მანჩესტერ სიტი-ბარსელონა 0:2 - "ბარსა" ცალი ფეხით გასულია [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" და "ბარსელონას" დაპირისპირებამ გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა. ფეხბურთის მოყვარულები უხვგოლიან, ლამაზ და სანახაობრივ შეხვედრას ელოდნენ, ამის ნაცვლად კი ფრთხილი და მშვიდი მატჩი მიიღეს.

კატალონიელებმა მეორე ტაიმში, მარტინ დემიკელისის გაძევების შემდეგ, დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ, ისეთი ანგარიშით იმარჯვეს, რომ შეგვიძლია ვთქვათ: ამ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილია.

ორივე გუნდის მწვრთნელებმა შედარებით ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს. მანუელ პელეგრინიმ მარცხენა ფრთაზე გაელ კლიშის და ალეკსანდარ კოლაროვის სახით ორი მცველი გაამწესა, შეტევის წინა ხაზზე კი ალვარო ნეგრედო დატოვა, რომელსაც უკნიდან დავიდ სილვა უნდა დახმარებოდა.

ხერარდო მარტინომ კი პედრო არ ათამაშა და მის ნაცვლად მინდორზე ანდრეს ინიესტას უხმო.

პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან სტანდარტულის შემდეგ შეიქმნა, როდესაც სილვამ საჯარიმოში ჩააწოდა; ვიქტორ ვალდესი კი კარიდან ცუდად გამოვიდა, რის გამოც "ბარსელონას" საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, მაგრამ სიტუაცია თავად მეკარემ განმუხტა, რომელმაც ბურთს კარის ხაზზე მიასწრო.

კატალონიელებმა პირველ 45 წუთში ჯო ჰარტი ერთადერთხელ შეაწუხეს - ჩავიმ შორიდან გაისროლა, მაგრამ ინგლისის ნაკრების მეკარე ამ დარტყმისთვის მზად იყო.

შეხვედრის ბედი კი 53-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც მარტინ დემიკელისმა მანამდე ჩრდილში მყოფი ლიონელ მესი წააქცია და იონას ერიქსონისგან წითელი ბარათი მიიღო. არგენტინელთა შეჯახებისას "სიტის" მცველი წესებს კი არღვევდა და ბოლო იმედის ჯარიმის გამო გაძევებასაც იმსახურებდა, მაგრამ ფაქტია, რომ დემიკელისმა საჯარიმოს გარეთ იუხეშა, ამიტომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ სატელევიზიო გამეორებაზე გამოჩნდა.

11-მეტრიანი დაზარალებულმა შეასრულა, პირდაპირ ცენტრში დაარტყა და ანგარიშიც გახსნა.

პელეგრინიმ ცვლილებები განახორციელა და თამაშის სურათის შეცვლა სცადა, მაგრამ "ბარსამ" ბურთზე კონტროლი დააწესა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. რამდენიმე წუთში კარგი მომენტი ჰქონდა დანი ალვეშს, მაგრამ ბრაზილიელის დარტყმა ჰარტის კარს მცირე მანძილით ასცდა, კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ კი კატალონიელებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც პიკეს გოლით დასრულდა, მაგრამ ამ ეპიზოდში მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს.

გამეორებაზე კი ნათლად გამოჩნდა, რომ ოფსაიდი არ იყო და არბიტრები უკვე "სიტის" სასარგებლოდ შეცდნენ.

მასპინძელთაგან ყველაზე რეალური მომენტი დავიდ სილვას ჰქონდა, როდესაც პაბლო საბალეტას პასის შემდეგ ესპანელმა ბურთი მკერდით ჩამოიღო და ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა ვალდესს ვეღარ აჯობა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი ნეიმარის და დანი ალვეშის ბრაზილიური კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა - 0:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროა, რომ ამ წყვილში ყველაფერი, პრაქტიკულად, პირველივე მატჩის შემდეგ გადაწყდა. 0:1-ზე "სიტის" შანსი კიდევ ექნებოდა, მაგრამ "ეტიჰადზე" ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ, წარმოუდგენელია, რომ მანჩესტერელებმა საპასუხო შეხვედრაში ინტრიგა გააღვივონ.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
მანუელ პელეგრინი: პენალტამდე "ბარსას" გატანის შანსი არ ჰქონია
ხერარდო მარტინო: არ ვარ დარწმუნებული, რომ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია

დანიელ ალვეში: როცა "ბარსელონა" იგებს, ხალხი მსაჯზე საუბრობს
ვენსან კომპანი: მსგავს ჯარიმებს პრემიერლიგაში არც კი დანიშნავდნენ


ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩი
მან. სიტი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 მესი (54-პენ), 0:2 დანი ალვეში (90)
სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ხესუს ნავასი (58. ნასრი), ფერნანდინიო, იაია ტურე, კოლაროვი (58. ლესკოტი) - სილვა - ნეგრედო (74. ჯეკო)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი (86. სერხი რობერტო) - ა. სანჩესი (74. ნეიმარი), მესი, ინიესტა
გაფრთხილება: ნეგრედო, კოლაროვი - დანი ალვეში, მასკერანო
გაძევება: დემიკელისი (53. მანჩესტერ სიტი)
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 9-10 (4-7); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 46 033

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული