სიტი-ბარსელონას გამოხმაურება: Messi პენალტებში miss-ია

AutoSharing Option
AUTO PLAY
* ლიონელ მესიმ ბოლო 7 პენალტიდან 4 გააცუდა.

* მატჩის შემდეგ ნეიმარი "სიტის" ფანებს დაუპირისპირდა.

* 92-ე წუთზე სუარესსა და დემიკელისს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა გამეორებაზე კარგად არ ჩანს, ცდილობდა თუ არა სუარესი კბენას.

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ ფიასკოსთან არის ახლოს. "ქალაქელებს" ზედიზედ მეორე სეზონია, "ბარსელონასთან" ჭიდილი უწევთ და აშკარად გამოჩნდა, რომ კატალონიელები ისევ ერთი თავით მაღლა არიან.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა კიდეც: "ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, შეიძლება ითქვას, სრულყოფილად და ამით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ჩემმა გუნდმა
საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და მეტოქეს ბევრად ვჯობდით".

უცნაური იყო, რომ დისკვალიფიცირებული იაია ტურეს გარეშე მყოფმა მანუელ პელეგრინიმ ნახევარდაცვის დამატებით გამაგრების ნაცვლად, საყრდენ ნახევარმცველად ჯეიმს მილნერი დააყენა (ფერნანდოსთან ერთად).

მანჩესტერელების ტაქტიკა 4-4-2 გახლდათ, რაც ბურთის ფლობას, მის კონტროლს უნდა მოიცავდეს, მაგრამ "ქალაქელები" ამას ვერ აკეთებდნენ და "ბარსამ" მეტოქის ნახევარდაცვასაც ძალიან ადვილად აჯობა. მასპინძლებს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში გაუჭირდათ და პრინციპში, მატჩის ბედიც პირველ ნახევარში გადაწყდა. ჩილელი სპეციალისტი ტაქტიკასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით კრიტიკოსებს არ ეთანხმება:

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ტაქტიკით, რადგან "ბარსელონას" ასე უნდა ეთამაშო და ეს მეორე ტაიმში ვაჩვენეთ. პირველივე წუთიდან ისე უნდა გვეთამაშა, როგორც ამას მეორე ნახევარში ვაკეთებდით. სხვა მხრივ, მოგება ძალიან ძნელია. კატალონიელებს ყოველთვის ექნებათ უპირატესობა კონკრეტულ მონაკვეთებში.

პირველ ნახევარში სამი პასი ვერ გადავაბით, თითქოს გარკვეული არეულობა იყო და პირველი გაშვებული ბურთიც დასანანი შეცდომით გავუშვით. თავიდანვე მშვიდად და თავდაჯერებულად რომ გვეთამაშა, უკეთეს შედეგს მივაღწევდით" - აღნიშნა პელეგრინიმ.

მე-13 გაცუდებული პენალტი
სათქმელია, რომ წინა ორ შეხვედრაში "სიტისთვის" ლიონელ მესისა და დანი ალვეშს ჰქონდათ გოლები გატანილი და სხვათა შორის, მათ ამჯერადაც მშვენიერი შანსები მიიღეს - ბრაზილიელის ჩაწოდება თუ დარტყმა ხარიხას მოხვდა, ხოლო მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. მას ჯერ ჯო ჰარტმა აუღო, ხოლო მერე არგენტინელმა ვარდნაში თავით დაამატა, მაგრამ ააცილა და ძალიან განიცადა...

ლეოს პენალტების სტატისტიკა არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება. მას 57 თერთმეტმეტრიანიდან 44 აქვს გატანილი - 9 მეკარეებმა აუღეს, 2 ააცილა, 2-ჯერ კი ძელს გაარტყა. არადა, ზუსტად ერთი წლის წინ, 2014 წლის 18 თებერვალს მესიმ "ეტიჰადზე" სწორედ პენალტით დააწინაურა "ბარსა".

"ფეხბურთელები, რომლებიც პენალტებს ურტყამენ, ზოგჯერ გააფუჭებენ ხოლმე მათ, ამაში განსაკუთრებული არაფერია და ჩვენ ბოლომდე ვენდობით მესის" - ამბობს ლუის ენრიკე, რომელსაც ლეოსთან გარკვეული კონფლიქტი ჰქონდა და კულუარებში ამაზე ბევრს საუბრობდნენ.

მანუელ პელეგრინი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი "სეივი" იყო. 1:3-ზე უაღრესად რთული იქნებოდა, საუკეთესო შედეგი არც 1:2-ია, მაგრამ ახლა "კამპ ნოუზე" მოგება უნდა ვცადოთ, ჩვენ ამის შანსი ისევ გვაქვს".

ნეიმარი და სუარესი
მოგებამდე, "რეალის" ყოფილმა მცველმა იმაზე უნდა იფიქროს, თუ როგორ შეაჩეროს კატალონიელთა მრისხანე წინა ხაზი. მესის შეიძლება ამჯერად არ გაუტანია, მაგრამ "ბარსას" ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა და სამაგიეროდ, მატჩის გმირად ლუის სუარესი იქცა.

პლუს ნეიმარი და სხვანი არ დაგვავიწყდეს. სხვათა შორის, ნეიმარსა და "სიტის" რამდენიმე ფანს შორის ინციდენტი მოხდა, მესის გაფუჭებული პენალტის მერე ერთ-ერთი გულშემატკივარი უკვე შეცვლილ და სათადარიგოთა სკამზე მჯდარ ნეიმარს მიუტრიალდა და აგრესიულ ზეიმს რამდენჯერმე სიმულაციის აღმნიშვნელი ჟესტი მიაყოლა. ნეიმარმა ვერ მოითმინა და საქმის გასარჩევად მისვლა სცადა. მხარეები სტიუარდებმა დააშოშმინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენ კი ისევ სუარესს დავუბრუნდეთ. საინტერესოა, რომ ურუგვაელს აქამდე "სიტის" კარში გოლების გატანა ადვილად არ გამოსდიოდა და "ლივერპულის" მაისურით 2012 წლის აგვისტოში გაეტანა ერთი ბურთი პრემიერლიგაში, ახლა კი ორი შეაგდო, თან მეტიც შეეძლო. მისი ხასიათის შესახებ კარგად მოგეხსენებათ და სუარესი ამბობს, რომ "სიტის" ფანების ობსტრუქციამ და ერთი-ორმა ბანერმა, პირიქით, მეტი მოტივაცია მისცა და 28 წლის თავდამსხმელმა ამისთვის მანჩესტერელთა გულშემატკივრებს გულითადად გადაუხადა ირონიული მადლობა.

"რასაკვირველია, სასიამოვნოა, როდესაც გუნდს მნიშვნელოვანი გოლებით ეხმარები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში და ძალიან სასიხარულო გახლავთ ინგლისში დაბრუნება და მოგებაც, აქ ყოველთვის განსხვავებული შემართებით ხარ. არის ფეხბურთელების ტიპი, რომლებიც უფრო შთაგონებულნი და მოტივირებულები არიან, როდესაც ფანები მათ ობსტრუქციას უწყობენ. ეს ცოტათი უფრო მეტ სტიმულს გაძლევს. ასეა ჩემს შემთხვევაში.

ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, გუნდი მშვენივრად სარგებლობდა "სიტის" მიერ დატოვებული სივრცით და უამრავი მომენტი შევქმენით,მეტის გატანაც შეგვეძლო" - განაცხადა მატჩის გმირმა.

ბრიტანული პრესა კი გაივსო სათაურებით და სოციალურ ქსელშიც ხშირად შეხვდებოდით მსგავს სათაურებსა და ხუმრობებს - "სუარესი ისევ იკბინება", "სუარესმა "სიტის" უკბინა", "სუამ მეტოქეს ორჯერ უკბინა", "სუარესმა "სიტი" დაღეჭა"...
იხილეთ ვიდეო: ლუის სუარესი კბენას ისევ აპირებდა?
Sportall.Ge

დაღეჭილი, მაგრამ არჩაყლაპული "სიტი"
"სიტის" დაცვა შეცდომებს უშვებდა, ნახევარდაცვა მართლაც დაიჩაგრა და "დაიღეჭა", თავდასხმა მოწყვეტილი იყო და სერხიო აგუეროსა თუ ედინ ჯეკოს თითქმის არაფრის შანსი ეძლეოდათ, დავიდ სილვა თითქოს მინდორზე არც ყოფილა, ხოლო სამირ ნასრი დაბნეული ბავშვივით გამოიყურებოდა.

თუმცა ეს ყველაფერი პირველ ტაიმში და "ქალაქელების" სანაქებოდ უნდა ვთქვათ, რომ ისინი არ დანებდნენ და ერთადერთი, რაც მოახერხეს, კუნის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გოლი გახლდათ. ნახსენები სილვას დიდებული პასიც არ გამოგვრჩეს. მესი და აგუერო რომ დიდი ხნის მეგობრები არიან, ალბათ, იცით - ლეო სერხიოს შვილის ნათლიაა.

აგუერომ მცირე ინტრიგა გააჩინა, ხოლო მაშინ, როდესაც "სიტის" შტურმისმაგვარი უნდა დაეწყო, მოედნიდან გაელ კლიში მიაბრძანეს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც "ეტიჰადის" ბინადარი "ბარსასთან" აწყდება ხოლმე.

თუ ისევ წინა შეხვედრებს გავიხსენებთ - მანჩესტერში "ბარსამ" 2:0 მოიგო, ხოლო "კამპ ნოუზე" 2:1 - აღმოვაჩენთ, რომ ინგლისში "სიტის" მარტინ დემიკელისი გაუძევეს, ხოლო კატალონიაში - პაბლო საბალეტა. ამ უკანასკნელმა ამჯერად წითელი არ მიიღო, მაგრამ ბოლოს ის პენალტი სწორედ მან "აიკიდა".

მოკლედ, პელეგრინიმ ისედაც პატარა სასწაული უნდა მოახდინოს, რაშიც მას დისკვალიფიკაციამოხდილი ექსბარსელონელი იაია ტურეც დაეხმარება, მაგრამ შეტევაში აქტიურობისა და ნახევარდაცვაში სიმძლავრის გარდა, მანჩესტერელებს დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღება სჭირდებათ, თორემ როგორც ხედავთ, "ბარსასთან" სამ მატჩში ამდენივე წითელი ბარათი და ორი პენალტი "დაიმსახურეს"... "კამპ ნოუზე" კი კატალონიელების გაჩერება ძალიან რთულია.

ბონი და მცირე შანსი
"სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი: "ამ მარცხმა არ უნდა გაგვტეხოს. თავისუფლად შესაძლებელია, გუნდებმა კარგად ითამაშონ და მოგვიგონ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მეორე ნახევარში ვითარება გამოვასწორეთ და აგუეროს გოლმა პატარა იმედი დაგვიტოვა. შანსი არის. ასე რომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადლობა ჯო ჰარტს მოგერიებული პენალტისთვის. ეს პირველი შემთხვევაა "ბარსელონასთან" მატჩებისას, როდესაც რაღაცაში ცოტათი გაგვიმართლა".

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც უნდა ვახსენოთ, უილფრიდ ბონია. კოტდივუარელის სამომავლოდ დიდად ეიმედებათ, მაგრამ ახლა მას, ალბათ, ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული