U19. გერმანია-ბულგარეთი 3:0 - გერმანელების მოგება სტალინის მშობლიურ ქალაქში

AutoSharing Option
გორის სტადიონი ამ მატჩზეც თითქმის შეივსო, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრები არ თამაშობდა და ამასთან, წვიმაც, ცხადია, არ იძლეოდა ასპარეზობის კომფორტულად ცქერის საშუალებას.

საინტერესოა, რომ ამ მატჩში გარკვეული სიმბოლური დეტალების გადაკვეთა მოხდა, რაც ადგილობრივი პუბლიკისთვისაც ერთგვარ სალაღობო თემად იქცა. საქმე ისაა, რომ სტალინის მშობლიურ ქალაქში, კერძოდ, მის სახლთან ახლოს ჯერ გერმანიის ჰიმნი გაისმა, მერე ტაბლოზე ამ ქვეყნის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება დაფიქსირდა, ხოლო შეხვედრას რუსი არბიტრი სჯიდა და თან აქეთ-იქით სულ წითელ-ყვითელ ბარათებს აფრიალებდა...

დიახ, რუსი რეფერი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე
შესამჩნევი ფიგურა გახლდათ. სერგეი ლაპოჩკინმა 9-ჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი, ერთხელ - წითელი და ორჯერ 11-მეტრიანი დარტყმა დანიშნა.

ვფიქრობთ, მას პირველი პენალტის ეპიზოდში ბულგარელი ფეხბურთელის გაძევებისას ზედმეტი სიმკაცრე არ უნდა გამოეჩინა, თორემ თავად პენალტის დანიშვნის მართებულება ეჭვს არ იწვევდა. ლაპოჩკინის მიერ მეორედ 11-მეტრიანის ნიშნულისკენ მითითებამ მაყურებელს აფიქრებინა, რომ ბულგარელები ზედმეტად დაიჩაგრნენ და ამიტომაც იყო, ამ გადაწყვეტილებას პუბლიკა სტვენით რომ შეხვდა...

უშუალოდ თამაში გერმანელების უპირატესობით დაიწყო. ისინი უტევდნენ და საპასუხო იერიშების მცდელობისას მათსავე მოედანზე მჭიდროდ ეთამაშებოდნენ მეტოქეს, რითიც აიძულებდნენ შეცდომების დაშვებას. უკვე მე-7 წუთზე ჩაბოტმა ახლო მანძილიდან დარტყმით კინაღამ გახსნა ანგარიში, ორ წუთში კი ეტიენ ამენიდოს მიერ ძლიერად "ნასროლს" დანიელ ნაუმოვის კარი ვეღარ გადაურჩა - 1:0.

ბულგარელები, ვიდრე რამეს იღონებდნენ სტატუს-კვოს აღსადგენად, ცოტა ხანში მოწინააღმდეგემ კიდევ ერთხელ დაამწუხრა ისინი. სწორედ ამ დროს დაინიშნა პირველი პენალტი. გაძევებულმა ანდრეა ჰრისტოვმა, იგრძნო რა, რომ თანაგუნდელები დააღალატა, აცრემლებულმა დატოვა მოედანი, ხოლო 10 ფეხბურთელით დარჩენილ მეტოქეს 11-მეტრიანი გოჰან გიულიმ გაუტანა - 2:0.

კოშმარული დასაწყისის მიუხედავად, ბულგარელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს და 34-ე წუთზე, ერთ-ერთი სწრაფი და მწვავე კონტრიერიშისას, პეტკო ჰრისტოვმა შეძლო საჯარიმოში შეჭრა, სადაც წაიქცა და მისი თანაგუნდელები დაჟინებით ითხოვდნენ პენალტს, მაგრამ... მსაჯი სხვაგვარად ფიქრობდა...

მეორე ტაიმი ბულგარელი იორდანოვის მიერ საშუალო დისტანციიდან ძლიერი, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტი დარტყმით დაიწყო. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა - ანგელ სტოიკოვის გუნდი დანებებას რომ აპირებდა. 49-ე წუთზე უკვე ნაიდენოვის თავურმა შეაწუხა გერმანელები, რომლებიც შეტევებისთვის თავს დიდად აღარ იკლავდნენ, მეტოქის იერიშების საჯარიმოდან შეძლებისდაგვარად შორს ცდილობდნენ მათ განეიტრალებას და მორიგ შანსს ელოდებოდნენ...

და ეს შანსი 53-ე წუთზე მიეცათ კიდეც - რუსმა მსაჯმა კიდევ ერთხელ მიუთითა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ და გერმანელმა სიდნეი ფრიდმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა. მესამე გოლმა ბულგარეთი საბოლოოდ გატეხა.

მართალია, ისინი იბრძოდნენ პრესტიჟის გოლის გასატანად, მაგრამ ფრანკ კრამერის გუნდი საიმედოდ მოქმედებდა და აღარ გასჭირვებია შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური
06.07. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
გერმანია-ბულგარეთი 3:0
გოლები: 1:0 ამენიდო (10), 2:0 გული (19-პენ), 3:0 ფრეიდე (53-პენ)
გერმანია (4-3-3): ბანსენი - ბუსამი, გიული (80. ავუჯა), ჩაბოტი, ფრანკე - ფრიდე, გაიგერი, სალამი - ჰეკი, ამენიდო (76. რაუმი), ბარკოკი (70. ბაკუ).
სათადარიგოები: შუბერტი, გიოტცე, კოლერი, ვარშჩევსკი
მწვრთნელი: ფრენკ კრამერი
ბულგარეთი (4-3-3 ): ნაუმოვი - გენჩევი, ა. ჰრისტოვი, პ. ჰრისტოვი, ლიასკოვი - ნაიდენოვი (70. სტამატოვი), იანოვი, ტილევი (21. დობრევი) - იორდანოვი, რუსევი, კრასტევი (82. ივანოვი).
სათადარიგობი: შეიტანოვი, კლიმენტოვი, კოვაჩევი, დიმიტროვი
მწვრთნელი: ანგელ სტოიკოვი
გაფრთხილება: კრასტევი (25), რუსევი (34), ნაიდენოვი (41), გიული (45+2), ნაუმოვი (54), ამენიდო (60), იანევი (71), გაიგერი (87), ბანსენი (90+3)
გაძევება: ა. ჰრისტოვი (18)
არბიტრი: ს. ლაპოჩკინი (რუსეთი).

06.07. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ინგლისი-ჰოლანდია 1:0
გოლი: 1:0 ბრერეტონი (84)

B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 2 0 0 3-0 6
2. ჰოლანდია 2 1 0 1 4-2 3
3. გერმანია 2 1 0 1 4-4 3
4. ბულგარეთი 2 0 0 2 0-5 0

მომდევნო მატჩები
A ჯგუფი
8 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩეხეთი-საქართველო 20:00

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 20:00

B ჯგუფი
9 ივლისი, კვირა
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ჰოლანდია-ბულგარეთი 20:00

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
ინგლისი-გერმანია 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული