გოჩა ტყებუჩავა: სინდისი სუფთა მაქვს, არავინ დაჩაგრულა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილზე ჩაამთავრა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი და კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმს მიღმა დარჩა.

გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენები ბელგიისა (0:4) და ჰოლანდიის (0:2) ნაკრებებს ჩამორჩნენ და სანუგეშოდ ბოლო ტურში ჩრდილოირლანდიელებთან გამარჯვება (4:2) შერჩა.

გაზეთი "ლელო" ტყებუჩავას დაუკავშირდა და ელიტრაუნდის შეჯამება სთხოვა:

- ბატონო გოჩა, ჯერ ზოგადად შეაფასეთ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი...
- რა გითხრათ... რომ არ მოგატყუოთ, იმედი მქონდა, სულ მცირე, მეორე ადგილზე გავიდოდით. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ვერ შევძელით დასახული მიზნის მიღწევა.

- ქართველ
გულშემატკივარს საშუალება არ ჰქონდა, ენახა თქვენი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩები. მოდით, თითოეულ თამაშზე ცალ-ცალკე ვთქვათ...

- ჰოლანდიასთან მატჩი ჩაგვივარდა. პირველი თამაში იყო და ფეხბურთელები შებოჭილები იყვნენ. უკანა ხაზში მიუტევებელი შეცდომები დავუშვით და საბოლოო ჯამში, ეს წაგებად დაგვიჯდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა. ერთადერთი გოლი შეიძლებოდა გაგვეტანა იმ ეპიზოდში, როცა გიორგი არაბიძემ ძალიან კარგად შეასრულა ჯარიმა, მაგრამ ჰოლანდიელები მეკარემ გადაარჩინა.

რაც შეეხება ბელგიასთან მატჩს. თამაში აქტიურად დავიწყეთ. 0:0-ზე ძალიან კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არადა, რომ გაგვეტანა, არავინ იცის, როგორ წავიდოდა თამაში... მერე ჩვენს "ტრადიციას" არ ვუღალატეთ, დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ეს არც ბელგიამ გვაპატია.

მერე იყო ბოლო მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან, რომელიც მოვიგეთ. მოგეხსენებათ, ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა. ფეხბურთელები ფსიქოლოგიური ტვირთის სიმძიმეს აღარ გრძნობდნენ და ამან შედეგი გამოიღო...

ზოგადად კი, ის მინდა ვთქვა, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდოდა გუნდი, რომელიც სამ თამაშში 8 გოლს უშვებს. ეს არის ჩემი საბოლოო შეფასება.

- ცნობილია, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში გამოკვეთილი ინდივიდუალისტების ნაკლებობაა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის თამაშს. რამდენად გაამართლეს მათ თქვენი იმედები?
- ვერ ვიტყვი, რომ გაამართლეს. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენს ყველა მოწინააღმდეგეს შესანიშნავად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ნაკრების თამაში. მათ იცოდნენ, რომ გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გიორგი არაბიძეა. ჩვენც ვიცოდით, რომ მეტოქეები გიორგის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდნენ და ასეც იყო - მიიღებდა თუ არა ბურთს, მასთან სამი-ოთხი მეურვე ჩნდებოდა. ჩვენ კი არაბიძეს მივეცით კონკრეტული მითითება - ასეთ სიტუაციაში ბურთი მაშინვე თავისუფლად დარჩენილი პარტნიორისთვის გადაეწოდებინა.

სამწუხაროდ, არაბიძემ ბოლომდე ვერ შეასრულა ჩვენი დავალება. ის ხშირად კარგავდა ბურთს. ბოლომდე ვერ გაგვიმართლეს გუნდის სხვა ლიდერებმაც.

- ამ თაობას თბილისში გასამართავი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ელის. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი ქართველი გულშემატკივრის გახარებას?
- იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამ თაობას აქვს საშუალება და არც ცაიტნოტშია საიმისოდ, რომ იფიქროს და გამოასწოროს ელიტრაუნდში დაშვებული შეცდომები. მჯერა, ასეც იქნება.

- ჰოლანდიის ან ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში თუ შეგხვდათ ვარსკვლავური გაქანების, გამორჩეული ფეხბურთელები?
- გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ასეთი ფეხბურთელი, განსაკუთრებული მოთამაშე არც ჰოლანდიისა და არც ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში არ შემხვედრია. ორივე ნაკრები, ძირითადად, გუნდური გარჯით გადიოდა ფონს.

- როგორ გესახებათ თქვენი სამწვრთნელო მომავალი?
- ჯერაც კონტრაქტი მაქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. ვაგრძელებ დაკვირვებას 1998 წელს დაბადებულ ბიჭებზე. დასრულდება ეს კონტრაქტი და მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ: ითამაშა კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველა ღირსეულმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში? არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი შვილები, ახლობლები თუ ნათესავები უსამართლოდ დაიჩაგრნენ...
- რა უნდა გიპასუხოთ ამ კითხვაზე? საკუთარი თავის მტერი უნდა იყოს მწვრთნელი, უკეთესი დატოვოს და უარესი წაიყვანოს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში. საბოლოო შედეგისთვის პასუხი ხომ მე მომეკითხება?

სინდისი სუფთა მაქვს, არავინ დაჩაგრულა. ჩვენ გვქონდა ბევრი ტურნირი და შანსი მიეცა აბსოლუტურად ყველას. თუ ვინმე გამომრჩა, თუ სადღაც დავუშვით შეცდომა, ვიმსჯელოთ ერთად ამაზე და გარწმუნებთ, არ გავექცევი პასუხისმგებლობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იიხილეთ:
U17. ჩრ. ირლანდია-საქართველო 2:4 - კარი მაინც გავიჯახუნეთ
U17. საქართველო-ბელგია 0:4 - ევროპაზე ფიქრი დავასრულეთ [VIDEO]
U17. ჰოლანდია-საქართველო 2:0 - ასეთი თამაშით გაგვიჭირდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
სინდისი რომ ქონდეს ცახვიდოდი და არველაზეებს არ დაიპიცებდი გაიგე გოჩა უნდა ცახვიდე და მარტლა ვიტკვი რომ სინდისი გაქვს
0
ეს ასაკი ნამდვილად საინტერესო არის აქ ბევრი ბაშვია ძლიერი რა ხდება ასეთი შედეგით არ ამთავრებდნენ ეს კაცი ამბობს საუკვეტესოები ავარჩიეო საუკვეთესოებმა ეს შედეგი აჩვენეს ? დაქცეულა ჩვენი საქმე მიხედეთ ასაკობრივ ნაკრებს
dato
17:18 25-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული