ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: შინაომები ევროპალიგაზე

AutoSharing Option
ამას წინათ ჟოზე მოურინიომ თქვა - ვნახოთ, "როსტოვს" თუ გავივლით, მერე შეიძლება ევროპალიგის მოგებაზე სერიოზულად დავფიქრდეთო. ეს ფრაზა კარგად მიანიშნებს ევროპული ფეხბურთის გრანდების დამოკიდებულებას ამ ტურნირისადმი.

თუმცა, დანარჩენებისთვის ყველაფერი სერიოზულად ამ ეტაპიდანვეა. მერვედფინალში ორი წყვილი ერთი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ჯახია.

მერვედფინალური ეტაპიდან აღარ დაგვრჩა საგულშემატკივრო ფეხბურთელი ევროპალიგაზე, ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" "აიაქსის" ბარიერი ვერ გადალახა, ხოლო "კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილი "ევროპას დაუმალა" და მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატში ათამაშებს.

შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპალიგას სერიოზულად ჯერ არ ეკიდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კლუბს ევროპალიგის მოგებით
უნიკალური ტრიპლეტის მიღწევა შეუძლია. "იუნაიტედი" ამით სამი პრესტიჟული ევროპული ტიტულის მომპოვებულ კლუბთა კრებულს შეუერთდება. ასეთები კი მხოლოდ ოთხია: "იუვენტუსი", "აიაქსი", "ბაიერნი" და "ჩელსი". ეს რიცხვი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, რადგან ერთ-ერთი ტურნირი - ევროპის თასების მფლობელთა თასი აღარ იმართება.

"იუნაიტედი" უკვე რუსეთშია, ჟოზე მოურინიო ძალიან უკმაყოფილო დარჩა მინდვრის საფარით - ამას საფეხბურთო მოედანი როგორ ვუწოდოო. ჰენრიხ მხითარიანს თამაშის შანსი აქვს, მაგრამ როსტოვში არ იქნებიან უეინ რუნი, ლუკ შოუ და ბასტიან შვაინშტაიგერი, ერიკ ბაილი კი დისკვალიფიცირებულია, რადგან "სენტ ეტიენთან" მატჩში გააძევეს.

ფაქტები
* ოლიმპიაკოსი-ბეშიქთაში: ეს გუნდები ევროასპარეზზე პირველად შეხვდებიან. მართალია, მათ 1958/59 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეთამაშათ, მაგრამ "ოლიმპიაკოსმა" პოლიტიკური მიზეზით უარი თქვა თურქულ კლუბთან თამაშზე და შემდეგ ეტაპზე "ბეშიქთაში" გავიდა.

* ოლიმპიაკოსი-ბეშიქთაში: წინა რაუნდში "ოლიმპიაკოსმა" უკვე გააგდო ერთი თურქული კლუბი, "ოსმანლი".

* სელტა-კრასნოდარი: ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან, თუმცა "სელტა" ვიგოში რუსულ კლუბებთან, როგორც წესი, არ მარცხდება - 2 მოგება და 2 ფრე.

* შალკე-გლადბახი: ახლახან ამ კლუბებმა ერთმანეთში მეასედ ითამაშეს. დღეს 101-ე დაპირისპირებაა, თუმცა პირველი ევროასპარეზზე.

* შალკე-გლადბახი: "შალკე" ადრე ერთხელ შეხვდა გერმანულ კლუბს ევროასპარეზზე, "მაგდებურგმა" 1977 წელს უეფას თასიდან გამოაგდო. აი, "გლადბახი" კი 14-ჯერ შეხვდა გერმანულ კლუბებს ევროთასებზე: 9 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

* აპოელ-ანდერლეხტი: აპოელ-ს ამ სეზონში ევროპალიგაში შინ არ წაუგია.

* აპოელ-ანდერლეხტი: "ანდერლეხტის" შემდეგი გოლი 250-ე იქნება ევროთასებზე.

* ლიონი-რომა: 10 წლის წინათ, ამ კლუბებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშეს. მაშინ "რომამ" ორი მატჩის ჯამში 2:0 მოიგო (0:0, 2:0).

* ლიონი-რომა: მაშინ "რომას" პირველი გოლი ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, რომელიც "რომაში" ახლაც ირიცხება.

* ლიონი-რომა: ამ სეზონში "რომა" ევროპალიგაზე საგარეო მატჩებში დაუმარცხებელია: 2 გამარჯვება და 3 ფრე.

* როსტოვი-მანჩესტერი: "როსტოვი" ინგლისურ კლუბს ევროთასებზე პირველად ეთამაშება. "იუნაიტედი" ოთხჯერ იყო რუსეთში და არ დამარცხებულა, 1 მოგება, 3 ფრე.

* გენტი-გენკი: მეორე შემთხვევაა, როცა ბელგიური კლუბები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

* გენტი-გენკი: "გენტი" და "გენკი" ერთმანეთს სულ 56-ჯერ შეხვდნენ: "გენკი" წინაა 27 მოგებით, "გენტის" 19 მოგების წინააღმდეგ.

* გენტი-გენკი: ამ გუნდების ქალაქებს შორის მანძილი 125 კილომეტრია.

* კოპენჰაგენი-აიაქსი: ეს კლუბები ერთმანეთს მეხუთედ უპირისპირდებიან. "აიაქსმა" ერთი მატჩი მოიგო, "კოპენჰაგენმა" - 2.

* კოპენჰაგენი-აიაქსი: დანიურ კლუბს ევროასპარეზზე ამ სეზონში შინ გოლი არ გაუშვია.

ხუთშაბათი. 9 მარტი
აპოელ-ანდერლეხტი 22:00
დისკვალიფიკაცია: სოტირიუ -

კოპენჰაგენი-აიაქსი 22:00
დისკვალიფიკაცია: - დ. სანჩესი, ფელტმანი

როსტოვი-მანჩესტერი 22:00
დისკვალიფიკაცია: - ბაილი

სელტა-კრასნოდარი 00:05
დისკვალიფიკაცია: - კაბორე, კალეშინი

გენტი-გენკი 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ

ლიონი-რომა 00:05
დისკვალიფიკაცია: - რიუდიგერი

ოლიმპიაკოსი-ბეშიქთაში 00:05
დისკვალიფიკაცია: ბრუნო ვიანა -

შალკე-გლადბახი 00:05
დისკვალიფიკაცია: - კრამერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული