნიშვილი წესების დარღვევით შეაჩერა და წითელი ბარათი მიიღო.
90' - 2:0! თემურ შონია პირისპირ გადის მეკარესთან. პირველ დარტყმას ჯიოევი იგერიებს, შონია ეპიზოდს არ გამოეთიშა და ჟეფინიოსთან ბრძოლაში მაინც გაიტანა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 4
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 3
გ. ჯანელიძე (ჩიხურა) 3
მ. კოვტალიუკი (ჩიხურა) 3

მომდევნო ტური
8 აპრილი
შუქურა-ლოკომოტივი 14:00
დილა-კოლხეთი 16:00

9 აპრილი
სამტრედია-ტორპედო 14:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 16:00
ჩიხურა-საბურთალო 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან უსახური თამაში იყო,ნელ-ნელა მაგრამ ჯიუტად კვდება ფეხბურთი საქართველოში.მინდორი დაუვარცხნიათ (მკვდარს რათ უნდა დავარცხნა) მაგრამ მისი უმსგავსო ხარისხი იგივე დარჩა, როგორ შეიძლება კაცი ასეთი არამზადა იყო რომ ასეთ მინდორზე გაიყვანო ბიჭები სათამაშოდ?
jarji21
16:03 06-04-2017
0

სიახლეები პოპულარული