გელა სანაია: "კოლხეთისთვის" ქომაგის მხარდაჭერა მე-12 მოთამაშის ტოლფასი იქნებოდა

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგაში ჯერ 10 შეხვედრა გაიმართა და ჯერჯერობით, დიდი ანგარიშით მხოლოდ ფოთის "კოლხეთმა" მოიგო. გელა სანაიას გაწვრთნილებმა მეორე ტურში "საბურთალო" 3:0 დაამარცხეს. სხვათა შორის, ფოთელებმა ურიგო შთაბეჭდილება არც პირველ ტურში დატოვეს. მართალია, თბილისის "დინამოსთან" წააგეს, მაგრამ მწვავედ ითამაშეს და მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

ფოთელთა მთავარი მწვრთნელი "საბურთალოსთან" მოგებულ მატჩზე გველაპარაკა.

"სეზონის დაწყებისას "კოლხეთს" ძლიერ მეტოქედ არავინ აღიქვამდა. მაგრამ მეორე ტურში გამოჩნდა, რომ საქმე ასე არაა. "საბურთალო" ძლიერი გუნდია და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. მაგრამ ჩვენ დიდი მოტივაცია გვქონდა, რადგან თითოეულ ქულას
ფასი აქვს და მისი მნიშვნელობა თავიდანვე გავიაზრეთ. სხვაგვარი დამოკიდებულებით თამაშის უფლება არც გვქონდა. მიმაჩნია, რომ ეს გამარჯვება დიდმა მოტივაციამ და დავალებების სწორმა შესრულებამ განაპირობა.

მართალია, შესვენებაზე თბილისელებს არზიანი გაუგდეს და ცხადია, კაცნაკლულ მეტოქესთან თამაში უფრო ადვილია - ამან მიზნის მიღწევა გაგვიადვილა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ჩვენს გამარჯვებას ვერ დააკნინებს, რადგან უპირატესობას თავიდანვე ვფლობდით, რეალური საგოლე მომეტები პირველ ტაიმშიც შევქმენით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ", - ამბობს სანაია.

ფოთელთა დამრიგებელი თვლის, რომ წლეულს ნორმალური შემადგენლობის შეკრება მოახერხეს:

"პირველ ტურში თბილისის "დინამოსთან" წაგება იმის ბრალიც იყო, რომ სამი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა - გოგონაია, ბოლქვაძე და კორობკა. ამის მიუხედავად, თბილისელებთან ცუდად არ გვითამაშია და მეორე ტაიმში ვაჯობეთ კიდეც. "საბურთალოსთან" კი მხოლოდ უკრაინელი ლეგიონერი გვაკლდა და ისიც შემდეგ ტურში ითამაშებს. სამაგიეროდ, გოგონაია და ბოლქვაძე დაგვიბრუნდნენ და გამოჩნდა, ისინი გუნდისთვის რამხელა ძალას წარმოადგენენ.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა - ცხადია, რამალდანოვის წასვლა დიდი დანაკლისი იყო. სამწუხაროდ, ვარლამ კილასონიას გლანდების ოპერაცია დასჭირდა და დროებით დაგვაკლდება. მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, არსებულ შემადგენლობას აფრიკელები, კილასონია, ჯანელიძე, ბუხაიძე და კოვტალიუკი რომ დაემატნენ, საგრძნობლადაც გაგვაძლიერეს.

იმედი მაქვს, ტურიდან ტურამდე მოვუმატებთ და უკეთეს თამაშსაც ვაჩვენებთ".

სანაიამ გუნდის ძველ პრობლემაზეც გვითხრა:

"სამწუხაროა, რომ ფოთში ვერ ვთამაშობთ. ეს საკმაოდ დიდ პრობლემას გვიქმნის. მეც გავიგე, რომ "ფაზისის" სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებენ, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცი. ფაქტია, "კოლხეთს" საკუთარი სტადიონი სჭირდება, რადგან ფოთში ფეხბურთი უყვართ და "პარკი არენაზე" რომ ვთამაშობდით, ტრიბუნები სულ შევსებული იყო და გამორჩეული საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა. სამწუხაროდ, სხვა ქალაქში ამდენი ხალხი არ დადის და ეს ლოგიკურია.

დღევანდელ მდგომარეობაში მოკრძალებული "კოლხეთისთვის" გულშემატკივრის მხარდაჭერა მართლაც მე-12 მოთამაშის ტოლფასი იქნებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფოთში არის რაგბის კლუბი და მაგიტომ არ აძლევენ თამაშის ნებას...
ზურა
13:39 18-03-2017
0
იცით რა მაინტერესებს? ფოთში რაგბის სტადიონზე რატომ არ თამაშობენ? დავიჯერო რაგბის ფედერაცია არ აძლევს უფლებას??? იქ რაგბის გუნდი მაინც არ არის და რატომ არ იყენებენ მაგ სტადიონს ვერ ვხვდები ....
zangura
16:46 14-03-2017
0

სიახლეები პოპულარული