დორტმუნდის "ბორუსია": ეს იყო პეტერბურგში...

AutoSharing Option
"ბორუსია" "ზენიტზე" უკეთესი გუნდი რომ არის, ამაზე მატჩის წინაც არავინ დავობდა, მაგრამ რაკი იურგენ კლოპის გუნდი ბუნდესლიგაში ვეღარ "დაფრინავს", ბევრი არ ელოდა იმას, რომ დორტმუნდელები სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურს, ფაქტობრივად, გაინაღდებდნენ.

პეტერბურგში დაფიქსირებული 4:2 ისეთი ანგარიშია, კლოპს და მის შეგირდებს მშვიდად ყოფნის საშუალებას რომ აძლევს. თუმცა ამ შეხვედრაში სხვაც ბევრი რამ იყო საინტერესო.

"ჰამბურგთან" მოულოდნელი მარცხის (0:3) შემდეგ დორტმუნდელებს პესიმიზმი მიეძალათ, მაგრამ სანკტ-პეტერბურგში დაფიქსირებულმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ ვნებათაღელვა ისევ ჩააცხრო. მატჩის წინ "ბორუსიას" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე "ჰამბურგთან" წაგებაზე სათანადო
რეაქციას ითხოვდა. მიიღო კიდეც - მართალია, ვერ ვიტყვით, რომ კლოპის ბიჭებმა საუკეთესო ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ რაც ითამაშეს, სოლიდური გამარჯვების მოსაპოვებლად ეყოთ და ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან.

ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაშიც, რომ "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაში წელსაც გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე გერმანიის ჩემპიონატში. ან, როგორც "ბაიერნის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა იტყოდა, დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგის სახით მირთმეული გემრიელი ვახშამი უფრო ეგემრიელებათ, ვიდრე ისეთი პიცა ან სახელდახელოდ მომზადებული ჰამბურგერი, როგორიც ბუნდესლიგაა.

თუ ამ სეზონის მიმდინარეობას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ "დორტმუნდი" მნიშვნელოვან შეხვედრებში ძველებურად მოწოდების სიმაღლეზე დგას და პრობლემები მხოლოდ ისეთ გუნდებთან ექმნება, რომლებიც არც იქით არიან და არც აქეთ (ვოლფსბურგი, "ლევერკუზენი", "გლადბახი"); ანაც ისეთ მოტივირებულ და ტაქტიკურად მტკიცე გუნდებთან, როგორებიცაა "აუგსბურგი" ან "ჰერტა".

"გაზპრომის" მილიონებით გაძლიერებული "ზენიტი" კი ასეთ გუნდად ვერ გამოდგა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ "ზენიტს" პოტენციალი ნამდვილად აქვს, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდი რაღაცნაირად მოუმზადებელი და დაკომპლექსებული ჩანდა. იტალიელი სპეციალისტის შეგირდებს ისიც აშკარად ეტყობოდათ, რომ ბოლო 10 კვირის განმავლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდნენ.

"ამ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვართ. კარგი იყო პრესინგი, ორთაბრძოლები და მომენტები, რომლებიც "ზენიტის" კართან შევქმენით. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერი ფეხბურთი ვითამაშეთ,"
- განაცხადა მატჩის შემდეგ კლოპმა.

იურგენის ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თუ მეტოქე საშუალებას იძლევა, "ბორუსიას" ჯერ კიდევ შეუძლია იმ ფეხბურთის თამაში, რომელიც ამ კლუბში კლოპმა დანერგა და რომლითაც "შავ-ყვითლები" ზედიზედ ორჯერ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები, შარშან კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშეს. ამრიგად, "ბორუსიას" ფეხბურთი "ზენიტთან" დორტმუნდის ჩვეულებრივი ზენიტი იყო - ის, რასაც ამ გუნდისგან ყოველთვის მოველით. ვნახოთ, რა იქნება მეოთხედფინალში, თუმცა მანამდე "ბორუსიამ" საპასუხო შეხვედრაც უნდა "გადააგოროს".

რაში აჯობა ლევანდოვსკიმ მესის და რონალდოს?
"ზენიტის" კარში გატანილი 4 ბურთიდან 2 რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამ დუბლით 25 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა "ბორუსიას" ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა: ეს გახლდათ ლევანდოვსკის მე-18 გოლი "დორტმუნდის" მაისურით ევროტურნირებზე (17 ჩემპიონთა ლიგაში, 1 ევროპალიგაზე), რითაც პოლონელი ევროსარბიელზე ამ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. რობერტმა ლეგენდარულ სტეფან შაპუიზას (16 გოლი) გადაასწრო.

თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ლევანდოვსკის სხვა სტატისტიკაა: როგორც უკვე ვთქვით, მას ჩემპიონთა ლიგაში 17 გოლი აქვს გატანილი, რაც ოდენ 26 შეხვედრაში შეძლო. ასეთი შედეგით კი თავის დროზე თვით ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რაულიც კი ვერ დაიკვეხნიდნენ.

მაგალითად, მესის ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 26 მატჩის შემდეგ მხოლოდ 13 გოლი ჰქონდა გატანილი, "რეალის" ლეგენდა რაულს - 11, იბრაჰიმოვიჩს - 6. რაც შეეხება რონალდოს: რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გოლის გატანა მხოლოდ 27-ე მატჩში მოახერხა - ეს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რომას" დაპირისპირებაში მოხდა, რომელიც მანკუნიანელებმა 7:1 მოიგეს, რონალდომ კი დუბლი შეასრულა.

ჰალკმა "დორტმუნდს" თავისი თავი შესთავაზა
26 თებერვალს გერმანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც გაირკვა, მატჩის შემდეგ "ზენიტის" ბრაზილიელმა ლიდერმა ჰალკმა დორტმუნდელებს თავისი თავი შესთავაზა. ეს ინფორმაცია "ბორუსიას" კაპიტანმა სებასტიან კელმა ჟურნალ "შპორტ ბილდს" დაუდასტურა.

"ჰალკი ჩემთან მოვიდა და მკითხა, ხომ არ შეიძლება, რომ ზაფხულში "დორტმუნდში" გადმოვიდეო. ის ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ ამ ტრანსფერის დაფინანსება შეგვეძლოს,"
- აღნიშნა კელმა.

ოფიციალურად ცნობილია, რომ "ზენიტი" ჰალკს წელიწადში 6.5 მილიონ ევროს უხდის. ცნობისათვის, "ბორუსიაში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლევანდოვსკია, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს. თუმცა გადაწყვეტილია, რომ პოლონელი გოლეადორი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს და მიუნხენის "ბაიერნში" გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული