არაბიძის მენეჯერი: გიორგი ამას თავადაც ძალიან განიცდის...

AutoSharing Option
დასამალი არ არის და ლოგიკურიცაა, რომ გულშემატკივარს თბილისურ შესარჩევში გიორგი არაბიძისგან გაცილებით მეტის მოლოდინი ჰქონდა. მაგალითად, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ თქვა, რომ მისგან უფრო გუნდურ თამაშს ელის. დონეცკის "შახტარის" შემტევმა ნახევარმცველმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა (უელსსა და ალბანეთთან) და ორივე მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ავსტრიასთან გადამწყვეტი მატჩი გამოტოვა...

თბილისურ ტურნირს არაბიძის მენეჯერი მიხეილ მეტრეველი დაესწრო და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:

"თბილისში მცირე ხნით ვიყავი და გიორგის მხოლოდ ერთი თამაში ვნახე. მეც შევნიშნე, რომ გუნდური თამაში არ გამოსდიოდა.
არც ისაა დასამალი, რომ თანაგუნდელებს დაცვაშიც ვერ ეხმარებოდა სათანადოდ...

ფაქტია, რომ გიორგის გაცილებით უკეთესად შეუძლია თამაში, ახლა კი საკუთარი შესაძლებლობები 100 პროცენტით ვერ გამოავლინა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გადაღლილი იყო. ის ხომ ამ გუნდშიც ყველაზე პატარაა - 17 წლისაა, წლეულს კი ბევრ ფრონტზე იბრძოლა, "ლოკომოტივში", 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელებში, მთავარ გუნდში, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში... წარმოგიდგენიათ, ეს 17 წლის ბიჭისთვის რამხელა დატვირთვაა?

მაგრამ გამართლებას არ ვეძებ, გამიკვირდა არა ის, რომ დაცვას კარგად ვერ ეხმარებოდა, არამედ ის, რომ შეტევაში ისეთი ეფექტური ვერ იყო, როგორც შეუძლია.

ცხადია, ერთი მხრივ, ეს გუნდის შეუთამაშებლობის შედეგიც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ დიდი პასუხისმგებლობა დააწვა და ინერვიულა. ამის მანიშნებელია ის ორი ყვითელი ბარათი, რაც მისგან მართლაც მოულოდნელი იყო. გიორგის უხეშობა საერთოდ არ ახასიათებს, არადა, ახლა ანერვიულებული ჩანდა", - ამბობს მეტრეველი.

მისი თქმით, საკუთარი თამაშით თავად არაბიძეც უკმაყოფილოა და ამას განიცდის კიდეც:

"ჯერჯერობით, ის ყოველ შეხვედრას ისე ვერ ჩაატარებს, როგორც ეს "მალმიოსთან" მოახერხა. ამის მოლოდინი ილუზია იქნება. ახლა კი ემოციურად და ფიზიკურად აშკარად გამოფიტული ჩანდა.

უკრაინაში ერთად გავფრინდით და საკუთარ შეცდომებზე მელაპარაკა. გამიხარდა, რომ რაც მე არ მომეწონა, ყველაფერს თავადაც აღიარებდა - რომ დაცვას უნდა მიხმარებოდა, რომ მომენტებში უფრო მარტივად უნდა ეთამაშა, რომ უფრო მეტად უნდა ეთამაშა გუნდზე...

სხვათა შორის, ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა - ხალხი და მწვრთნელი ჩემგან მეტს ელოდა და არ იფიქრონ, რომ ზერელედ ვითამაშეო...

მაგრამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, ვასილ მაისურაძის სახით, ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ყველა ასაკობრივ გუნდში წარმატებით უმუშავია და სპორტული მხარის გარდა, ადამიანის ფსიქოლოგიასაც კარგად იცნობს. ამიტომაც მჯერა, რომ ელიტრაუნდისთვის გიორგის "გასაღებს" მოუძებნის.

მალე დასვენების დროც მოვა. იანვრიდან გიორგი ბრაზილიაში მოემზადება, მერე ამერიკაში "შახტარი" ბრაზილიისა და გერმანიის ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს და მჯერა, ელიტრაუნდში ჩვენს 19-წლამდელებს უკეთესად დაეხმარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი უკიდურესობები
ესაო ისაო ახალი მესიო ბიჭი გააგიჟეს და ამხელა მოლოდინი შექმნეს
არ შეიძლება ესეს 17 წლისაა არ დაგვავიწყდეს
მე ვნახე ორივე თამაში და ძალიან იმედგაცრუებული დავჩი არაბიძის თამაშით, მაგრამ ეტყობა რომ აშკარად ნიჭირი ბიჭია და იმედია მომავალში უკეთ გამოუვა
messsebe
21:14 22-11-2015
0
გიო შენ მთელი საქართველო ბალეშიკობს!
lelo
21:10 22-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული