პრო ლიგა 2. "გაგრა": კლუბები ითხოვენ - "ადიდასის" ბურთი და ორი გუნდი პირდაპირ!..

AutoSharing Option
"გაგრამ" სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი "ზამთრის მასტერსზე" ითამაშებს, მერე კი რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და შეკრებაზე გადავა...

კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ აფხაზავას თქმით, მომავალ სეზონში "გაგრა" პრო ლიგა 1-ში გადასვლას უმიზნებს:

"პირველ ტურში დაშვებული შეცდომის გამო მეორე ტურს არა 3 ქულით, არამედ მინუს 3 ქულით შევხვდით. ამის მიუხედავად, პრო 2-ში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ. ახლა კი მიზანი პრო 1-ში მოხვედრა იქნება".

აფხაზავამ ფეხბურთის ფედერაციის მიმართ გაგრელთა მიერ მომზადებული წინადადებაც გაამხილა:

"პროექტის მიხედვით, პრო 1-ში პირდაპირ მ
ხოლოდ პრო ლიგა 2-ის პირველადგილოსანი გადავა, ხოლო II-III ადგილებზე გასულები პრო 1-ში VIII-IX ადგილებზე გასულებს პლეი-ოფებში შეხვდებიან. ჩვენი წინადადებაა, რომ პრო 1-ის საგზური მეორე ადგილსაც პირდაპირ გადაეცეს, ხოლო პლეი-ოფში მე-3 ადგილზე გასულმა ითამაშოს".

აფხაზავა "გაგრას" თავკაცთა პოზიციას აფიქსირებს - გარიგებულ თამაშებში მონაწილენი ფეხბურთიდან სამუდამოდ უნდა მოიკვეთონ:

"კლუბებმა ფედერაციას გარიგებული თამაშების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისთვის მადლობა გადავუხადეთ. იმედია, ამ კუთხით მომავალ სეზონში ვითარება გამოსწორდება.

თუმცა ისიც ითქვა, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის პროცესში ღიად უნდა დასახელდნენ ის ფეხბურთელები თუ პიროვნებები, რომლებიც ამაში შენიშნულები არიან. ანუ, თუ ასეთ პიროვნებას კლუბი გაათავისუფლებს, მან ფეხბურთში საქმიანობა საერთოდ ვეღარ უნდა შეძლოს და ყველასთვის მიუღებელი იყოს".

"გაგრას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჩემპიონატის ბურთზე კლუბების პოზიციაც გვითხრა:

"მუნიციპალური კლუბებისთვის ბურთების შეძენა არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული, კერძო კლუბები ამგვარი შეზღუდვებისგან თავისუფალნი ვართ. მაგრამ კოლეგიალობის, საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა გუნდი ერთი ფირმის და, რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ბურთით ივარჯიშებს და ითამაშებს - ეს იქნება "ადიდასის" ბურთი.

ქობულეთში, კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, ამ იდეას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. ფეხბურთის ფედერაცია დაგვთანხმდა, პრო 1 და პრო 2-ის თამაშები ერთი ფირმის ბურთით ჩატარდეს. მალე კვლავ შედგება შეხვედრა კლუბებთან და უკვე კონკრეტული წინადადებებიც იქნება".

აფხაზავამ ჩემპიონატის გაშუქებასთან დაკავშირებით "გაგრას" პოზიციაც გაახმოვანა:

"ამ ეტაპზე, მხოლოდ პრო 1-ის თამაშების ტელეტრანსლირება იგეგმება. ჩვენ ფედერაციის ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რომ იქნებ პრო 2-ის თამაშებიც გაშუქდეს. პრო 1-სა და პრო 2-ში გუნდების დონეებს შორის დიდი განსხვავება არ არის და ეს მარტვილის "მერანმა" თასის ფინალში გასვლითაც დაამტკიცა. პრო 2-ში მაყურებელი ბევრ საინტერესო შეხვედრას იხილავს.

სფფ-ის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ პრო 2-ის გუნდებს ამ მხრივ გულს არ დაგვწყვეტენ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
1000% მართალია ეს ბიჭი!
QWERTY
21:20 11-01-2017
0

სიახლეები პოპულარული