ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]

AutoSharing Option
ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე შეიძლებოდა თქმა, რომ "ლევერკუზენი" წყვილში აუტსაიდერი იყო. მიზეზებზე ლაპარაკი ზედმეტად მიგვაჩნია. მთავარი მაინც ის იყო, რომ პლეი ოფს სამი ჰიიპიას გუნდი ზედიზედ ორი მარცხით და ცუდ ხასიათზე მყოფი შეხვდა.

თამაში ზუსტად ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო. დებიუტშივე რამდენჯერმე მოექცნენ ყურადღების ცენტრში სიმონ როლფესი და ბლეზ მატუიდი. გამარჯვებული ფრანგი დარჩა, ვინც მეტოქეს ჯერ ბურთი წაართვა, მერე შეტევაშიც ჩაერთო და მარკო ვერატის პასით ბერნდ ლენოსთან პირისპირ დარჩენილმა ანგარიში გახსნა.

გოლის შემდეგაც კი პარიზელები, ძირითადად, მეტოქის ნახევარზე განაგრძობდნენ თამაშს.

ბურთიანი "ფარმაცევტი" მეტოქის საჯარიმოში პირველად მე-9 წუთზე გამოჩნდა და მერეც ზუსტად ორი ამდენი დრო დასჭირდა იმავე "გმირობის" ჩასადენად. ოღონდ ეს ბედნიერება ორჯერვე ძალიან ხანმოკლე გახლდათ. რისი ბრალი იყო? იმის, რომ გერმანელთა შუა ხაზი საკუთარი ნახევრიდან ბურთის ამოტანას დიდ დროს ანდომებდა ან საერთოდ ვერ ახერხებდა.

მისი მაქსიმუმი ბურთის გაჭიანურებული და არაფრისმომცემი გათამაშებები იყო. უსახური სანახაობა არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ 39-ე წუთზე უცნაურ სიტუაციაში დანიშნული პენალტით გამოაცოცხლა. ემირ სპაჰიჩი ესეკილ ლავეცის შეეჯახა. თითქოს რიგითი სათამაშო სიტუაცია იყო, მაგრამ უნგრელმა ძირს დაცემული არგენტინელის ტანჯულ სახეს უფრო დაუჯერა, ვიდრე გაკვირვებულ ბოსნიელს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტი მშვიდად გაიტანა. შვედმა რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, ამჯერად თამაშიდან და თანაც, ტრადიციულ სტილში, საჯარიმოს გარედან ძლიერი, ეფექტური დარტყმით. თამამად შეიძლება თქმა, რომ 180 წუთზე გათვლილი დაპირისპირება პირველ 45 წუთში დასრულდა. შეგვიძლია, ლორან ბლანს უკვე მივულოცოთ მომდევნო ეტაპზე გასვლა.

შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ამაზე ისევ და ისევ კაშაიმ იზრუნა. 58-ე წუთზე "პარი სენ-ჟერმენის" საჯარიმოში შტეფან კისლინგის ვარდნა უფრო მეტად იმსახურებდა პენალტს, ვიდრე ლავეცის ეპიზოდი, მაგრამ არბიტრი დუმდა. პარიზელებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე სასწრაფოდ გადაიტანეს. კონტრშეტევაზე გაქცეულ ლუკას მოურასთან ორთაბრძოლაში სპაჰიჩმა წესი კი დაარღვია, მაგრამ არა იმდენად უხეშად, რომ მეორე ყვითელი მიეღო. კაშაიმ მასპინძელი არც ამჯერად დაინდო.

დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ მხოლოდ ჩვენ არ დაგვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უნგრელის გარჯა უკეთესის სურვილს ტოვებდა. მარტო დანიშნულ და დაუნიშნავ პენალტებს არ ვგულისხმობთ. იდენტურ დარღვევებს ის აშკარად განსხვავებულად სჯიდა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს თუნდაც მატუიდისა და კისლინგის ორთაბრძოლის ეპიზოდი, როცა ფრანგს მუხლში განზრახ ჩარტყმისთვის მეორე ყვითელი უნდა მიეღო.

მსაჯის შეცდომები სტუმარი გუნდის ბრწყინვალე გარჯას ჩრდილს მაინც ვერ მიაყენებს. ანგარიშს თავი დავანებოთ, პარიზელებმა მეტოქეს აბსოლუტურად ყველა სტატისტიკურ თუ წმინდა საფეხბურთო კომპონენტში აჯობეს. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება გახლდათ იოან კაბაის გოლი. სტუმარმა ცენტრთან დაწყებული ოთხსვლიანი კომბინაციით თავბრუ დაახვია მთელ "ლევერკუზენს" და ისე დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ლორან ბლანი: ჩვენ მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩი
ლევერკუზენი-პსჟ 0:4
გოლები: 0:1 მატუიდი (3), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (39-პენ), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (42), 0:4 კაბაი (88)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, გუარდადო - როლფესი (46. რაინარტცი), ბენდერი, კასტრო - სემი (62. ვოლშაიდი), კისლინგი, სონი (46. ბრანდტი)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტ. სილვა, მაქსველი – მატუიდი (67. კაბაი), ვერატი, ტ. მოტა - ლუკას მოურა, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (76. პასტორე)
გაფრთხილება: ჰილბერტი, სპაჰიჩი, გუარდადო, კასტრო - მატუიდი
გაძევება: სპაჰიჩი (59) -
კარში დარტყმა: 5-12 (3-12) კუთხური: 4-1 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 14-6 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 29 412

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული