დამაფიქრებელი და აშკარად არასასურველი ტენდენცია: მიგრაცია დაიწყო!

AutoSharing Option
არ დავმალავთ და, საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას მართლაც იმედიანად ვხვდებით! უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირებული რაოდენობა, ჩემპიონატის ჩატარების შეცვლილი ფორმატი ("გაზაფხული-შემოდგომა"), სოლიდური საპრიზო ფონდის დაწესება - აი, ის უმთავრესი და დამაიმედებელი სიახლეები, წესითა და რიგით, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარებას რომ უნდა შეუწყოს ხელი.

ასევე პოზიტიურ მოვლენად მიგვაჩნია ლიცენზირების თემაც, რამეთუ ძალიან კარგად გვახსოვს ახლო თუ შორეულ წარსულში რამდენი გვყავდა "ნახევარწლიანი" თუ "ერთწლიანი" გუნდები, რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ამა თუ იმ გუნდს სეზონის
დასკვნითი ნაწილი (ხანდახან - ლამის ნახევარი სეზონიც), მხოლოდ და მხოლოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაუმთავრებია.

აღარაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების, ფაქტობრივად, უმრავლესობამ ახალი სეზონისათვის მზადება უკვე დაიწყო და ამ ოცი გუნდიდან, სავარაუდოდ, ნახევარზე მეტს უცხოური შეკრებაც აქვს დაგეგმილი; ეგ კი არა, ახალი სეზონის დაწყებამდე, ზოგიერთი ჩვენი გუნდი ორი უცხოური შეკრების გავლასაც აპირებს!

...თუმცა, ასეთი პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, უკვე ახლავე შეინიშნება აშკარად დამაფიქრებელი და ასევე აშკარად არასასურველი ტენდენცია: 2017 წლის დაწყებიდან ჯერ 2 კვირაც არ გასულა და უკვე ოცამდე ფეხბურთელმა გადაწყვიტა კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება!

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელი ისწრაფვის იმისკენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე გამოავლინოს და ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარსაც გაუხარდება ის ფაქტი, როცა რომელიმე ჩვენებური საკუთარ კარიერას ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატში გააგრძელებს.

არადა, ამ ბოლო დროს, მართლაც იშვიათზე-იშვიათობაა ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვედრილიყოს ტოპ-ლიგებში თუ არა, მეტ-ნაკლებად საშუალო დონის ჩემპიონატში.

სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება და, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, სხვა ვერც ერთ ტრანსფერზე ვერ ვიტყვით, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელისათვის წინგადადგმული ნაბიჯიაო.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიც, - ფინანსური ინტერესი! აი, ამ ფაქტორთან დაკავშირებით კი, მართლაც ვერავის გაამტყუნებ, მაგრამ როცა ესა თუ ის ქართველი (თანაც, ახალგაზრდა) ფეხბურთელი ჩვენზე ... დაბალი დონის ჩემპიონატში აგრძელებს კარიერას, აი, ეს კი, მართლაც დამაფიქრებელია...

...ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ახალი წლის დადგომიდან ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი უკვე 20-მდე ისეთმა ფეხბურთელმა დატოვა, აწ უკვე ყოფილ გუნდში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ რომ მოიაზრებოდა; ეგ კი არა, მათი უმრავლესობა, საქართველოს ნაკრების წევრია, ან კიდევ, იქ მოხვედრის რეალური კანდიდატი! არადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში საპირისპირო ტენდენციით ვხარობდით და, ალბათ, იმაშიც ბევრი დაგვეთანხმება, რომ უცხოურკლუბებმოვლილი ქართველი ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნება სწორედაც რომ საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებას უწყობდა ხელს.

ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, მათე ვაწაძე, ლადო დვალიშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლაშა სალუქვაძე, უჩა ლობჟანიძე, გოგიტა გოგუა - საქართველოს ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების აქ დაბრუნება აშკარად პოზიტიური ფაქტი იყო ჩვენი ჩემპიონატისათვის და, უპირველეს ყოვლისა, ამ ჩემპიონატში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისათვის. აღარაფერს ვამბობთ ალექსანდრე იაშვილზე, - საქართველოს ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელზე...

...საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილის მომავალი უცხოური გუნდის ვინაობა მალე გახდება ცნობილი; ასევე უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, შარშან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ ჰქონდა მშვენიერი დებიუტი.

ასევე გაურკვეველია იმ გუნდის ვინაობაც, სადაც უნდა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა (ყველა ვერსიით!) და საუკეთესო ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ.

ჯერჯერობით უცნობია იმ ფეხბურთელთა მომავალიც, საქართველოს ნაკრებში პირველად შარშან რომ გამოჩნდნენ (ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი), ისე როგორც გამოცდილი და უნივერსალი მცველის, გიორგი ფოფხაძის მომავალი გუნდის ვინაობაა გაურკვეველი.

სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ სამშობლოში მცირეხნიანი დაბრუნების შემდეგ კვლავაც უცხოეთში გააგრძელებენ კარიერას ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე (ორივე - "ატირაუ", ყაზახეთი); კვლავაც დანიაში დაბრუნდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდი მათე ვაწაძე ("ვიბორგი"), ისე როგორც რუმინეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი");

პირველად მიეცემათ შანსი უცხოურ გუნდებში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები ორ პერსპექტიულ საყრდენ ნახევარმცველს, მათე ცინცაძეს ("პოგონი", პოლონეთი) და გუგა ფალავანდიშვილს ("ეთნიკოსი", კვიპროსი).

დაბოლოს, ბალტიისპირეთულ ტრანსფერებზეც: "სტანდარტულების" უბადლო შემსრულებელი და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი (ლომის წილი რომ შეიტანა "სამტრედიას" ჩემპიონობაში) კარიერას მოკრძალებულ ლატვიურ კლუბ "რიგასში" გააგრძელებს, "დილას" აწ უკვე ყოფილი გარემარბი, სწრაფი და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ერისთავი კი მეორე ლატვიურ გუნდში, "ლიეპაიაში" გადავიდა...

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ყველაფერ ზემოთქმულს გაგრძელება ექნება, თანაც - აუცილებლად!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
თან სახელმწიფო გუნდები არ იყოს, თან ბავშვთა ფეხბურთი უფასო იყოს, არ გამოვა. როცა კლუბი კერძოა, იმას შემოსავალი სჭირდება, რომ ჰქონდეს აწყობილი ყველაფერი კარგად - ფული შემოსდიოდეთ სტადიონზე მოსული ხალხიდან, სპონსორებიდან, ტრანსფერებიდან. მაგრამ საქართველოში ამის აწყობას დრო სჭირდება. აი მერე კიშეიძლება ამაზე ფიქრი.
ფაშა ძლიერი
15:48 16-01-2017
0
გამოვა! ეტყობა დაგეზარა ბოლომდე წაკითხვა, მანდ გასაგებად სწერია საპრიზო ფონდი და დაკავებული ადგილების მიხედვით ყველა გუნდმა უნდა მიიღოს თანხა. ბოლო ადგილოსანმაც და პირველ ადგილოსანმაც, სანაცვლოდ, უნდა აიღონ ვალდებულება,, ბავშვები ავარჯიშონ უფასოდ და მოუარონ სტადიონებს. აქედან გამომდინარე,, ბოლო ადგილს გავა გუნდი თუ ბოლოს წინას, ექნება მნიშვნელობა და ეს აისახება კონკრეტული თანხით. ბოლო ადგილოსანი აიღებს დაუშვად 500 000 ბოლოს წინა ადგილოსანი 700 000 ,, სხვაოობა 200 000 რისთვისაც კლუბებს ბრძოლა მოუწევთ. ეს გაზრდის კონკურენციას და ფეხბურთიც მეტად სანახაობრივი იქნება. საპრიზო ფონდის შევსების წყარო სხვადასხვა შეიძლება იყოს როგორც ბიუჯეტის თანხები ისე ბიზნესიდან ან სხვადასხვა წყაროები. ცალსახად დაივიწყეთ რომ ბავშვებს ფული გამოართვათ, სპორტი არის ღარიბი ადამაინის შანსი!. ეს ნუ გავიწყდებათ. დღეს სპორტი მდიდარი ადამანების ჰობად არის გადაქცეული და კი ხედავთ რა შედეგიც არის.
Davit
16:45 16-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული