პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები

AutoSharing Option
ფოტოზე: "რუსთავისა" და "გაგრას" ამხანაგური მატჩი
ახალი საფეხბურთო სეზონის დასაწყისისათვის სერიოზულად ემზადებიან პრო ლიგა 2-ის გუნდებიც. საერთოდაც, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე დონის ჩემპიონატი ძალიან დიდ სატურნირო ინტრიგას გვპირდება. მით უფრო, რომ 2017 წლის სეზონში პრო ლიგა 2-ში მოასპარეზე, ფაქტობრივად, ათივე გუნდს სერიოზული ამბიცია უნდა ჰქონდეს...

მოახლოებული სეზონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი კი, ჩვენი აზრით, "გაგრა" უნდა იყოს: გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილმა გუნდმა იანვრის პირველ რიცხვებში დაიწყო მზადება და რამდენიმე საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. იმასაც შეგახსენებთ, რომ "გაგრამ" მართლაც დამსახურებულად
გაიმარჯვა სფფ-ის მიერ ორგანიზებულ "ზამთრის თასზე" და სადაც ასევე დამსახურებულად აღიარეს ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "გაგრას" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქურდაძე.

სპარინგებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ის უნდა ვთქვათ, რომ "გაგრა" მეტად და მეტად აქტიურობს სატრანსფერო "ბაზარზე" და იმის გარდა, რომ რამდენიმე ტრანსფერი უკვე განახორციელა, ამ გუნდში თითქმის ყოველდღე ისინჯება ათობით პოტენციური ახალწვეული. გარდამავალი ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ გუნდი დატოვეს:
ლევან ტყეშელაშვილმა, ლაშა ღონღაძემ, თამაზ კიკაბიძემ და ნიკა ცოცხალაშვილმა.

აი, შევსება კი "გაგრამ" პირველი ლიგიდანაც მიიღო და უმაღლესი ლიგიდანაც: 26 წლის შემტევი ზვიად ქანთარია ("მერანიდან"), 25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თორნიკე მოსიაშვილი ("შუქურადან"), 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი შოთა გვაზავა ("ოდიში 1919"-დან), 26 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გეთიაშვილი ("ლოკომოტივიდან"); "ვიტ ჯორჯიადან" იჯარით ითამაშებს პერსპექტიული ახალგაზრდა მეკარე ზურაბ გუგუშვილი.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "გაგრას" ყველაზე ცნობადი ახალწვეული, 24 წლის გიორგი ნადირაძე - "ცხინვალის" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ბოლო წლებში ხომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ.

"გაგრამ" საკონტროლო მატჩები თავდაპირველად მეორე ლიგის გუნდებთან გამართა და სოხუმის "დინამოს" 4:2 მოუგო, გულრიფშის "კოლხს" კი - 5:2. ამ საკონტროლო მატჩებში,  სხვებთან ერთად, "გაგრაში" უცხოელი ფეხბურთელებიც ისინჯებოდნენ: სოხუმის "დინამოსთან" ერთი გოლი ქექი ოთმა (ინგლისი) გაიტანა, დავიდ განდილიანმა (სომხეთი) კი "კოლხთან" სპარინგში სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

თუმცა სომხური "გიუმრის" ყოფილ ცენტრფორვარდ განდილიანს სხვა გუნდში მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, აი, ინგლისელ ფორვარდ ქექი ოთს კი "გაგრას" სამწვრთნელო შტაბი კიდევ დააკვირდება.

რაც შეეხება ბოლო სპარინგ(ებ)ს, "გაგრამ" ერთდროულად ორი საკონტროლო მატჩი გამართა პრო ლიგა 2-ის კიდევ ერთ ამბიციურ გუნდ "რუსთავთან". მიუხედავად სუსხიანი ამინდისა, რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილმა 300-მდე გულშემატკივარმა მართლაც გმირულად გაუძლო და 4 საათის (!) განმავლობაში მიადევნა თვალი ორ საკონტროლო მატჩს.

"გაგრას" მსგავსად, მასპინძელთა გუნდშიც არაერთი ფეხბურთელი გახლდათ სინჯებზე, რომელთა გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ამას გარდა, მასპინძელთა თავკაცმა ვარლამ კილასონიამ თავისი გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელიც დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება პერსპექტიულ ახალგაზრდებსაც მისცა.

მოკლედ, ორივე მატჩი ორივე გუნდმა შერეული შემადგენლობებით ითამაშა: პირველ სპარინგში "რუსთავმა" ირაკლი გოგინაშვილის, ბესიკ ჩიმაკაძისა და დათა სიჭინავას გოლებით 3:1 მოიგო, მეორეში კი უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა - 4:4.

აღსანიშნავია, რომ ამ მეორე სპარინგში მასპინძელთაგან დუბლი შეასრულეს სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი გოგილაშვილმა და თორნიკე ჩუბითიძემ, სტუმართაგან კი ზემოთ ნახსენები ინგლისელის გარდა, თავი გამოიჩინეს "გაგრას" წამყვანმა შემტევებმა - გიორგი ტყეშელაშვილმა (2) და ლევან პაპავამ.

ახლა კი "რუსთავის" სატრანსფერო სიახლეებზეც: "ლელო" ადრეც წერდა, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების მერე გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა, 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მერაბ გიგაურმა.

ახალ სეზონში სხვა გუნდებში ვიხილავთ 23 წლის მეკარეს, დავით ლეგაშვილს, 26 წლის მარცხენა მცველს, გიორგი ლემონჯავას და 26 წლის გარემარბს, ბექა ზაქრაძეს. ყველაზე დიდი დანაკლისი კი "რუსთავისათვის", რაღა თქმა უნდა, გამოცდილი მიხეილ ალავიძის წასვლა უნდა იყოს: 29 წლის მეკარემ ხომ უდიდესი წვლილი შეიტანა წინა სეზონში "რუსთავის" წარმატებულ ასპარეზობაში.

"რუსთავში" ალავიძის შემცვლელი კი ტანმაღალი მეკარე, 23 წლის ლევან ტყეშელაშვილი უნდა გახდეს, რომელიც ბოლოს ... "გაგრაში" გამოდიოდა და ახლა უკვე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი "რუსთავის" კიდევ ერთი მეკარის ვინაობაც.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში "რუსთავში" ითამაშებენ "გურიას" ყოფილი კაპიტანი, 27 წლის ერეკლე კილაძე და 26 წლის სწრაფი გარემარბი თორნიკე თუხარელი, რომელსაც სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", ფოთის "კოლხეთსა" და "შუქურაში" უთამაშია, კარიერა კი 17 წლის ასაკში "გაგრაში" დაიწყო.

დაბოლოს, "რუსთავის" და საერთოდ, პრო ლიგა 2-ის, ალბათ, ყველაზე ცნობად ახალწვეულზეც: ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "რუსთავში" გააგრძელებს კარიერას 31 წლის გამოცდილი პლეიმეიკერი გოჩა ხოჯავა, რომელსაც კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთში ("ანჟი", "ალანია", "ვოლგა", "სახალინი", ხაბაროვსკის სკა) აქვს გატარებული, სხვადასხვა დროს უთამაშია კვიპროსზეც, საქართველოში კი "თბილისში" დაიწყო თამაში, მცირე ხნით "დილაშიც" გამოდიოდა, 2006-07 წლების სეზონის პირველ ეტაპზე კი რუსთავის "ოლიმპის" წამყვანი ფეხბურთელიც გახლდათ.

და აი, ათწლიანი პაუზის მერე ხოჯავა რუსთავში დაბრუნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული