ევროპალიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: ჯაბა VS ბრიუგე, დუბლი II

AutoSharing Option
ევროპალიგის ოთხი წყვილიდან ერთში, ალბათ, ყველაფერი გაირკვა - რაფა ბენიტესს თავისუფლად შეუძლია, გუნდში როტაციას მიმართოს და ლიდერები სერია A-ის ბატალიებისთვის შემოინახოს, "ნაპოლი" ლამის ორივე ფეხით შემდეგ ეტაპზეა. აი, ნახევარფინალის სამი საგზურის ბედი კი ჯერ გასარკვევია. ჯაბა კანკავას "დნიპროს" ურიგო შანსი არა აქვს წინსვლის.

უკრაინელები რიგითი რაიანის წინააღმდეგ II
"დნიპრო", მოგეხსენებათ, კიევში თამაშობს, სადაც მარკევიჩმა 20 ფეხბურთელი იახლა, მათ შორის, ჯაბა კანკავაც, ვინც დონეცკის "ოლიმპიკთან" შეხვედრაში დაასვენა (ისევე, როგორც სხვა მოწინავე ფეხბურთელები). "დნიპრომ" და "ბრიუგემ" ბელგიაში უგოლო ფრე რომ ითამაშეს, ამაში დიდი
წვლილი "ბრიუგეს" ავსტრალიელ გოლკიპერ მეტიუ რაიანს მიუძღვის. სულ მცირე, სამი მაგარი "სეივი" რაიანის ანგარიშზეა.

ვნახოთ, ამჯერად თუ შეძლებენ "დნიპროს" ფეხბურთელები რაიანის ჯობნას. თუ მათ ვარშავის და მერე თბილისის საგზური სურთ, სხვა გზა არც რჩებათ, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ "ბრიუგე" ტურნირს შემორჩენილი ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. უეფას ოფიციალური საიტი კანკავას "დნიპროს" სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებს.

როდის მოუგებს "დინამო" "იებს"
კიევის "დინამოსა" და "ფიორენტინას" მეხუთე დაპირისპირებაში, როგორც იქნა, უკრაინელები იმარჯვებდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე ხუმა ბაბაქარმა გაათანაბრა - 1:1. ახლა ამ ორი გუნდის დაპირისპირებებში "იებს" 2 მოგება და 3 ფრე აქვთ და საპასუხო მატჩს შინ თამაშობენ.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი სტიმულია, მაგრამ ბოლო დროს "ფიორენტინა" შინ უხეიროდ თამაშობს. ასე რომ, არაფერია გადაწყვეტილი ამ დაპირისპირებაში. ამ ტურნირზე ყველაზე მეტი სწორედ "დინამოს" და "ფიორენტინას" აქვთ გატანილი - 23-23, რაც საშუალოდ 2,09 გოლია თამაშში.

უშანსო "მგლები"
ამ ეტაპზე ყველაზე გამოუცდელი გუნდი "ვოლფსბურგია", რომელმაც თუკი "ინტერის" გავლა შეძლო, "ნაპოლისთან" კისერი წაიტეხა. მარეკ ჰამშიკმა, გონსალო იგუაინმა და მანოლო გაბიადინიმ "ფოლკსვაგენ არენაზე" ცოდვა დაატრიალეს, ნიკლას ბენდტნერის გოლი ოდენ პრესტიჟისა იყო - 4:1.

თუკი ვინმეს სასწაულების სჯერა, ვეტყვით, რომ ასეთი რამ ევროპალიგის პლეი ოფში არ მომხდარა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი იმასაც დავამატებთ, რომ "ვოლფსბურგს" ორი ლიდერი ჰყავს დამტვრეული: კევინ დე ბრუინი და ანდრე შიურლე. დე ბრუინის გარეშე კი "ვოლფსბურგი" ნახევარი გუნდია. რაფა ბენიტესმა გადაწყვიტა, რომ დაასვენოს "ნაპოლის" ლიდერები - ჰამშიკი და იგუაინი.

მოიგოს და არ გაუშვას
ყველაზე თანაბარი შანსები გუნდებს მაინც ამ წყვილში გვგონია რომ აქვთ, იმის მიუხედავად, რომ "სევილია" ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებულია. პირველ მატჩში ანდალუსიელები აგებდნენ, მაგრამ შინ მაინც გაიმარჯვეს კარლოს ბაკას და დენის სუარესის გოლებით - 2:1.

საპასუხოში "ზენიტს" დისკვალიფიცირებული რიაზანცევი და გარაი დააკლდებიან, ტრავმების გამო, ვერ ითამაშებენ ფაიზულინი და მოგილცევი; "სევილიას" სერიოზული დანაკარგი არა აქვს. რუსული კლუბის სასარგებლოდ ლაპარაკობს ბოლო მატჩების სტატისტიკა "პეტროვსკიზე" - "ზენიტმა" ბოლო სამი თამაში ისე მოიგო, გოლიც არ გაუშვა. ზუსტად ეს სჭირდება ახლაც "ზენიტს"...

23 აპრილი
დნიპრო-ბრიუგე 23:05 (0:0)
დისკვალიფიკაცია: ფედერჩუკი (დნიპ)
ტრავმა: ეგიდიო, მაზუხი, ზოზულია, მატეუსი (?) - ენგელსი, ბოლინგოლი-მბომბო (?), დუარტე (?), ფელიპე (?), მონიე (?)

ფიორენტინა-დინამო კ. 23:05 (1:1)
დისკვალიფიკაცია: დრაგოვიჩი (დინ)
ტრავმა: როსი, ბაბაქარი (?), ბადელი (?), პისარო (?) - მაკარენკო, ველოზო (?)

ნაპოლი-ვოლფსბურგი 23:05 (4:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გარგანო, მიჩუ, სუნიგა, მაჯო (?), ჰამშიკი (?), იგუაინი (?) - დე ბრუინი, შიურლე, ვიეირინია, ჰანტი (?)

ზენიტი-სევილია 23:05 (1:2)
დისკვალიფიკაცია: გარაი, რიაზანცევი (ზენ)
ტრავმა: ფაიზულინი, მოგილცევი - ბარბოსა, კრისტოფორო, კარიშო (?)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული