ბაიერნი-იუვენტუსი 4:2 - დრამა "ალიანც არენაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* კინგსლი კომანმა დამატებით დროში ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა.
* დამატებით დროში "ბაიერნის" ორივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
* პარასკევს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრაა - რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, ბაიერნი, ვოლფსბურგი, სიტი, პსჟ, ბენფიკა.

"ალიანც არენაზე" ისეთი დრამა, სპექტაკლი, თრილერი, ტრაგედია და სანახაობა ვიხილეთ, როგორიც ცხოვრებას გვიმწარებს, გვიხალისებს, გვიმოკლებს და გვიხანგრძლივებს.

მატჩი მასპინძლებისთვის შოკისმომგვრელად დაიწყო და პრინციპში ასევე გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი. სამი ხედირას მშვენიერ პასს დავიდ ალაბას შეცდომა მოჰყვა, სტეფან ლიხტშტაინერმა კარიდან გამოსულ მანუელ ნოიერს დაასწრო და პოლ პოგბამაც
ზუსტად დაარტყა.

მიუნხენელებმა შოკიდან გამოსვლა ვერ შეძლეს და მეტიც, 28-ე წუთზე მეორე გოლიც გაუშვეს - კონტრშეტევისას ალვარო მორატამ დიდებული სოლორეიდი შემოგვთავაზა და ხუან კუადრადოს უპასა, რომელმაც ლამი გააცურა, მშვენიერი პაუზა აიღო და ზუსტადაც დაარტყა.

ტაიმის მიწურულს იმავე კუადრადოს შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, როდესაც პოგბას პასის მერე, წესით, უნდა გაეტანა, მაგრამ მანუელ ნოიერმა როგორღაც აუღო და ამით თავისივე შეცდომა გამოასწორა.

სტუმრები თავს კარგად იცავდნენ და მეორე ტაიმის პირველ ნახევარშიც არაერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ეს შანსები ვერ გამოიყენეს და ამის გამო დაისაჯნენ.

73-ე წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ექსტურინელმა კინგსლი კომანმა მინდორზე ცეცხლი დაანთო და... მან მიიღო მონაწილეობა პირველ გოლშიც, როდესაც დუგლას კოშტას უპასა, აქტიურმა ბრაზილიელმა კი შორეულ ძელთან დაკიდა, სადაც იქამდე შეუმჩნეველი რობერტ ლევანდოვსკი იდგა და პოლონელს თავით გატანა აღარ გასჭირვებია.

"ბაიერნს" სხვაგავარად ბევრი მაინც არაფერი გამოსდიოდა და მიუნხენელებიც ჩაწოდებებზე გადაერთვნენ, მაგრამ 91-ე წუთამდე ვერაფერს გამორჩნენ, სანამ პოლ პოგბა და პატრის ევრა ბურთს ვერ გაიყოფდნენ, საბოლოოდ, ევრამ შეცდომა დაუშვა და იმავე კომანმა მიულერს ჩაუგდო, რომელმაც ასევე თავით შეაგდო.

ცხადი გახლდათ, რომ ამის მერე სტუმრებს ძალიან გაუჭირდებოდათ. "ბაიერნის" მხარეს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა იყო. თუმცა დამატებით დროში პირველი მომენტი მაინც სტუმრებს ჰქონდათ, ლიხტშტაინერმა ძლიერად ვერ დაარტყა. ფრთხილი პირველი დამატებითი ტაიმის მერე, "ბაიერნი" ცოტათი ისევ გააქტიურდა და თავისას მიაღწია კიდეც.

ასევე შეცვლაზე შესულმა ტიაგო ალკანტარამ ევრას მიერ უხერხულად მოგერიებული ბურთი მოიგდო, სწრაფი კედელი გაითამაშა მიულერთან და "ბაიერნი" დააწინაურა. ბოლო აკორდი კი კომანმა აიღო კონტრშეტევაზე წამოსვლის მერე სოლო რეიდითა და ლამაზი დარტყმით, რომელიც მაინც მატჩის გმირად უნდა დავასახელოთ.

ბოლოს სტუმრებმა გაიბრძოლეს და ორი გამოსარჩევი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ მანჯუკიჩს არაფერი გამოუვიდა.

"იუვენტუსი" კარგი იყო, ტურინელებს ძირითად დროში გაცილებით მეტი რეალური მომენტი ჰქონდათ და რამდენჯერმე შეეძლოთ ყველაფრის დამთავრება, მაგრამ დანარჩენი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

"ბაიერნმა" კი თავისი ხასიათი მაინც გამოავლინა და ახლა გაბრაზებული მიუნხენელები ძნელი გასაჩერებლები იქნებიან, თანაც თუ ტრავმირებული ფეხბურთელებიც დროულად დაუბრუნდათ, მაგრამ ხარვეზების გამოსწორებაც აუცილებელია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-იუვენტუსი 2:2 (2:2) (4:2 დ.დ.)
გოლები: 0:1 პოგბა (5), 0:2 კუადრადო (28), 1:2 ლევანდოვსკი (73), 2:2 მიულერი (90+1), 3:2 ტ. ალკანტარა (108), 4:2 კომანი (110)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ბენატია (46. ბერნატი), ალაბა - ჩაბი ალონსო (60. კომანი) - ვიდალი, რიბერი (101. ტ. ალკანტარა), დუგლას კოშტა, მიულერი - ლევანდოვსკი
იუვენტუსი (4-5-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა - კუადრადო (89. პერეირა), ხედირა (68. სტურარო), პოგბა, ალექს სანდრო, ერნანეში - მორატა (72. მანჯუკიჩი)
გაფრთხილება: კიმიხი, ვიდალი, ლევანდოვსკი, ალკანტარა, ბერნატი - ხედირა, მორატა, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კუადრადო, პერეირა, სტურარო
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 19-26 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 26(8)-16(11) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 23 475

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
და ბაიერნი გერმანულ ფეხბურთს თამაშობს? ტიკი-ტაკა და ესპანური სტილი სხვა გუდებში არ გამოვააა, გინდ ბაიერნი იყოს და გინდ მან. სიტი.
გურამ ფაშა
11:56 18-03-2016
0
ბარსელონა არ იყო, 7-0 რომ ამოსდო სამარცხვინოდ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული