U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში ორი ტური ჩატარდა და ფავორიტებიც გამოიკვეთნენ.

პორტუგალიასთან მოგება ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს უნარჩუნებდა, მაგრამ თამაშის დასაწყისში პირინეელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს და ჩვენებს საქმე გაურთულეს. აკაკი შულაიამ საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა და მეტოქეს რომ არ დაერტყა, ბურთი ფეხიდან აართვა. რუმინელმა არბიტრმა რადუ პეტრესკუმ მოულოდნელად პენალტი დანიშნა, რომელიც პედრო როდრიგესმა გოლად აქცია - 0:1.


დევდარიანის
გაწვრთნილებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს და მომენტი მომენტზე შექმნეს. 22-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა გიორგი ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ მცველს დაასწრო და დაარტყა, მეკარემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა. შემდეგ რეალური შანსი ჰქონდა ხარაიშვილს, მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

წონასწორობის აღდგენის მორიგი შანსი გიორგი თევზაძეს ოთარ კიტეიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მიეცა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, ბურთი მიეღო თუ დაერტყა და მეკარეს ვეღარ აჯობა.

გოლი მაინც გავიტანეთ: კიტეიშვილის სახიფათო დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. "სტანდარტი" ლუკა ზარანდიამ შეასრულა, გოშთელიანმა ბურთს თავი დაახვედრა, ზურაბ მალანიამ კი კარში გააგზავნა - 1:1.

"გასახდელში გაყოლილი" გოლით შეგულიანებულმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში მეტოქეს უფრო მეტი შემართებით შეუტია და 49-ე წუთზე დაწინაურდა კიდეც: ზარანდიამ გოშთელიანს შეტევა საჯარიმოში გაუგრძელა, მან კი ორ მცველს დაასწრო და ბურთს ფეხი წაჰკრა - 2:1.

გიორგი დევდარიანის შეგირდები უტევდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ. შესაბამისად, იმ მომენტში საბოლოო შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ... ძალა აღმართს ხნავს. ჩვენებს დაღლა დაეტყოთ, მოედნის ცენტრში ადრინდელივით ვეღარ იბრძოდნენ და ამას მოჰყვა პორტუგალიელთა ორი გოლი - 2:3.

ასეთი კარგი ფეხბურთის შემდეგ წაგება დასანანი იყო. ჩვენებსაც ემოციებმა სძლიათ. პორტუგალიელები დროის გასაყვანად სიმულაციას მიმართავდნენ და ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ (ამ დროს თამაში შეჩერებული იყო) ზარანდიამ ბურთი მსაჯს გაუქანა, რასაც მეორე ყვითელი ბარათი და ავტომატურად "წითელიც" მოჰყვა.

მოკლედ, ამ წაგებით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

წაგების მიუხედავად, ხალხმა დევდარიანის ბიჭებს ტაში დაუკრა. ჩვენ ვნახეთ ჯიგრიანი, თავდადებული და ხშირ შემთხვევაში - ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ ცხადია, გამოჩნდა ნაკლიც - თუნდა ის, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა გუნდის ფიზიკური მომზადება.

სამუშაო ბევრია, მაგრამ ნათელია, რომ ამ ბიჭებს პერსპექტივა აქვთ.

U19. ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. II ტური
31.05. თბილისი, "მიხეილ მესხი". 3 000 მაყურებელი
საქართველო-პორტუგალია. 2:3
გოლები: 0:1 პ. როდრიგეში (3-პენ), 1:1 მალანია (45. გოშთელიანის პასით), 2:1 გოშთელიანი (49. ზარანდიას პასით), 2:2 ფ. სილვა (70. მასედოს პასით), 2:3 ჟ. დიასი (76. ა. სილვას პასით)
საქართველო (5-4-1): გოშაძე - შულაია (75. მოხევიშვილი), მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე (62. ჩაბრაძე) - ზარანდია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე (72. კვირკვია) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: კუპატაძე, დუმბაძე, ჭანტურია, კერძევაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
პორტუგალია (4-2-3-1): ჟოელი - ჟ. სილვა, ლიმა, ვერდასკა, ენრიკე - პ. როდრიგეში, ჰორტა - დალსიო (46. ფ. სილვა), რ. სანჩესი (56. ჟ. დიასი), მასედო (73. ა. სილვა) - ჟოტა.
სათადარიგოები: ჟოაო კოსტა, სერანო, ჟილსონ კოსტა
მწვრთნელი: ედგარ ბორგეში
გაფრთხილება: შულაია (33), ზარანდია (39), კიტეიშვილი (61), ჟილ დიასი (67), ჭანტურია (84), ალეშანდრე სილვა (84), ზარანდია (87), გოშთელიანი (88), ჟოტა (88)
გაძევება: ზარანდია (87. მეორე ყვითელი)
არბიტრი: რ. პეტრესკუ (რუმინეთი).

31.05. თბილისი, "მიხეილ მესხი" (სათ).
ესპანეთი-თურქეთი 5:0
გოლები: 1:0 პედრაზა (8), 2:0 ვალეხო (43), 3:0 მაიორალი (55), 4:0 ასენსიო (73), 5:0 მაიორალი (77).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 9-1 6
2. პორტუგალია 2 2 0 0 9-3 6
3. საქართველო 2 0 0 2 3-7 0
4. თურქეთი 2 0 0 2 1-11 0

ბოლო ტური
3 ივნისი, 17:00
პორტუგალია-ესპანეთი (მ. მესხი, სათ)
თურქეთი-საქართველო (მ. მესხი, LIVE I არხზე)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაანებეთ ამ ფეხბურტს თავი მაინც არაფერი გამოდის
0
არც ერთი სიტყვა უამრავ განიავებულ მომენტზე.... გადამწყვეტ შემთხვევაში უცნაურ პასებზე ან მოძრაობებზე... საბოლოო ჯამში ამან წაგვაგებინა.
თემო
14:57 01-06-2015
0

სიახლეები პოპულარული