მერაბ გიგაური: ევროპა ლიგაზე თამაში ჩემთვის და მთელი გუნდისთვის დიდი შანსია

AutoSharing Option
"ქუთაისის "ტორპედოში" სამი წელი ვთამაშობდი და დაბრუნება არ გამჭირვებია, ადაპტაცია კი არც მჭირდებოდა, აქ ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს, მეუღლე ქუთაისელია და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ნაცნობი გარემო და ვითარებაა, გუნდში ყველა კარგად დამხვდა - ბიჭები, ხელმძღვანელობა და "ტორპედოს" ერთგული ფანები", - ამბობს მერაბ გიგაური, რომელმაც ქობულეთის "შუქურასთან" საკონტროლო შეხვედრაში თავი 25 მეტრიდან გატანილი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.

23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ქუთაისურ კლუბში 2010-13 წლებში ითამაშა და თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში სწორედ მაშინ გამოიძახა. მერე იყო რუსთავის "მეტალურგი",
"ცხინვალი", ფოთის "კოლხეთი", ბოლოს კი პირველი ლიგის "რუსთავში" თამაშობდა, სადაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. მაგრამ, რაც უნდა იყოს, პირველი ლიგის დონე უმაღლესისას ჩამორჩება.

თუმცა თავად მიიჩნევს, რომ პირველ ლიგაში თამაშმა მასზე უარყოფითად არ იმოქმედა:

"რანგით დაბალ ლიგაში კი გამოვდიოდი, მაგრამ "რუსთავში" სულ 4 თვე გავატარე. ძლიერი გუნდია და გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ვთამაშობდი. რა მიზანიც გვქონდა, შევასრულეთ, ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. პირადად ჩემთვისაც წარმატებული ჩემპიონატი იყო, ყველა ტურში ვითამაშე და მიმაჩნია, რომ ფორმაში შესასვლელად "რუსთავში" თამაში ძალიან წამადგა".

ისიც ცხადია, რომ გიგაური უმაღლეს ლიგაში დაბრუნებით გახარებულია:

"ეროვნულ ნაკრებში 20 წლისამ ვითამაშე და დიდი იმედები მქონდა. სამწუხაროდ, ჩემი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც მსურდა, მაგრამ ჯერ 23 წლის ვარ და იმედი არ გადამიწურავს, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვავლენ. რაც მთავარია, მიმიწვიეს საქართველოს თასის მფლობელ გუნდში, რომელიც ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ეს კი ჩემთვის და მთელი გუნდისთვის დიდი შანსია".

გიგაური "ტორპედოს" მიზნებზეც გველაპარაკა:

"ქუთაისის "ტორპედოს" ჰქონდა აღმავლობაც და ჩავარდნაც, მაგრამ ამ გუნდში ერთი არ იცვლებოდა - ის ყოველთვის ამბიციური გუნდი იყო და მაღალი მიზნებისთვის თუ არ იბრძოდა, ამაზე ფიქრობდა მაინც... კახა ჩხეტიანის მისვლის შემდეგ კი გუნდი სასიკეთოდ შეიცვალა, თასი მოიპოვა და ძველი ამბიცია დაიბრუნა. ეს კი ჩემპიონატს დიდ ინტრიგას შემატებს, რადგან გარდამავალი ჩემპიონატის რამდენიმე ლიდერს ახლა "ტორპედო" შეემატა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძლიერი შემადგენლობაც გვყავს და მინიმუმ სამეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული