ჩიხურა-დილა 0:0 - ნიღბიანები მოედანზე, უნიღბოები ბანერით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" საქართველოს XXIX ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. პარადოქსია, მაგრამ მასპინძელთაგან არცერთი არ წარმოადგენდა ზესტაფონს... საჩხერის "ჩიხურა" მასპინძლის რანგში დაუხვდა გორის "დილას".

ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ნორმალური თამაში იყო, თუმცა ვერ ვიხილეთ გოლი, რაც მეკარეთა შესანიშნავ თამაშს უნდა დავაბრალოთ.

საბოლოო ჯამში, ფრე სამართლიანი შედეგია. მეორე ტაიმში "ჩიხურა" ოდნავ უკეთესი იყო მეტოქეზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამარჯვება დაემსახურებინა. ქულა კი "დილას" აქტივში უნდა ჩაიწეროს, რაკი ზივ არიეს გუნდი სულ ცოტა ხნის წინ შეიკრიბა. გუნდში ჯერ კიდევ ჩნდებიან ახალი ფეხბურთელები. მაგალითად, სალიუ ტარავალე,
ვინც გუშინ შეცვლაზე შევიდა. აქვე ვთქვათ, რომ "დილას" აკლდა დისკვალიფიცირებული კაპიტანი, გამოცდილი ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე.

სანამ უშუალოდ მატჩის მსვლელობაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ გორელთა ახალგაზრდა ნახევარმცველის, ლევან ნონიკაშვილის კარგი თამაში. მან მთელი შეხვედრა, სანამ შეცვლიდნენ, მაღალ დონეზე ჩაატარა.

რაც შეეხება "დილას" ლეგიონერებს, მათ ახლა ადაპტაცია სჭირდებათ, ისე კი, საინტერესო ფეხბურთელები ჩანან. გუშინ მათ შორის გარემარბი ჟოაკიმ ლეანდრო რიბეირო გამოირჩა. ბრაზილიელს საკმარისად კი ჰქონდა ტექნიკური წუნი, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში თავი აშკარად დაგვამახსოვრა - როგორც, სწორედაც, კარგი ტექნიკის პატრონმა.

პირველი სახიფათო მომენტი გორელთა კართან შეიქმნა. ერთ დროს ზესტაფონური პუბლიკის ჯილა ნიკა გელაშვილი მახვილი კუთხიდან ურტყამდა მიხეილ მუჯრიშვილის კარში, მაგრამ ბურთი ზემოდან გადასცდა მას.

ამას გორელთა გააქტიურება მოჰყვა. აქტიურმა მალხაზ გაგოშიძემ (კიდევ ერთი ექსზესტაფონელი) ჟოაკიმ რიბეიროს უპასა. სამხრეთამერიკელმა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესად დაარტყა. ამ ეპიზოდში "ჩიხურას" ბოსნიელთა კარის დარაჯმა დინო ჰამზიჩმა დიდებულად ითამაშა.

მორიგი მომენტი ისევ "დილასი" იყო. გივი ქარქუზაშვილი, ვინც დაცვაში ძალიან საიმედო იყო, სახიფათოდ ჩაერთო შეტევაში და დაარტყა კიდეც, მაგრამ საჩხერელთა კარს ბურთი ზემოდან გადასცდა.

თანაბარ თამაშში მორიგი საგოლე შანსი "ჩიხურამ" იპოვა. მატჩის ერთ-ერთი გმირი მიხეილ მუჯრიშვილი გამოსვლაზე შეცდა, ბურთი გაუვარდა, თუმცა საჩხერელთა შემტევებმა დაუცველ კარში ვერ გაიტანეს.

მერე ისევ "დილას" ჯერი დადგა. აქტიურმა ლეანდრომ პასი დააგვიანა, თორემ "დილას" ანგარიშის გახსნის ძალიან დიდი შანსი ექნებოდა. ტაიმი კი კიდევ ერთი ექსზესტაფონელის, ამჟამად "ჩიხურას" ნახევარმცველ მიხეილ სარდალიშვილის დარტყმით დასრულდა, რომელიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მეორე ნახევარი, სანახაობრივი თვალსაზრისით, პირველზე ნაკლებად მიმზიდველი გამოდგა. თავი იჩინა "ჩიხურას" უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და შეთამაშებამ, რაც სავსებით ბუნებრივია. წლებია, "ჩიხურას" ძირითადი ბირთვი ერთად მოდის. "დილა" კი ახლა ყალიბდება ამ ფორმაციის გუნდად.

მეორე ტაიმში საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. გორელი დავით კირკიტაძის დარტყმა ჰამზიჩმა მოიხელთა. მერე იყო გელაშვილის ჩაწოდება, რომელიც მუჯრიშვილის ნადავლი გახდა. ამის შემდეგ კი მუჯრიშვილის ჯერი დადგა. მან ორჯერ არ გაატანინა გიორგი გაბედავას. საჩხერელთა გამოცდილმა მოიერიშემ განსაკუთრებით სახიფათოდ ჯარიმა შეასრულა, რომელიც მუჯრიშვილმა "ცხრიანიდან" მოხსნა.

არ შეიძლება, არ ვთქვათ სტადიონზე არსებული ატმოსფეროს შესახებ. "ზესტაფონის" გულშემატკივრების საწუხარი არახალია - მათი საყვარელი გუნდი საქართველოს ჩემპიონატში აღარ თამაშობს. თამაშის მსვლელობის დროს "დილას" ქომაგებმა რამდენჯერმე გაამხნევეს ზესტაფონელი კოლეგები. ისინი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სახელს სკანდირებდნენ. გარდა ამისა, "ზესტაფონის" ქომაგებმა გამოფინეს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დამზადებული ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი ბანერები, რომელიც ახლა უკვე გადახაზული იყო.

მატჩის მსვლელობისას კი მინდორზე უცნობი ნიღბიანი გულშემატკივრები შევიდნენ. მათ თამაშის მსვლელობისათვის ხელი არ შეუშლიათ, უბრალოდ, მოედნის კიდეზე განთავსებული ფედერაციის ბანერი გადახაზეს...

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური
05.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-დილა 0:0
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, შ. კაშია, ლ. ჭელიძე, ჩიკვაიძე (87. მირცხულავა) - სარდალიშვილი, დობროვოლსკი, გორგიაშვილი (70. ივანიშვილი), განუგრავა, გაბედავა (82. მუმლაძე) - გელაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, კაკუბავა, დეკანოიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა (4-5-1): მუჯრიშვილი - ეტუ, ქარქუზაშვილი, მაჩაიძე, გაგოშიძე - ლეანდრო, ნონიკაშვილი (80. ძარია), დერეტი, პაპავა, კირკიტაძე (82. ტარავალე) - დე როსარიო (65. წიქარიძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ალიუ, კალანდარიშვილი, პაპუაშვილი
მწვრთნელი: ზივ არიე
გაფრთხილება: გორგიაშვილი (64), ქარქუზაშვილი (75)
არბიტრი: ბ. ნინუა

ეროვნული I ლიგა. I ტური
რუსთავი-გურია 3:1
ვიტ ჯორჯია-სამგურალი 3:0
მერანი-გაგრა 0:0
სიონი-ზუგდიდი 1:0
ცხინვალი-მეშახტე 2:2.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მე პირველ რიგში ქართული ფეხბურთის ქომაგი ვარ.ფედერაციის წარმატებად მიმაჩნია ყველა სტრუქტურული ცვლილება რაც მათ განახორციელეს.გუნდების დღევანდელი დონე რა თქმა უნდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმედია გარკვეული დროის შემდეგ წინსვლა აუცილებლად იქნება.ჩვენც რაღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. იმედი ხომ ბოლოს კვდება.
agmosavlet tribunis J U N G L E B I
18:26 07-03-2017
0
საქარტველოს ცემპიონატი გაჰერებულია როგრ მიდის წინ დილას ფანი რომ ხარ დილა 2012 წელს უფრო მაგრად ტამასჰობდა თუ ეხლა ან ნებისმიერი გუნდი გადაგდე 3 წლით უკან იგივე დინამო ეხა რა გუნდია არფერი ტორბედო მუგამი არაქ მატჩEბის ხილვას ადრე ზესტა დინამო ტორბედო მეტალურგი ეს გნდები ქაჰავდენდ ა გირდა ყურბა იგივე დილა ეხა ვერგაიგებ დინამო მოიგებს ტუ ტერჯოლის საპობვნელა
Gaga
14:58 07-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული