ნიკა ჭანტურია: მათ სანახავად სტადიონზე მისვლა ნამდვილად ღირს!

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მოთამაშე ნიკა ჭანტურიამ კლუბის ვებგვერდზე საკუთარი ბლოგი გამოაქვეყნა. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საქართველოში დაწყებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ილაპარაკა...

"ეს, ჩემი რიგით მეორე ბლოგია. ამ საქმეში არც ისე გამოცდილი ვარ, მაგრამ წერის პროცესი საკუთარ თავთან დარჩენისა და მოვლენების სწორად შეფასების საუკეთესო საშუალებაა.

შეიძლება ევროპის ჩემპიონატმა მასში მონაწილე ფეხბურთელების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. როგორც წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, ზოგის ცხოვრება დადებითისკენ, ზოგის კი, სამწუხაროდ, უარყოფითისკენ შეიცვალოს. ეს უდიდესი შანსია, რომელიც მილიონიდან მხოლოდ ათეულობით ფეხბურთელს ეძლევა.

პირადი გამოცდილებით ლაპარაკი ყოველთვის უფრო
საინტერესოა. მე კი მქონდა ბედნიერება, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ მეთამაშა. ალბათ,  გახსოვთ, როცა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ეს წარმოუდგენელი მიღწევა იყო.

ელიტრაუნდში ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებებს ვაჯობეთ. მათთან გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს გულშემატკივრის დიდი ემოცია და სიყვარული ავსებდა. თბილისში ჩვენი ნაკრების გულშემატკივარმა ყველა მატჩზე განსაკუთრებულად გვიქომაგა და საბოლოოდ, ამ ენერგიამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიგვიყვანა. მანამდე კი, გზად კიდევ ერთი გრანდი, საფრანგეთის ნაკრები ჩამოვიშორეთ", - იხსენებს ნიკა ჭანტურია.

რა არის წარმატების გასაღები? თბილისური კლუბის ფეხბურთელმა ამაზეც დაწერა:

"წარმატების მისაღწევად, ფეხბურთელს ყველაზე მეტად თავდაჯერება სჭირდება. ამ ტურნირმა გუნდის ყველა წევრს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გაგვიათმაგა.

17 და 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ყველა კომპონენტში დიდი სხვაობაა. ამის ფონზე, განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ, ამჯერად გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოვიპოვეთ. იმ წელიწად-ნახევარში ბევრმა ჩვენგანმა პროგრესი აჩვენა, რამდენიმე ფეხბურთელმა კი, სამწუხაროდ, 19-წლამდელთა გუნდში თავის დამკვიდრება ვეღარ მოახერხა.

ელიტრაუნდში ბელგიის, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების ბარიერი გადავლახეთ, თანაც, მატჩები ბელგიაში ტარდებოდა. სწორედ მაშინ ვიგრძენით, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა საკუთარ კედლებში თამაშს. წარმატების მიღწევა გუნდურობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ გუნდურობა გამოარჩევდა როგორც 17, ასევე 19-წლამდელთა გუნდებს, რომლის შემადგენლობაშიც ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშთან ერთად, დამატებითი მოტივაციაა, როცა მოედანზე შენი თაობისა და ასაკის უკვე შემდგარი ვარსკვლავების წინააღმდეგ გადიხარ.

19-წლამდელთა ჩემპიონატზე რაბიოს, მარსიალის, ბელერინისა და მენდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მათი სიძლიერე და სახელი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია, ბრძოლის მთავარი იარაღი კი გუნდურობა იყო. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, გამარჯვებულები სწორედ ჩვენ გამოვდიოდით".

ნიკა საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებით გახარებულია:

"ევროფინალი საქართველოში - შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს ყველაზე მეტად გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდებათ. დღეიდან, კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი, ფეხბურთმა გაგვაერთიანოს.

საქართველოს ნაკრების წევრთა უმეტესობას კარგად ვიცნობ, რამდენიმე მათგანი "ლოკომოტივის" წევრია. კონკრეტულად არავის გამორჩევა არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - მათ სანახავად სტადიონზე მისვლა ნამდვილად ღირს! მათი ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენა ჩვენი მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიკა მაგარი კაცია და განათლებული ბიჭი
ბაჩო გ
20:51 05-07-2017
0
ბიჭები პირველი ტაიმის შემდეგ იგებენ 2-0-ს,სირცხვილია ასე ცოტა მაყურებელი.
სოსო
18:21 05-07-2017
0

სიახლეები პოპულარული