რეალი-რომას გამოხმაურება: ზიზუ, დაცვას მიხედე, დაცვას!

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რეალი"-"რომას" დუელში გამარჯვებული ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში გამოვლინდა, როდესაც მადრიდულმა გრანდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ნათელი გახდა, რომ საკუთარ კედლებში ამ ფორას არ გაანიავებდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა და "რომამ" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ისევ ესპანელებმა იმარჯვეს და იმავე ანგარიშით სძლიეს მეტოქეს - 2:0.

ორი მატჩის ჯამში, "რეალმა" მეტოქეს 4:0 მოუგო - თუ მატჩების სცენარს გავიხსენებთ, "რომა" ალბათ, მეტს იმსახურებდა და ერთ გოლს კი ყველა შემთხვევაში, მაგრამ ის, რომ დღეს "რეალი" გაცილებით
ძლიერი გუნდია და იმსახურებდა მომდევნო ეტაპზე გასვლას, სრულიად ნათელია.

ისიც ვთქვათ, რომ იტალიურმა პრესამ "რომას" კრიტიკისგან თავი შეიკავა, რადგან ლუჩანო სპალეტის ახალი დაწყებული აქვს საქმე და ცხადია, რომ მას დრო დასჭირდება; ესპანურმა მედიამ კი "რეალს" დაცვაში თამაში დაუწუნა. მატჩის შემდეგ ტრადიციული კომენტარები გაკეთდა, განსაკუთრებით საინტერესო გამოსვლა კი სპალეტის ჰქონდა.

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, რომელშიც ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. "რომას" სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა განეიტრალება არ იყო იოლი საქმე. მადლობა შეგირდებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. კაზემირომ და ვასკესმა შესანიშნავად ითამაშეს, თუმცა არც სხვებს შეურცხვენიათ თავი და ამიტომ ფეხბურთელების გამოყოფა არ ივარგებს. ვნახოთ, ვის შეგვახვედრებს კენჭისყრა მეოთხედფინალში".

ლუჩანო სპალეტი ("რომას" მწვრთნელი): "საინტერესო თამაში იყო, რომელშიც უძლიერეს მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ და თუ სახიფათო მომენტებით ვიმსჯელებთ, შეგვეძლო, მოგვეგო კიდეც. დიახ, ჩემი ფეხბურთელები გარკვეულ კომპონენტებში იმსახურებენ ქებას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ქების ხასიათზე არ ვარ და მაქვს კიდეც ამის საბაბი.

წარმოიდგინეთ, რა დონეზე დავეშვით, რომ ჩვენთვის ორი ბურთით წაგება მისაღები შედეგია. მატჩის შემდეგ გასახდელში ველოდებოდი გაბრაზებულ, გაგიჟებულ ფეხბურთელებს, რომლებიც გაცოფებულები იქნებოდნენ გაფუჭებული მომენტების გამო და ამ დროს, შემოვიდნენ მშვიდად და აუღელვებლად, თითქოს მოეგოთ და არა პირიქით. გუნდში მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს სამუშაო. "რომა" უნდა გახდეს დიდი გუნდი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოსაგებად იბრძოლებს".

კეილორ ნავასი (რეალი): "ჩემპიონთა ლიგაზე 658 წუთია, გოლი არ გამიშვია და ყველა ამ თემაზე მეკითხება, თუმცა ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა და არა ინდივიდუალური მიღწევები. ურთულესი მატჩი გამოვიდა, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. "რომას" ჰქონდა გატანის არაერთი შანსი, ასეთ დუელში კი გაშვებული გოლი შესაძლოა ფატალური გამოდგეს. ამიტომ დაცვაში გაცილებით უკეთ გვმართებს თამაში და ამაზე სამუშაო გვაქვს".

ალესანდრო ფლორენცი (რომა): "ფეხბურთში მთავარი გოლებია და როდესაც ამდენ მომენტს აფუჭებ, რთულია წარმატების მიღწევა. "რეალი" უძლიერესი გუნდია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობას იგებს. მთლიანობაში, ორი კარგი შეხვედრა გვქონდა და ეს გამოცდილება ნამდვილად გამოგვადგება. ითამაშებს თუ არა "რომა" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე? - აუცილებლად".

როგორც დელ პიეროს და პირლოს...
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გულშემატკივრობის განსაკუთრებული კულტურაა და განვლილმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. ეს არის არენა, სადაც თვით რონალდინიოს უკრავდნენ ტაშს, როდესაც ის "ბარსელონას" მაისურით "რეალს" გოლს უტანდა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ სწორედ ასე იყო, მადრიდელმა ინჩასებმა მეტოქის დაფასებაც იციან, თუნდაც ყველაზე პრინციპული მეტოქის.

"რეალი"-"რომას" დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა, როდესაც მოედანზე ფრანჩესკო ტოტი გავიდა, ესპანელები კი მას ფეხზე დაუდგნენ და მქუხარე ტაშით შეეგებნენ. აღსანიშნავია, რომ ტოტის მოედანზე შესვლას "რეალის" ფეხბურთელებიც ტაშით შეხვდნენ. ეს მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სასიამოვნო ეპიზოდი იყო.

"გაძეტა დელო სპორტმა" ამ თემას საგანგებო სტატია მიუძღვნა და გაიხსენა, რომ თავის დროზე, მადრიდის "რეალის" საშინაო არენა სწორედ ასეთი პატივით დახვდა ალესანდრო დელ პიეროს და ანდრეა პირლოს. პირველმა უკვე დაასრულა კარიერა, მეორე კი ამერიკაშია გადახვეწილი და იქვე ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმანზე. ტოტი 39 წლისაა და მისი კარიერაც დასასრულს უახლოვდება - ლეგენდები მიდიან, რომლებმაც ფეხბურთში თავიანთი კვალი დატოვეს.

ფრანჩესკო ტოტი (რომა): "სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ დღეს "რეალი" უფრო ძლიერია. პირადად ჩემთვის საოცარი საღამო იყო, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არენაზე შესანიშნავი დახვედრა მომიწყვეს. ვტკბები ამ მომენტით და ვგრძნობ, რომ მთელი ეს წლები ტყუილად არ მიშრომია. როგორც ჩანს, რაღაც შევძინე ფეხბურთს და მადრიდული ტაშიც ამის გამოძახილია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული